“ანიტას ამბავი გრძელდება და სწორედ ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, სიკეთისა და სასწაულების მოსაწყობად” – ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში “ანიტასთვის” გავრცელდა.
მათი ცნობებით, ანიტას მშობლები კიდევ ერთხელ ესტუმრნენ ლომისას წმ. გიორგის სახელობის ბავშვთა თავშესაფარს. ოჯახის ახლობლები საზოგადოებას მოუწოდებენ, ვაკეთოთ კეთილი საქმეები ანიტას სახელით.
“რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხათ, ვიტყოდი, რომ ამ ჯგუფში აღარ მინდა წერა… მაგრამ თქვენმა ერთიანობამ, იმან რომ აგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას უსაზღვრო ძალა შეგვმატა…მოგვენატრა თქვენთვის სიახლეების გაზიარება!
მინდა გითხრათ, რომ არაფერი არ დასრულებულა! ანიტას ამბავი გრძელდება და სწორედ ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, სიკეთისა და სასწაულების აურზაურის მოსაწყობად!
ანიტას დედიკო და მამიკო დღეს კიდევ ერთხელ ესტუმრნენ ლომისას წმ. გიორგის სახელობის ბავშვთა თავშესაფარს!
ამ საოცარი ადგილის შესახებ ანიტელებისგან შევიტყვეთ და ახლა, ამ უსაყვარლესმა ბავშვებმა და მათმა გამზრდელებმა, ჩვენს გულებში დიდი ადგილი დაიკავეს.
მართლა აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვები ძალიან ლაღები და ბედნიერები არიან, ამისთვის დიდი მადლობა ადამიანებს, ვინც მათ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნეს და ყოველდღიურად სითბოს და სიყვარულს არ აკლებენ.
თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, მოინახულოთ პატარები, მისამართია:პაპავების ქ. # 2
გახსოვდეთ, რომ ყველას შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება!ამ ბავშვების მიმართ გამოჩენილი ყურადღება, არამარტო მათ, არამედ თქვენც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ!” – წერენ ჯგუფში.
კომენტარები