რაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის „ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა Youtube-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება, სავარაუდოდ, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ვლადიმირ ევტუშენკოვს. აუდიოჩანაწერის ავთენთურობა დაუდგენელია.
ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქციებულთა სიაში მიმდინარე თვეს შეიყვანა.
არახამია „ტელეგრამის” არხზე აცხადებს:
ქართველი ხალხი მხარს უჭერს ომში უკრაინის გამარჯვებას, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება, მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. ამ კავშირს ადასტურებს ივანიშვილის ახლახან გამოქვეყნებული ჩანაწერები.
საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა არის კრემლის მითითებების შესრულება. ეს არის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ მათი რიტორიკის; რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების არაღიარების და სანქციების გვერდის ავლის გზით რუსეთისთვის დახმარების გაწევის.
დღეს ივანიშვილი ქართველ იანუკოვიჩად გადაიქცა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. უნდათ ქართველებსა და უკრაინელებს შორის გაჩაღდეს დაპირისპირება, რომელიც ათწლეულს გასტანს. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის აქტივებზე დასავლეთში სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
კომენტარები