გორის მუნიციპალიტეტში, ტყუპისცალი ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულის საზოგადოებრივმა ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა, მედიასთან განაცხადა:
“ძმის მკვლელობაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის განადგურებული, როგორც მან აღნიშნა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება პატიმრობაში თუ პატიმრობის გარეშე. დამერწმუნეთ, მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა. მოტივი, რომ მოეკლა თავისი ტყუპისცალი, არის აბსოლუტურად აბსურდული. მომხდარის შემდეგ თავად აქცევდა ძმას ყურადღებას, გამოიძახეს სასწრაფო. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მოხდა კამათი, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა.
იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გამოიყენა დუმილის უფლება. პროკურატურის მოტივი, თითქოს, ადგილი ჰქონდა შურისძიებას, ეს არ არის სწორი. ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მთელი ამ დღეების განმავლობაში საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის. მართალია, ეს მის მდგომარეობას არ შეამსუბუქებს, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მას მიზნად არ ჰქონია ძმის მოკვლა“
შემთხვევა სოფელ ახალსოფელში, პირველ იანვარს მოხდა. ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დანით მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.
კომენტარები