ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დაიწყო თუ არა კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღა?
რატომღაც ეს კითხვა ხშირად ისმის და ბევრს მოწონს ეს „ტალღების“ თემა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინებს სინამდვილეში არავითარი აზრი არა აქვს. რას ნიშნავს მეორე ტალღა? დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის ეპიოდემიოლოგიური/სამედიცინო ტერმინი. ამიტომ არც მისი ოფიციალური განმარტება არ არსებობს.
ამ ტერმინში გულისხმობენ ისეთ მდგომარეობას, როდესაც აღინიშნება შემთხვევათა მკვეთრი აღმავლობა, შემდეგ ინფექცია გადადის კონტროლირებად ფაზაში და რჩება მხოლოდ ერთეული შემთხვევები, შემდეგ კი ხელახლა იწყება შემთხვევების მკვეთრი მატება. ასე მოხდა, მაგალითად, ევროპის ზოგიერთ ქვეყენაში.
ჩვენთან ამ ტალღებზე ლაპარაკი ცოტა უადგილოა, ვინაიდან ჩვენ დასაწყისიდან აგვისტომდე შემთხვევათა ძალიან დაბალი, დაახლოებით თანაბარი დღე-ღამური მაჩვენებელი გვქონდა, ანუ ე.წ. პირველი ტალღა დიდი ციფრებით და შემდგომი ნორმალიზებით ჩვენთან საერთოდ არ ყოფილა და ეპიდემიოლოგიური მრუდი პრინციპში თანაბარი იყო მინიმალური მერყეობებით.
ახლა კი შეინიშნება შემთხვევების გარკვეული მატება, რაც, როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდება და გვექნება აღმავლობა და არა ე.წ. მეორე ტალღა.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ის, რაც ახლა ხდება, გამაოგნებელი და უცნაური სულაც არ არის. გასაგებია, რომ როდესაც ჩაკეტილია ყველაფერი და მერე გახსნი, შემთხვევები მოიმატებს, რადგან საქართველო არ არის სხვა პლანეტაზე და სანამ ვირუსი დედამიწაზე ცირკულირებს, ჩვენს ქვეყანაშიც შემოაღწევს. მუდმივად ჩაკეტილები ვერ ვიქნებით და ეს აღმავლობა მეტ-ნაკლები სიმწვავით ქვეყანათა უმრავლესობას ქონდა ან მომავალში ექნება. მთავარია, შემთხვევების ეს მატება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით და ზარალით გადავიაროთ.
ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აღშფოთებულია იმით, რომ ისევ არ ცხადდება მკაცრი რეგულაციები/ჩაკეტვა. ერთხელ ხომ უკვე ვნახეთ, რომ ჩაკეტვა მხოლოდ დროებით გადაავადებს აღმავლობას და როგორც კი შევასუსტებთ რეგულაციებს, ისევ მივიღებთ ამ ე.წ. ტალღას (პირველია თუ მეორე, რა მნიშვნელობა აქვს). თუმცა ამ ადამიანების პოზიციაც გასაგებია – ბუნებრივად უჩნდებათ კითხვა, თუკი გაზაფხულზე, ერთეული შემთხვევების დროს ყველაფერი დავხურეთ და შევაჩერეთ, თუკი ბევრად ნაკლები შემთხვევების პირობებში მარნეული დიდი ხნით გვყავდა ჩაკეტილი და ახლახანს მესტიაც მივაკარანტინეთ, ახლა რა შეიცვალა, რატომ გავხდით ასეთი „შვედურები?“ რატომ არის ბათუმის აფეთქება უფრო მართვადი ვიდრე მესტიის? კარგი იქნებოდა ამაზე ცოტა მეტი განმარტებები მივცეთ ჩვენს საზოგადოებას, რადგან სრული გაუგებრობა სუფევს.
ასევე ვერ ვხვდები, რას ეყრდნობა ის პროგნოზი, რომ ოქტომბრის ბოლოს ველოდებით მეორე ტალღას? რომელ მეორე ტალღას ველოდებით და რომელი მოდელირებით დადგინდა ეს? კარგი იქნებოდა, ამასთან დაკავშირებითაც ცოტა მეტი განმარტებები მოვისმინოთ, თორემ სრულიად გაუგებრად გაისმის ეს პროგნოზი და ზოგიერთ ადამიანს სერიოზულ შიშს გვრის ოქტომბრის ბოლოს მოსალოდნელი ეს გაურკვეველი „ტალღა“.
იქნებ შევეშვათ ამ „ტალღებს“ და გაუგებარ პროგნოზებს, თუ გვიკეთია, ნორმალურად გავიკეთოთ ეს პირბადე (მითუმეტეს რომ ახლა აგრილდება და უფრო ადვილი გახდება, შეიძლება ცხვირ-პირის დათბუნვა ცოტა გვესიამოვნოს კიდეც;) და მაინცდამაინც ნუ მივეხუტებით ერთმანეთს. სიმპტომების შემთხვევაში ნუ დავიმალებით, ჩავიტაროთ ტესტირება და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. არავითარი კატასტროფა არ გველოდება“
კომენტარები