პროფესორი გია ნოდია:
„გავბედავ და არამკითხე მოამბის სტატუსით ერთხელაც ჩავერევი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეებში (ქვეყნის ძირითადი ოპოზიციური პარტიის ბედი ყველას გვეხება, ჩემი აზრით). ის, რომ ლიდერობის კრიზისი გადაწყდება კონკრეტული და გამჭვირვალე პროცედურის, არჩევნების გზით, მისასალმებელი და იმედისმომცემია.
მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არჩევნები უნდა ემყარებოდეს დისკუსიას პარტიის განვითარების ხედვებს შორის. ის, ვინც ნიკა მელიას გადაყენებას ითხოვს, კონკრეტულად უნდა ამბობდეს, რა მოლოდინები ვერ გაამართლა მან და, შესაბამისად მისმა შემცვლელმა განსხვავებულად რა უნდა გააკეთოს. სხვაგვარად, პროცესის შინაარსი გაუგებარია: უბრალოდ, რაკი მიშა საქმეებს ჩამოშორდა, ვიღაცეები ერთმანეთს დაერივნენ. მარტო ესაა?
სამწუხაროდ, მე არ შემხვედრია პუნქტობრივი ჩამონათვალი, ლანძღვის და ხელების შლის გარეშე, თუ რა არის ის, რაც ნიკა მელიას უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა. ეჭვი არ შემაქვს, რომ მის მიმართ საფუძვლიანი პრეტენზიები არსებობს, მხოლოდ ის მაინტერესებს, ასეთი ჩამონათვალი ვინმეს თუ გაუკეთებია და სად ვნახო.
ერთი ალტერნატული კანდიდატისგან, გიორგი მუმლაძისგან, ის გავიგე ჯერჯერობით, რომ ენმ-მ ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთოს ქუჩის პროტესტებზე და ამ პროტესტების მიზანი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება. აქედან გასაგები ხდება მელიას მიმართ ძირითადი პრეტენზიაც. ჩემი აზრით, ეს მცდარი პრიორიტეტია და პარტიას მხოლოდ დაასუსტებს (რაც ან ნიშნავს, რომ მიშას განთავისუფლება არ მინდა ან ქუჩის პროტესტს არ ვთვლი ბრძოლის ლეგიტიმურ ფორმად). თუმცა, მე ვინ მეკითხება: მთავარია, გამოხატავს ეს ადამიანი, გიორგი მუმლაძე, მელიას მიმართ პრეტენზიების ძირითად არსს? თუ სხვა საკითხებია ძირითადი? თუ საკითხები საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ მელია ცუდი ტიპია?“
კომენტარები