ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.
– ბატონო ზაზა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი გაიყო. ერთი ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილმა, როგორც ჩვეულებრივმა პატიმარმა, ისე უნდა მოიხადოს სასჯელი, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ყოფილი პრეზიდენტია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს. ზოგი უფრო შორს მიდის და ევროპულ სტანდარტებს მოითხოვს მისთვის. სახლში მოიხადოს საპატიმრო ვადა, ციხეში არ უნდა იჯდეს, როგორც ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებისა და პრემიერ–მინისტრების შემთხვევაში ხდებაო. თქვენ რას იტყვით?
– კანონის თანახმად რომ ვიმსჯელოთ, სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაში შესულია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი. აქედან გამომდინარე, საქართველოში, როდესაც ადამიანის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული განაჩენი, არ არსებობს სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანს სასჯელის მოხდა შეეცვალოს შინა პატიმრობით. ასეთი რამ საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობს. შესაბამისად, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. ეს არის კანონი. თუმცა, ციხეში უნდა ჰქონდეს ნორმალური პირობები, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს, „კანონიერმა ქურდებმა“ და სხვა ტიპის „კრიმინალურმა ავტორიტეტებმა“ არაფერი ავნონ და ამისგან დაცული უნდა იყოს. ვიზიარებ, რომ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს მეტი დაცვა, რადგან ის იყო პრეზიდენტი და ამ ქვეყნის მთავარსარდალი.
– ბევრი ფიქრობს, რომ რაც ხდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება სააკაშვილის მიმართ.
– კი, ასეა. 6 წელი აქვს მისჯილი სააკაშვილს და მოახდევინე ეს სასჯელი. თუ კიდევ დაუმატებს სასამართლო, ისიც მოახდევინე. ოღონდ, ეს ისე გააკეთე, რომ ნუ დაარღვევ მის უფლებებს, მოიხადოს ისეთ პირობებში, რომ მისი პატივი და ღირსება არ იყოს შელახული. ერთის მხრივ ჩვეულებრივი პატიმარია სააკაშვილი, მაგრამ ექს–პრეზიდენტი და ყოფილი მთავარსარდალია ეს კაცი და მოახდევინე სასჯელი განცალკევებულ საკანში. ეს საკანი უნდა იყო დაცული და უნდა ჰქონდეს ნორმალური საკვები და სამედიცინო მომსახურება. არ უნდა მოექცე სააკაშვილს ისე, როგორც მისი რეჟიმი ექცეოდა პატიმრებს. ეს შურისძიებაა და ეს ხელისუფლება შურისძიებაზე მაღლა უნდა დადგეს. არავის არ უნდა მოექცე ისე, როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტება არ ესმოდა სააკაშვილს, არ ესმის არც ივანიშვილსა და არც მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
– ბევრი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ მთელ ამ პროცესში, ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლება წაგებული დარჩა და ვინც ამას ამბობს, სხვებთან ერთად, ორ ფაქტორს უსვამენ ხაზს. ერთი, რომ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ მშიშარა არ არის და მეორე, რომ პრინციპების გამო მას თავის გაწირვა შეუძლია და ეს შიმშილობითაც დაამტკიცაო. თქვენ რას იტყვით, რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი?
– ჩემი აზრი ცოტა სხვაა, ამ ყველაფერზე. ვინაიდან ადამიანი ციხეშია, თავს შევიკავებ და ამ აზრს არ გამოვთქვამ. მე არ მგონია, რომ სააკაშვილი გაბედული ადამიანია. 2008 წელს, როდესაც ცხინვალი იბომბებოდა და გორში იყო სააკაშვილი, თვითმფრინავმა გადაიფრინა, საფრანგეთის საგარეო მინისტრი კუშნერი ფეხზე იდგა და ის მიწაზე ფოფხავდა. სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, კარგავდა გავლენას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე და კარგავდა გავლენას, ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაზე“. ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქ ცოტა სხვა თამაში მიდის. პოლიტიკა ბინძური თამაშია და ბევრი რამ არავინ იცის, ის, რაც პოლიტიკის კულუარებში ხდება. ბევრი დრო უნდა გავიდეს, რომ შენს კითხვებს პასუხი გაეცეს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მეეჭვება, რომ ძალიან მაგარია, გაბედულია და იმიტომ ჩამოვიდა.
კომენტარები