ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.
– პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთში, რამაც საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების გაზრდა გამოიწვია…
– რაღა ნაწილობრივი მობილიზაციაა, მილიონნახევარი კაცი გაიწვიეს. საყოველთაო მობილიზაციაა, ფაქტიურად.
-ჰოდა, მაგის გამო ბევრი რუსი შემოვიდა საქართველოში და ბევრი გარკვეულ საფრთხეებს ხედავს ამაში.
– რუსეთს არ აქვს თავდაცვითი ომი, გაუმართლებელი, აუხსნელი ომი აქვს უკრაინასთან და ხალხს არც საზარბაზნე ხორცად უნდა წასვლა ამ ომში და არც უდანაშაულო უკრაინელების დახოცვა, მით უმეტეს, ბავშვების, ქალებისა და მოხუცებისა, რის ბრძანებასაც უკრაინაში წამსვლელები მიიღებენ. მეთაურების ბრძანებას თუ არ შეასრულებენ რუსი ჯარისკაცები, პირდაპირ ციხეში წავლენ – ამის შესახებ ახალი კანონიც კი მიიღეს რუსეთში. ყველა არა, მაგრამ ბევრი არიდებს თავს ამ უსამართლო ომს. ეს ხალხი, ვინც გაიქცა და გარბის, არსად არ გაიქცეოდა, რუსეთს რომ დასხმოდა ვინმე თავს, აიღებენ იარაღს ხელში და იბრძოლებდნენ. უკრაინის დასაპყრობად რატომ უნდა წავიდნენ, ბევრ რუსს ეს არ ესმის და სწორიც არის, რომ არ ესმის. ეს ხალხი ფიქრობს, ეს ომი არ არის ჩემი ქვეყნის ინტერესებში და არ ვარ ვალდებული, ამ ომში ვიომოო. მართალია ეს ხალხი მორალურადაც, იურიდიულადაც აქვთ ამის უფლება, საერთაშორისო კონვენციებიც მათ მხარეს არის. ამდენი ხალხი არა მარტო საქარველოს მოაწყდა, რუსეთის ყველა მეზობელი ქვეყანა სავსეა რუსებით, არამეზობელ ქვეყნებშიც ბევრნი არიან. არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრები უნდა დაკეტოს და არ შემოუშვას რუსები საქართველოში. სერიოზულად არ მიმაჩნია ისიც, ვითომ რაიმე სერიოზული პროვოკაციები მოჰყება რუსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირებას და მერე რუსეთი აქ ჯარს შემოიყვანს თავისი მოქალაქეების დასაცავად. რუსეთს თავისი გასჭირვებია, უკრაინაში ცუდად აქვს საქმე. რუსეთი ღაფავს სულს, ან გადარჩება და ან – არა. თავის პრობლემებს ვეღარ აგვარებს, ისე აქვს საქმე. საზღვრებიდან მოხსნა ჯარები და უკრაინაში გადაისროლა, ისეთ დღეში იყო რუსეთის არმია. მობილიზაცია კი მოაგვრებს ამ პრობლემას, მაგრამ მარტო ომი და ბრძოლა არ არის.ეკონომიკაც მოშლილი აქვს და დიდი დღე არ უწერია რუსეთის სახელმწიფოს ამ ფორმით არსებობას. შემოვიდნენ რუსები, ცუდი არაფერია ამაში. ცარიელ-ტარიელი არავინ მიდის, ამას ვხედავთ. დევნილებად არ ბარდებიან, რომ ჩვენ ვარჩინოთ. რაც მეტი შემოვა, მეტ ფულს დახარჯავს, გაჩნდება სხვა და სხვა სახის მოთხოვნილებები.კი, ამ დაქცეულ ეკონომიკას რუსები ფეხზე ვერ დააყენებენ, მაგრამ რამდენიმე სფეროს ცოტა შეეხიდებიან, ხალხი დასაქმდება, ყველა სახის პროდუქციის გაყიდვა გაიზრდება და მეტი ფული იბრუნებს ქვეყანაში. დროებითია, მაგრამ ესეც ერთგვარი ინვესტიციაა.
კომენტარები