ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
რატომ თავიდანვე, 2012-13 წლებში არ დაიწყო ეს იურიდიული პროცედურები, თუ ამას აპირებდაო, სადღაც შემხვდა ეს შეკითხვა.
არ ეჩქარებოდა და მაგიტომ.
ჯერ სიძულვილი უნდა გაეღვივებინა, უკვე დათესილი სიძულვილი.სიძულვილი მან დოზებად გადაანაწილა წლებზე – თანდათან ზრდიდა დოზას, როგორც სჭირდებოდა.
არჩევნების წინადღეს დაიწყო ეს განაწილება – საწყალი ბარბარე რაფალიანცით.ეს, სიძულვილის დათესვასთან ერთად, ერთგვარი ტესტიც იყო: მას უკვე აღმართული ჰქონდა საფრთხობელა ნაცების სახით და ამ საფრთხობელას მიაწერდა ისეთ რამეებს, წესით, ოცნების მომხრეებსვე უნდა გაჩენოდათ შეკითხვა – “ეს საფრთხობელა აქ დგას და უძრავია, ამდენ რამეს რანაირად ჩაიდენდა?”
მაგრამ შეკითხვები არ დაუსვამთ არათუ რიგით ობივატელებს, არამედ ბიძინას გვერდით უკვე მდგარ იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც მას ახლა ისე უდიერად მოიხსენიებენ, თითქოს აგერ, სულ ცოტა ხნის წინ მისი ხელით არ რწყულდებოდნენ…
მერე ბევრი მსგავსი ტესტი იყო. პროტესტის ხმა მხოლოდ მაშინ გაისმა, როცა ბიძინას მსახვრალი ხელი სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შეეხო, ყველა “კოლექტიურ ნაცმოძრაობად” მოინათლა, ხელისუფლების უზურპაცია უკვე საგარეო ვექტორსაც დაეტყო და ცხადი გახდა კიდევ ერთხელ: მას არ ეჩქარებოდა.
ის ნელ-ნელა, მისთვის მეტსახელად შერჩეული ანაკონდას მეთოდით აგრძელებდა მისი მოწინააღმდეგეების ჩაძირვასა და მოგუდვას. დროდადრო მოუშვებდა კუნთებს, დროდადრო – პირიქით.
ის გვეთამაშებოდა, ჩვენ კი დავცინოდით. ხან ხიხოს ვეძახდით, ან კომენტარებში ვწერდით: “მე <3 ქოცები”…
ის კი გვეთამაშებოდა და სწორედ იმ იდიოტური ზღაპარივით, ხან რომელ ბარტყს გადმოგვიგდებდა და ხან რომელს.
ერთხელ იმდენად “გვეკაიფა”, რომ ჩვენს ბღავილზე: “ერთი ბარტყი გადმოგვიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებთო”, ის ბარტყი მართლა გადმოგვიგდო, მერე ისევ წაგვართვა და სულაც ჩიტების გუნდის მეთაურად დაასახელა.
მას ჩვენი არ ეშინოდა, რადგან გვიმკლავდებოდა თავისი ხელის ხარებებით, ხელის სხვა ბიჭებით, პროპაგანდის მანქანებით, გამპრავებლებით, გამშავებლებით და ტროლ-ბოტებით.
პროტესტი მან ვერასდროს დაამარცხა, მაგრამ გადადო, დაშალა: ხალხი ერთმანეთს დაატაკა, ერთმანეთი შეაძულა.
ეს კაცი მართავს სიძულვილით.
ეს კაცი თავადაა სიძულვილი.
დააკვირდით მის სახეს, როგორ ივსება ყველა ნაკვთი, ყველა კაპილარი სიძულვილით, როცა მისთვის ანგარიშგასაწევზე, საძულველზე ლაპარაკობს (მაგალითად, გაიხსენეთ, როგორ სახეს იღებს, როცა ეროსი კიწმარიშვილზე ეკითხებიან (ცოცხალი იყო მაშინ).ამ კაცს მხოლოდ ისინი მოსწონს, მხოლოდ მათ ენდობა, ვისაც მის მსგავსად ან უფრო ძლიერ სიძულვილი შეუძლია.
ამიტომაა მისი მუდმივი ფავორიტი თეა წულუკიანი. ამიტომ არა ჰქონია მასთან კონფლიქტი არასდროს და არც ექნება. ამიტომ ანდო მას თავისი საბოლოო მიზანი, რისთვისაც ის დიდ პოლიტიკაში მოვიდა – გაასამართლოს საქართველო და აქციოს ის ისევ “ორღობის ქვეყნად”, როგორც ადრე აქვს ნათქვამი.
არა, მას არ ეშინია ასეთი აქციების, მაგრამ ყველაფერი ისე მიდის, რომ ის მიიღებს იმას, რისიც მართლა ეშინია.
აი, მერე რა როგორ იქნება, ეს უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული და არა მასზე.
დიდება საქართველოს,
დიდება გმირებს,
თავისუფლება პუტინის პირად პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება რომა შამათავას
და ამ რეჟიმის ყველა, უკლებლივ ყველა ტყვეს!
კომენტარები