დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ენმ”-ის წევრების ნაწილი, მარნეულში, თვითმმართველობის არჩევნებს ეთიშებიან.
კერძოდ, dailyinfo.ge წერს, რომ მარნეულში „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის წევრები საარჩევნო პროცესს ემიჯნებიან და ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„გადაწყვეტილება არის ჩვენთვის ძალიან ძნელი, მაგრამ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრები არ მივიღებთ მონაწილეობას. მიზეზი არის ის რომ ბოლო დროს პარტიის რეგიონული ოფისისა და ხელმძღვანელების მხრიდან ჩვენ მიმართ იყო შეცდომა დაშვებული, ჩვენთან შეთანხმების გარეშე მოხდა რამდენჯერმე გადაწყვეტილების მიღება. არ ვტოვებთ ჩვენ პარტიას, ჩვენთვის პოლიტიკური ლიდერი ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილი და მისგან რეაგირებას ველოდებით“, – განაცხადა „ენმ“-ს წევრმა აღნიშნულ მედიასთან.
“ალია” დაუკავშირდა დავით კირკიტაძეს კომენტარისთვის, იგი გვიყვება, რომ მარნეულის მერად, თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიამ აღარ დააყენა აგილ მუსტაფაევის კანდიდატურა, რამაც, როგორც ჩანს, მისი განაწყენება გამოიწვია გარკვეულწილად, თუმცა, აგილ მუსტაფაევი, არ ტოვებს პარტიას.
“2019 წელს, აგილ მუსტაფაევი მონაწილეობდა არჩევნებში “ენმ”-ის სახელით და აიღო 11 პროცენტი, სამარცხვინო 11 პროცენტი, ასეთი შედეგი “ენმ”-ს მარნეულში ჯერ არასოდეს ჰქონია. ამჯერად განვიხილავთ 3 პირს მარნეულის მერის კანდიდატად და გეტყვით იმას, რომ ამ სამი ადამიანიდან არც ერთი არ არის აგილ მუსტაფაევი. სწორედ ეს იყო, მისი განცხადების მიზეზი.”
კომენტარები