„ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა დასწრებოდა.
„უნდა მოსულიყო დღეს დილით, მოგვესმინა მისი ეკონომიკური ნაწილის განმარტება, რას აპირებენ და ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტდით დაგვეჭირა თუ არა მხარი. რა იქნება პარასკევს? პარასკევს იქნება ფილოსოფიური მოსაზრებები 3 მილიარდის შესახებ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. შეიძლება 3 მილიარდი შემოვიდეს საქართველოში, ოღონდ ამას დასჭირდეს 2 წელი, დაუშვათ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ მთავრობას არ ენდობა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი ქვეყანაში საგანგებო ბიუჯეტი უნდა მოქმედებდეს.
„მოვა პარასკევი და ვნახავთ ჩვენ ამ გეგმას, მაგრამ ვიმეორებ, საგანგებო ბიუჯეტი – არსებობს ასეთი ცნება საგანგებო მდგომარეობის დროს და არა ის, რომ მთავრობა როგორც უნდა ისე დახარჯავს ამ 5%-ის ფარგლებში. არ ვენდობით უკვე მთავრობას. ჩვენ დღეს არ დავუჭერთ ამ დოკუმენტს მხარს და პასუხისმგებლობას გაკისრებთ თქვენ, ვინაიდან ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული“, – განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერაზე დღეს იმსჯელებს.
კომენტარები