რეჟისორი დათო დოიაშვილი ამბობს, რომ კუტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია, უბრალოდ ორჯერ მიიღეს წერილი, სადაც სთხოვდნენ, მთავარ ფუნქციას დაბრუნებოდნენ.
რეჟისორის თქმით, მათ ამ წერილზე გრძელი პასუხი გააგზავნეს, სადაც კარგად ახსნეს, თუ რატომ არ თამაშობდნენ სპექტაკლებს.
დოიაშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი სათხოვარი სამინისტროსადმი იყო ის, რომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებაში დახმარებოდნენ, რათა მუშაობის გაგრძელება შეძლებოდათ.
“12 სპექტაკლიდან 6-ში თამაშობდა ანდრო ჭიჭინაძე და რანაირად შეგვეძლო გაგრძელება“,- ამბობს ის.
“კომუნიკაცია გაფრთხილებაზე არ გვქონია, ორჯერ მოვიდა წერილი, სადაც გვთხოვდნენ, რომ დავბრუნებოდით ჩვენს მთავარ ფუნქციას. ამაზე გავგზავნეთ დიდი პასუხი, რომელზედაც პასუხი აღარც მოსულა. იმ პასუხში კარგად ავხსენით, თუ რის გამო არ ვთამაშობდით სპექტაკლებს. 12 სპექტაკლიდან 6-ში თამაშობდა ანდრო ჭიჭინაძე და რანაირად შეგვეძლო გაგრძელება. ერთადერთი კულტურის სამინისტროს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა, რომ ეს ადამიანი გამოეშვათ, რათა გაგვეგრძელებინა მუშაობა, რადგან არ არსებობს დღეს საქართველოში მსახიობი, რომელიც ანდროს როლზე შევიდოდა,- თქვა დოიაშვილმა “პირველ ხაზში“.
რეჟისორი ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არაფერს ნიშნავს, რადგან მისი თანამდებობა, მისივე პროფესიაა.
“ჩემი თანამდებობა, ჩემი პროფესიაა, ამიტომაც ჩვენი ხელობაა ის, რაც შეგვიძლია, რომ ვაკეთოთ და როგორც შეგვიძლია. ეს ყველაფერი შეგვიძლია ვაკეთოთ, ქუჩაში, გარეთ, საზღვარგარეთ, თბილისში და სხვადასხვა ადგილას, ასე, რომ თვითონ თანამდებობის არსებობა გარკვეული დიდი ვალდებულებებია. თუცა, როცა შეგიძლია შექმნა რაღაც თავისუფლების კუნძული, სადაც მაყურებლებს შეუძლიათ მოვიდნენ და ვესაუბროთ იმაზე, რაზედაც სხვა თეატრები არ ლაპარაკობენ, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, შესაძლოა, ამანაც გამოიწვია ის, რაც ჰქონდა ამ თეატრს,- ამბობს ის.
კომენტარები