არ ვიცი, რას ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება და რა ბენეფიტი მიიღო აქედან, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ჩემთვის იმის შეფასება, რაც შემდეგ ამას სოციალურ ქსელში მოჰყვა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გიორგი სანაიასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გიორგი სანაიაზე საუბარი მისთვის მძიმეა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ იგი ამ თემას სოციალურ ქსელში მყისიერად გამოეხმაურა. მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილად არ იყო სიმართლე ის, რაც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სანაიას სიცოცხლის ბოლო დღესთან დაკავშირებით თქვა.
„იმ ღამით სულ სხვა ამბავი ხდებოდა. ამას არ აქვს მნიშვნელობა. შემდეგ ძალიან მძიმე გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან განვიცადე და მთელი დღეა ვფიქრობ, რასთან გვაქვს საქმე? ერთი, რომ ამ ადამიანს სურს იყოს ყველა მოვლენის ცენტრში და ყველაფერი მას დაუკავშირდეს და სამყაროს მთავარი ღერძი იყოს. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის და მეორე, მე ვერ ავხსენი, რატომ შემეწინააღმდეგნენ, რადგან არაფერი არასწორი მე არ მითქვამს. უბრალოდ, მე ვთქვი, რომ ის [სააკაშვილი] არ იყო ჩვენთან ერთად და ეს საკმაოდ თბილი ფორმით ვიხუმრე. ნამდვილად არ იყო ჩვენთან ერთად.
არ ვიცი, რას ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება და რა ბენეფიტი მიიღო აქედან, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ჩემთვის იმის შეფასება, რაც შემდეგ ამას მოჰყვა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ გიორგი სანაია მან მიიყვანა სახლში და რამდენიმე საათში გაიგო, რომ ის გარდაიცვალა.
კომენტარები