ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე, გუშინ, 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებას ეხმაურება და წერს:
რატომ დღეს?
ბინა, რომლიდანაც დღეს ყოფილი მესაკუთრე გაასახლეს, 2018 წლიდანაა ახალი მესაკუთრის, კერძო მევახშის, ოფიციალურ მფლობელობაში. საკუთრივ გამოსახლების პროცესიც უკვე წლებია გრძელდება, მაგრამ ფიზიკურად გამოსახლება მხოლოდ დღეს “მოხერხდა”. რატომ?სწორედ დღეს – საარჩევნო 2024 წლის იანვრის ცივ, თოვლიან დღეს – გადაწყვიტა სახელმწიფომ, 60-მდე პოლიციელის მობილიზება აღსრულების ბიუროს დასახმარებლად, რათა თბილისის ცენტრში 40 ათას ლარად ხელში ჩაგდებული 108 კვადრატული მეტრის ფართის ბინა გადაეცა “კანონიერი” მფლობელისთვის. რატომ ახლა და არა მანამდე? და, საერთოდ რატომ გადაწყვიტა ამ, თითქოსდა თავისივე თავის დამაზიანებელი ნაბიჯის გადადგმა მმართველმა ძალამ. ქოცნების ძლიერი პოლიტიკური ნება რომ არა, რამდენიმე ათეულ პოლიციელს იქ რა შეკრებდა?მაგიური სიტყვა – “არჩევნები”.ანეკდოტია – გამოუცდელი მონადირე გამოცდილს ეკითხება, დათვი თუ გამოგვეკიდა, გავექცევით? ჩვენზე სწრაფად ხომ დარბისო? გამოცდილი პასუხობს, არაა აუცილებელი დათვზე სწრაფად ირბინო, საკმარისია, სხვა მონადირეებზე სწრაფად ირბინოო.კი, ზედაპირულად რომ შევხედოთ, მმართველი ძალაა დღევანდელი გამოსახლების შემოქმედი და თვითდაზიანებას ჰგავს ეს ყველაფერი, მაგრამ, თუ არანაკლები პოლიტიკური დარტყმა მის მთავარ კონკურენტებსაც მიადგა, ეს “თვითდაზიანება” ძალიანაც რაციონალური ხდება.და მართლაც ასეა. ის, რაც დღეს კეკელიძის ქუჩაზე მოხდა (და ხვალ-ზეგ კიდევ რამდენიმე უბანში განმეორდება), პოლიტიკურად ყველაზე მეტად სწორედ ოპოზიციას აზიანებს. დღეს საქართველოში მცირე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მკაფიოდ მემარჯვენეა. დღევანდელ ამბავზე რეაგირების ორი გზა აქვთ, ცუდი და უარესი – ან პირში წყალი უნდა დაიგუბონ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ანდა ხმამაღლა უნდა თქვან, დიახ, სწორი იყო რაც სახელმწიფომ გააკეთა, მსესხებლის უპასუხისმგებლობის ბრალია ყველაფერიო – ესაა, რასაც მათი პოლიტიკური ფილოსოფია ითხოვს. საკუთარი თავის გარდა, სხვას რომ ვერავის დააჰიპნოზებენ ამით და მათი (პოტენციური) ელექტორატი ამით რომ არ გაიზრდება (და პირიქითაც, რომ დაიბერტყება), ცხადია. მემარჯვენეობის თეორიული ხიბლი, ცოტა არ იყოს, ხუნდება რეალური ადამიანების რეალურ უბედურებას როცა ცხადად უპირისპირდება.ლელო არის ერთადერთი შედარებით დიდი ოპოზიციური პროდასავლური პარტია, რომელიც აქტიურად “მემარცხენეობს”, რაც, მისი შექმნის ისტორიისა და დაფინანსების წყაროს კონტექსტში, ზოგადადაც, ცოტა არ იყოს, ანეკდოტურია, დღევანდელ ამბავთან მიმართებაში კი, საერთოდ – travesty, აბსურდი. ნებისმიერი ჭეშმარიტად მემარცხენე პროევროპელი პოლიტიკოსი დღეს კეკელიძის ქუჩაზე იდგებოდა. ევროპის ცენტრალური იდეა ის არის, რომ ასეთი რაღაცები – ცივ, თოვლიან დღეს 3 თვის ჩვილის ბინიდან ქუჩაში გაგდება – არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება ვცდები, შემისწორეთ თუ ასე არაა, მაგრამ არცერთი აქტიური “მემარცხენე” პოლიტიკოსი დღეს კეკელიძის ქუჩაზე არ მისულა. კი შეიძლება გააკეთოს ლელომ რამე განცხადება (შეიძლება უკვე გააკეთა კიდეც, არ ვიცი), მაგრამ ამ განცხადებაზე პასუხი რომ მეტწილად “ჰაჰა” იქნება, ეგეც ნათელია.
მშრალი პოლიტიკური შედეგი: დაზიანდა პროდასავლური ოპოზიცია. დაზიანდა ქოცნებაზე მეტად, რომელიც დღევანდელი არაადამიანური გამოსახლების შემოქმედია. ქოცნებამ მოიგო. 1:0
კომენტარები