დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, თქვა:
“როდესაც ჩვენ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ, პარალელურად, არაჩვეულებრივი ევროპული ერი მტრის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ იბრძვის. ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ უკრაინელ მამაც ხალხს დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა აქვს.
ისინი არაფერს ითხოვენ გარდა იმისა, რომ საკუთარ მშვიდობიან და თავისუფალ მიწაზე იცხოვრონ, ვისაც იგივე სურს საკუთარი ქვეყნისთვისაც, იზიარებს ვალდებულებას, რომ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით იდგეს.
რუსეთის შეჭრიდან 75-ე დღეს, უკრაინელები იბრძვიან დაუღალავი სიძლიერით და სიმამაცით, კიევზე რუსეთის შეტევებს იგერიებენ და მსოფლიოს აჩვენებენ, რომ არცერთი რაოდენობის ჯარს არ შეუძლია აჯობოს ადამიანებს, რომელთა გადაწყვეტილებაა თავისუფლება.
დიდი ბრიტანეთი ამაყია, რომ უკრაინელი მეგობრების გვერდით ომის დაწყების დღიდან დგას. მათ ვაწვდით ჯაველინებსა და სხვადასხვა ტექნიკას, რომ მტრის თავდასხმა მოიგერიონ როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერსა და წყალში. ასევე, ჩვენ მათ 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი ეკონომიკური, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ.
როდესაც ეს ტანჯვა დასრულდება, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის აღდგენასა და სამომავლო თავდასხმისგან თავის დაცვაში დაეხმარება.
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მინდა ვთქვა, არასდროს ვყოფილვარ ასეთი დარწმუნებული, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული და კვლავ აღდგება. ბრიტანეთი იქნება უკრაინის გვერდით იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.”
კომენტარები