პარტია “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებულ სამხედრო გაწვევას ეხმაურება.
ხოშტარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს მიმართა და მოუწოდა, რომ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ და “ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე არ ჩაჰყვნენ“.
“პირველი: საოკუპაციო რეჟიმი არის საერთაშორისო სამართლებრივად პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მათ ეს უფლება დაუსჯელად დავუტოვოთ. მათ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ.
მეორე: მე მინდა აფხაზებს მივმართო, რომლებიც დღეს ამ საფრთხის წინაშე არიან. დღეს რუსეთი არის კატასტროფული სამხედრო, პოლიტიკური, ისტორიული, მორალური კრახის წინაშე. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და რუსეთი პოლიტიკურ და ისტორიულ სანაგვეზე დარჩება. ეს იქნება დანგრეული ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის ნაწილი ამ ნანგრევებში არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკონტროლებთ იქ სიტუაციას, მაგრამ მოგმართავთ, მიიღეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე.
მესამე: მე მინდა ასევე მათ მივმართო, რომ არ წავიდნენ საზარბაზნე ხორცად. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ადამიანები საქართველოში მივიღოთ და მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ ყველანაირ უფლებაზე ვიზრუნოთ,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები