ირინე გოგოსაშვილი
როგორია ჩვენი ევროპაში მოღვაწე კოლეგების აზრი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და რას უყვება ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ,,ალიას“…
– გამარჯობა გიორგი! გაგვიზიარე როგორც შენი, ისე ჩვენი ევროპელი კოლეგების მოსაზრება 5-6 ივლისის თბილისში დატრიალებულ მოვლენებზე?
– მივესალმები „ალიას“ და „ალიას“ მკითხველებს! მადლობა თქვენს რედაქციას ყურადღებისთვის, რომელსაც მუდამ ვგრძნობ.. ევროპიდან დანახული საქართველოს მოვლენები არც თუ სახარბიელოა. თუმცა არაერთგვაროვანი, პროფესიიდან გამომდინარე მე ხომ, ყველაფრის კითხვა, მოსმენა და ყურება მიწევს და თუ ევროპელმა.მემარცხენეებმა დაგმეს პრაიდის ჩაშლა, აქაურ ულტრამემარჯვენეების ნაწილს საპირისპირო რეაქცია ქონდათ, ევროპა ხომ, საქართველო არაა, აქ ნებისმიერ პოლიტიკურ მიმართულებას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი ისე რომ, მოწინააღმდეგე მხარემ ჯვარზე გააკრას. ასე რომ, შეფასებები მართლა ყველანაირი მოვისმინე და წავიკითხე.
მე რას ვფიქრობ? მე ჟურნალისტი ვარ და ჩემმა ნებისმიერმა შეფასებამ შეიძლება უფრო მეტად დაძაბოს ისედაც დაძაბული მდგომარეობა, ამიტომ ერთს ვიტყვი – ძალადობა ჩემთვის მიუღებელია, მითუმეტეს ჟურნალისტებზე ძალადობა! ასევე მიუღებელია ტრადიციების, ეკლესიის დისკრედიტაცია, ასევე მიუღებელია, როდესაც პატრიარქი გთხოვს, რომ დადგე და ილოცო და ამ დროს შენ ჟურნალისტებს სცემ, ეს არც რელიგიურია, არც მორალური და არც ეთიკური.
რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ აზრსაც, რომ ქართული მედია სცოდავს. ჩვენ 2006 წლიდან ვიდრე დღემდე, სრულად დავანგრიეთ ქართული ჟურნალისტიკა. დავივიწყეთ ჟურნალისტიკის ყველაზე ელემენტარული სტანდარტები. არ შეიძლება ჟურნალისტი ვინმეს ან რამეს იარლიყებს აკრავდეს. მითუმეტეს როდესაც მიტინგზე მიდიხარ გასაშუქებლად, სადაც დიდი ალბათობით, მოსალოდნელია არეულობა, ჟურნალისტი მხოლოდ ფაქტის მოყოლით უნდა იყოს დაკავებული. რა გგონია, ჩვენი „ყვითელი ჟილეტები” აგრესიულები არ არიან? არიან და მერე როგორ, მაგრამ, ზუსტად იმას ვცდილობთ, რომ ამ „გაბრაზებულ” მასას ხახაში არ ჩავუვარდეთ, მოვერიდოთ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმსაც, რომლებიც ასევე გამოირჩევიან აგრესიით. მოქნეული და მოზომილი ვის უნახავს? ..
თუმცა ის, რაც 5 ივლისს მოხდა, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დავუშვათ და, ჟურნალისტები იყვნენ აგრესიულები, მომიტინგეები იყვნენ აგრესიულები, შე მამაცხონებულო, ხო უნდა ჩააყენო პოლიცია შუაში და წესრიგი დაიცვა?!.
ვნახე კადრები, სადაც ორი მღვდელმსახური მიარბენინებს აგრესიულ მასაზე გადაფარებულ ჟურნალისტს და მიყავს პოლიციელებამდე, რომლებიც სადღაც 200 მეტრის იქეთ დგანან მოვლენების ეპიცენტრიდან..
აი, ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ამ შემთხვევაში და არა სხვა ვინმესი. გარდაიცვალა ტელეოპერატორი და არაა ახლა საჭირო იმაზე ლაპარაკი, სად მოხდა ეს, ან რა ვითარებაში? .. მთავარი ისაა, რომ ეს ბიჭი სისტემის მსხვერპლი გახდა. ზუსტად იმ სისტემის რომელიც სამწუხაროდ ამ ბოლო 18 წელიწადში ავაშენეთ!
– სამყაროში ყველაფერი შედარებითია და ასე განსაჯე, თბილისში გამართული ცემა-ტყება, თუნდაც შარლი ებედოს მიერ მუჰამედის შეურაცხობის და მუსლიმი სარწმუნოების ფრანგულენოვანი მოსახლეობისგან განსხვავებით, სულ სხვა იყო, როგორც აგრესიის, ისე მასშტაბის მიხედვით…
– კი ბატონო, შარლი ებდო გვყავს საფრანგეთში და შარლი ებდოზეც მეტად მარგინალური მედიაც მაგრამ, დემოკრატიის კანონები ასეთია, ნებისმიერ აზრს, მიმართულებას და მედიას აქვს „ყოფნის” უფლება, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არ მოგვწონს. სხვათაშორის შარლი ებდოს, როცა მათ პირველად გამოაქვეყნეს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა, ზუსტად კათოლიკე მრევლმა უჩივლა და სასამართლოც მოუგო. მე, რა თქმა უნდა, შარლი ებდოს არ ვამართლებ და არც ერთი ფრანგი არ ამართლებდა მის მოქმედებას მაგრამ, ზუსტად იმ ხალხმა გააპროტესტა მერე მომხდარი ტრაგედია, რომლებიც ამ გამომცემლობას აკრიტიკებდნენ იმიტომ, რომ ძალადობა არ შეიძლება. სულ ესაა და ეს.
საერთოდაც, ევროპაზე, სამწუხაროდ, ძალიან არასწორი წარმოდგენებია საქართველოში, ევროპული საზოგადოება, საკმაოდ ტრადიციული და კონსერვატიულია ძირითადად, მაგრამ საქართველოში რატომღაც სხვა სურათს გვიხატავენ, ულტრამემარჯვენეებიც და ულტრამემარცხენეებიც, რომლებმაც სამწუხაროდ, ლიბერალები დაირქვეს. ლიბერალიზმი საბედნიეროდ. სხვა რამეა, ლიბერალიზმს მთავარი პრინციპი ხომ გახსოვს – “ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებების დარღვევა“. და საქართველოში რას ვხედავთ? დიახ, საპირისპიროს. პარლამეტში ჩხუბს, აყალმაყალს, შევარდნებს, შემოვარდნებს და ეს ყველაფერი მერე ინიღბება „გამოხატვის თავისუფლებით“, უკაცრავად და ეს გამოხატვის თავისუფლება აღარა, ამას სახელი აღარ ჰქვია. ასე არ უნდა იქცეოდეს არც ჟურნალისტი და არც პოლიტიკოსი მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ სამწუხაროდ 18 წელია ამ მახინჯ სისტემას ვაშენებთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან არც ევროპულობასთან, არც ლიბერალიზმთან, არც გამოხატვის თავისუფლებასთან და არც არაფერთან. აბა, ნახეთ, ევროპულ მედიას საქართველოს ამბების გაშუქებისას იარლიყები არავისთვის არ მიუწებებია, იმიტომ, რომ ევროპული მედიის ეთიკა და მორალი გვიკრძალავს როგორც „მოძალადე და სიძულვილის ჯგუფების” ძახილს, ასევე „გაუკუღმართებული, სექსუალური ორიენტაციის ადამიანების” პირდაპირი ეთერიდან ყვირილს. ამიტომ, ასეთი შეფასებების გაკეთება შეუძლიათ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ანალიტიკოსებს მაგრამ, არამც და არამც ჟურნალისტებს, ამიტომ, ევროპულ პრესაში, ყველაზე ულტრამემარცხენეშიც კი, ყველაზე მძაფრი ეპითეტი იყო „აგრესიული მომიტინგეები“ ან „მემარჯვენე რადიკალები“.
– კი ბატონო, მაგრამ ხომ ხედავ, რომ სიტუაციის დაწყნარება ვერ ხერხდება? სად არის გამოსავალი, შენი აზრით?
– გამოსავალი? თუ პოლიტიკურ გამოსავალზე მეკითხები, მე ერთადერთ გამოსავლად ვადამდელი არჩევნები მიმაჩნია, თუ ჟურნალისტიკაზე, აქ ცოტა რთულად გვაქვს საქმე, საჭიროა ჟურნალისტიკის სწავლა თავიდან დავიწყოთ, ელემენტარული ჟურნალისტიკის ანბანიდან, შევქმნათ, საერთო ეთიკის ნორმები, ისეთივე როგორიც არის გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, პოლონეთში.. სხვაგვარად, ვივლით ამ მოჯადოებულ წრეზე და ვიქნებით ასე…
კომენტარები