თერაპევტთა პროფესიული კავშირი კახა კალაძეს მიმართავს – კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, მათი მუშაობის პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერდა, რის გამოც მარტის თვეში 500-ზე მეტი სპეციალისტი გაურკვეველი ვადით ანაზღაურების გარეშე რჩება.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას, პროგრამის მომსახურებაში ჩართული დაწესებულებები მერიის მიერ დაფუძნებული არ არის და ისინი დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან. როგორც განგვიმარტეს, “მერიას შეუძლია, მხოლოდ რეკომენდაცია გასცეს აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელების მიმართ, რომ თანამშრომლები არაანაზღაურებად შვებულებაში არ გაუშვან.”
თერაპევტთა პროფესიული გაერთიანება მერიის არგუმენტებს სისულელეს უწოდებს. როგორც “ფორტუნას” ქეთი ჭონიაშვილმა განუცხადა, მერია პრობლემის შესახებ კარგად არის ინფორმირებული და იციან, რომ მათი თვიური ანაზღაურება შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით განისაზღვრება. შესაბამისად, თერაპევტთა პროფესიული გაერთიანება მერიას მოუწოდებს ჩაირიცხოს დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა სრულად მთელი იმ პერიოდის, რაც შეწყვეტილია მომსახურეობის მიწოდება.
“სამუშაო საათების რაოდენობას ვაწვდით ორგანიზაციას, რის შემდეგაც მერიას ეგზავნება თანხის რაოდენობა და ხელფასის ანაზღაურებაც ესე ხდება. მერია ძალიან კარგად არის საქმის კურში ჩახედული, ეს უბრალოდ პასუხისმგებლობაზე თავის არიდებაა, შესაბამისად მათი არგუმენტი სისულელეა, ჯიბრში გვიდგანან, სხვა არაფერი ჰქვია ამას,” – აცხადებს ოკუპაციური თერაპევტი, ქეთი ჭონიაშვილი.
შეგახსენებთ, “ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2020 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, ასევე “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის” სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში.
„ფორტუნა“
კომენტარები