დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
დაივიწყეთ “შერიგების პოლიტიკა”.
ეს არის უსარგებლო ფაცი-ფუცი, რაღაცის კეთების იმიტაცია და ფუჭი ხარჯი, ფულის, ენერგიის, დროის… დავაკვირდეთ – 30 წელია ვურიგდებით აფხაზებს და რაც უფრო მეტს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, მით უფრო ღრმა ჩიხში ვიხლართებით.
არანაირი შერიგება და ძალისხმევა ამ მიმართულებით საჭირო არ არის.
ადამიანები ყოველთვის პოულობენ საერთო ენას, როდესაც მათ უჩნდებათ საერთო ინტერესები. არავინ არ ისურვებს მისი შვილისთვის მტრებით გარემოცულ უპერსპექტივო გარემოს. ყველა მშობელისთვის შვილი უდიდესი მოტივაციაა. თაობები იზრდება, გამოსავალი აუცილებლად მოსაძებნია.
ასეთივე ქიმიაა ერებს და სახელმწიფოებს შორისაც. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები – ოდინდელ მტრებს გეოპოლიტიკური ინტერესები აერთიანებთ, საქართველოს სჭირდება თურქეთი, თურქეთს სჭირდება საქართველო. უკეთესი ხვალინდელი პერსპექტივისთვის ჩვენ ვივიწყებთ წარსულის წყენას და ვიხედებით წინ.
აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაშიც ანალოგიური სურათია – რაც უფრო ნაკლებად გავხედავთ უკან, მით უფრო ნაკლებად წამოვკრავთ ფეხს.
დღეს აფხაზებს კონკრეტულად უდგათ რუსული დილემა, ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან ტოქსიკური “მეგობრობა” მათ სასიკვდილო პერსპექტივას უქადის.
ახლა სწორედ ის მომენტი დგას, როდესაც აფხაზებმა თვალნათლივ უნდა იხილონ, თუ ვინაა მათი თანამდგომი და გულშემატკივარი.
ახლა ჩვენგან დაყოვნება, ან ისევ წარსულში ქექვა, გამოუსწორებელი შეცდომა იქნება.
არავითარი “მოდით შევრიგდეთ!”, არამედ – “რუსეთი ვერ წაიღებს ერთ გოჯ მიწასაც აფხაზეთში!”
როგორ მოვიქცეთ?
ადეკვატურად გამოვეხმაუროთ მათ სამართლიან აღშფოთებას, მივაწოდოთ რუკები, გავიტანოთ მათი ხმა საერთაშორისო არენაზე, დავეხმაროთ ინფორმატიულად, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ რუსული ოკუპაციის (ბოლო წლების ანექსიის) შედეგები!
მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა.
ამ ყოველივეს შემდეგ ურთიერთობების აღდგენა გაცილებით მარტივი იქნება. თუკი ერთმანეთში “დავლაგდებით”, რუსეთთან პოლიტიკური ბრძოლაც გაგვიადვილდება.
ახლა გვაქვს შესაძლებლობა ისტორიის მსვლელობა დავაბრუნოთ ბუნებრივ და ლოგიკურ კალაპოტში.”
კომენტარები