გალის მკვიდრის, მოკლული ნათია ბახტაძის დედა ღია წერილს აქვეყნებს და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, “შს მინისტრსა” და “ომბუდსმენს” მიმართავს. იამზე აგუმავა შვილის ცხედრის მოძებნას ითხოვს და წერს, რომ მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან:
„ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა და ნათიას ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი. არ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან. დარწმუნებული ვარ, სწორედ ისინი დაეხმარნენ მას ცხედრის მოშორებაში. გთხოვთ, დააკავოთ და დაკითხოთ აინარ ცვიჟბას ახლობლები, რადგან მან აღიარა, რომ დაურეკა მამას და თქვა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. ცხედრის დამალვა მარტო მას არ შეეძლო – დანაშაულის დამალვაში ახლობლები ეხმარებოდნენ. მათ გადაწყვიტეს ცხედარი დაემალათ და სადმე ტყეში დამარხეს, იმ იმედით, რომ დანაშაულისგან თავის დაღწევას შეძლებდნენ. გთხოვთ, მოიძიოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი“, – ნათქვამია დედის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აინარ ცვიჟბა დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს, საბავშვო ბაღიდან გაიყვანა, სადაც ის პედაგოგად მუშაობდა, ავტომობილის სალონში მოკლა და შემდეგ, გვამი გადამალვის მიზნით, ენგურჰესში გადააგდო.
ამ დღის შემდეგ მოკლულ ქალს უშედეგოდ ეძებენ.
კომენტარები