,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,დევნას, ტანჯვას, ჩაგვრას, სიკვდილს გამოქცეული ადამიანების დანახვისას, მუდამ ერთი და იგივე ხმა ჩამესმის: “ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ” (მათე 25:35).
თავშესაფარის მაძიებელთა შესახებ მსჯელობისას, მუდამ თვალწინ წარმომიდგება მთებში დაკარგული ზვიადაური, რომელიც შავი ნისლისგან, ქარიშხლისგან, მგელივით აღმუვლებული ხევისგან, სიბნელისაგან, უგზაობისგან იხსნა ჯოყოლამ, თავისი კარი გაუღო, ნანადირევი გაუნაწილა და სიცოცხლის ფასად შეეცადა მის დაცვას.
რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ გადაარჩინა გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ და მთელმა დასავლეთმა რამდენიმე უმამაცესი რუსი ოპოზიციონერი, ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ, რამდენი რამ გააკეთეს ევროპელებმა და ამერიკელებმა უსამართლოდ დაპატიმრებულთა დასახსნელად და მათთვის თავშესაფრის მოსაპოვებლად.
რა ხდება ამ დროს საქართველოში?
ილჰამ ალიევის დიქტატურას გამოქცეულ ადამიანებს საქართველოდან ევროპაში გამგზავრების საშუალებასაც არ ვაძლევთ. აქ დროებით მყოფ დევნილ აზერბაიჯანელებს კი მუდმივი შიში აქვთ, რომ მათ ან ოფიციალურად დააპატიმრებს ქართული სახელმწიფო და უკან დააბრუნებს (რაც წამების გაგრძელებას ნიშნავს), ან უცნობი პირები ქუჩაში მოიტაცებენ, თავზე ტომარას ჩამოაცვამენ და მეორე დილას ბაქოში გაიღვიძებენ (საქართველოს სახელმწიფო კი იტყვის, აზრზე არ ვართ ჩვენი საზღვარი როგორ გადაკეთა ამ პირმაო).
არავინ ითხოვს კონფლიქტს ჩვენს მოძმე აზერბაიჯანთან! არავინ ითხოვს თბილისის გადაქცევას ჰეიდაროვიჩის საწინააღმდეგო პლაცდარმად!
ვითხოვთ სულ ცოტაოდენ ქრისტიანობას, უძველესი ეროვნული ტრადიციის ელემენტარული პრინციპების დაცვას და ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანს წამებისთვის, უკანონო პატიმრობისთვის, პოლიტიკური ნიშნით ჩაგვრისთვის არ გაიმეტებს… აზერბაიჯანის მთავრობის მოთხოვნებს პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით არ უნდა დავემორჩილოთ, ამის თავი უნდა გვქონდეს. აი, სუვერენიტეტის საკითხი!
თავისუფლება აფგან სადიგოვს!”
კომენტარები