ფაბრიკა “ამირანის” მესაკუთრე გმირთა მემორიალთან ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტის – ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.
ავთანდილ კვარაცხელია ამტკიცებს, რომ “ქართუს” ამ პროექტის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რადგან ფაბრიკის საქმეზე გამოძიება პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება და პოლიტიკური ნების და თავისუფალი სასამართლოს შემთხვევაში ტერიტორია და შენობები კვლავ ძველ მესაკუთრეებს დაუბრუნდება.
“18 წლიანი გამოძიების თავზე ვხედავ, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ბიძინა ივანიშვილს. ჯერ წამართვა და ახლა უწყობს ხელს, რომ ამ ტერიტორიაზე ააშენოს კიდევ ცათამბჯენები. ამიტომ მე მოვუწოდებ თბილისის მერს კახი კალაძეს, პროკურატურას და სხვა უწყებებსაც, რომ ჯერ შეისწავლონ რა პროკურატურაში რა ხდება, დაამთავრონ გამოძიება და ეს ქონება მის მესაკუთრეს დაუბრუნონ ანუ მე და პენსიონერებს. არავის აქვს უფლება, ჩემი ნებართვის გარეშე აქ რაიმე ააშენონ” – ამბობს ავთანდილ კვარაცხელია
ფაბრიკა ამირანის მესაკუთრეებს სამართლებრივ დახმარებას ანტიკორუფციული მოძრაობა უწევს და ამტკიცებენ, რომ აბრეშუმის ფაბრიკა ბიძინა ივანიშვილმა რუსული კორუფციული მეთოდის გამოყენებით მიიტაცა.
შეგახსენებთ, რომ “ლაგუნა ვერესა” და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი “ქართუ” 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს
კომენტარები