თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მედიასთან საუბრისას სრული სიცრუე უწოდა გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი რუსულნომრიან ავტომანქანებს არ აჯარიმებს.
მისივე თქმით, მძღოლის დაჯარიმების შესაძლებლობა პარკირების ოპერატორ კომპანიას მხოლოდ მძღოლის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში გააჩნია.
„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მითითება აქვთ თანამშრომლებს, რომ უცხოური და განსაკუთრებით, რუსულნომრიანი მანქანები არ დააჯარიმონ. ეს არის სრული ტყუილი. საათობრივი პარკირების სისტემა ახალი აწყობილია და პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე, არა მხოლოდ რუსეთიდან,
ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან უცხოურ ნომრებზე, პერსონალურ მონაცემებზე დაშვება საერთოდ არ აქვს. რეალურად, მანქანას ხომ არ აჯარიმებ, აჯარიმებ ფიზიკურ პირს, ვინც არის მესაკუთრე. შესაბამისად, იმ ელექტრონული მოწყობილობებით, რომელსაც ფლობენ ჩვენი ოპერატორები, ვერ იღებენ ინფორმაციას უცხოური მანქანების მფლობელის ან შემომყვანის შესახებ. როდესაც მძღოლი ადგილზე არაა, ვერ ხდება ამ მონაცემების მიღება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას აქვს წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე და მხოლოდ ისინი აჯარიმებენ. თუ მძღოლი ადგილზე იმყოფება, ჯარიმა ჩვეულებრივ გამოიწერება.
კატეგორიულად გამოვრიცხავ და მცდარია ინფორმაცია ჯარიმების არგამოწერასთან დაკავშირებით. ეს არის ტყუილი და ჩემი აზრით, ამ ვიდეოს გამავრცელებელმა ცოტა მეტი სოციალური და საჯარო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როცა ასეთი ნარატივით ინფორმაციას ავრცელებს. მსგავსი ინსტრუქცია არ არსებობს, არავის თავში არ მოსვლია, რომ რუსულ მანქანას ჯარიმა არ გამოუწეროს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთ მოქალაქეს თბილისის პარკინგის თანამშრომელი ეუბნება, რომ შშმ პირის საპარკინგე ადგილას გაჩერებულ მანქანას ვერ აჯარიმებდა, რადგან მას რუსული ნომრები ჰქონდა.
კომენტარები