ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.
– ბატონი კახა, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა და არ ფიქრობთ, რომ ბელარუსი მალე აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ?
– ლუკაშენკო არ არის უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, ლუკაშენკოს პუტინის ერთ-ერთი მინისტრზე ან მრჩეველზე მეტი წონა აღარ აქვს. მან დაასრულა მოღვაწეობა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტმა. ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც პუტინის ვიზიტი აფხაზეთში და პუტინს ჰქონდა მოლაპარაკებები სეპარატისტების ლიდერებთან. ეს ვიზიტი ჩვენთვის სასარგებლო რომ არ იქნება და კარგს არაფერს მოასწავებს, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ეს „მოლაპარაკებაც“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და სეპარატისტების ამ ლიდერებს იმად წარმოაჩენს, რაც არ არიან – მართლა პოლიტიკოსებად და მართლა დამოუკიდებელ ფიგურებად. რეალურად, პუტინი რასაც უბრძანებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, იმას გააკეთებენ სიტყვის შეუბრუნებლად.
– ამ ვიზიტის შემდეგ, აღიარებს ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას?
– როგორც ჩანს, სწორედ ამის სურვილი აქვს პუტინს. ამას უბრძანებს პუტინი ლუკაშენკოს და დღეს ლუკაშენკოს აღარ აქვს ის ძალა, რომ მას წინააღმდეგობა გაუწიოს. ადრე ახერხებდა ამას ლუკაშენკო, აქამდე არ აღიარა ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ახერხებდა, დაებალანსებინა ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის და ამის წყალობით, ირიდებდა ამას თავიდან. ახლა, რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა. ეს შანსი, ეს ბალანსი სრულად დაკარგა ლუკაშენკომ და ამ ომში გახდა რუსეთის ერთადერთი სამხედრო მოკავშირე. ლუკაშენკო გახდა პუტინის გოშია და დასავლეთი მას სერიოზულად აღარ აღიქვამს.
– ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის მერე, საქართველოს ხელისუფლება მარტო განცხადებებით შემოიფარგლა და კიდევ რა უნდა გააკეთონ?
– მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? მეტი რა შეუძლია? იმ განცხადებების გაკეთებაც არ შეუძლიათ ნორმალურად, რაც გააკეთეს. ახლა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, დიპლომატები ევროპას, ამერიკას უნდა იყვნენ მოდებულნი, უცხოეთში ჩვენი საელჩოები 24 საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდნენ, დღეს და ღამეს უნდა ასწორებდნენ, რათა ისევ დასავლეთის დახმარებით, იქნებ მოახერხონ და ლუკაშენკოს უარი ათქმევინონ აფხაზეთის აღიარებაზე, ან სხვა ბერკეტები გამონახონ საამისოდ. თუმცა, ეს არ და ვერ მოხდება. ჩვენი ხელისუფლება მთლიანად დამოკიდებულია პუტინზე და პუტინი არ მისცემს ამ აქტიურობის უფლებას. არანაირი განსხვავება ლუკაშენკოსა და ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის არ არის.
კომენტარები