პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, რომ დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება.
განაცხადების თანახმად, ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ მითითებული მოთხოვნები, მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით.
როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 13 მარტს, შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანი-სა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისგან წერილის მიღების შემდგომ, პროფკავშირების გაერთიანებამ წერილით მიმართა მათ მიეწოდებინათ კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულყოფილად და დაუყოვნებლივ უზრუნველეყოთ დასაქმებულებისთვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება ხელფასის 60%-ის ოდენობით და ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ არსებული მდგომარეობის განხილვამდე და ჭიათურის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმის შემუშავებამდე.
შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანი-მ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ მითითებული მოთხოვნები, მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით.
მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება, როგორიცაა, დასაქმებულებისათვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურების – 60%-ის გადახდის ვალდებულება, ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება, ხელფასების ინდექსაცია თუ სხვა ბენეფიტები.
პროფკავშირები კატეგორიულად ეწინააღმდეგება კომპანიების მითითებულ ქმედებას და მიაჩნია, რომ ეს ქმედებები, ერთი მხრივ, არასამართლიანია, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს კანონისა და კოლექტიური ხელშეკრულების დარღვევას.
2025 წლის 14 მარტს პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება. მიმართვაში, მათ შორის, აღნიშნულია, რომ პროფკავშირები კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყებას, საკითხი არ ეხება მხოლოდ პროფკავშირებს, საკითხი ეხება 3500-ზე მეტ ჭიათურელ დასაქმებულს და მათ ოჯახებს.
კომპანიებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ბედის ანაბარა დატოვონ ათასობით ადამიანი და უარი თქვან მათი ვალდებულებების შესრულებაზე”,- წერია განცხადებაში.
კომენტარები