საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კანონიერებასა და ოპოზიციის პროტესტის შესახებ „ალიას“ ესაუბრება პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ლილუაშვილი.
– გიორგი, პირველი კითხვა იმით დავიწყოთ, აღიარებთ თუ არა არჩევნების შედეგებს?
– ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა. შესაბამისად, არჩევნების შედეგებსაც არ ვაღიარებ, რადგან ამისთვის თანასწორუფლებიანი გარემო პირობები არ იყო შექმნილი. საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს ისეთი, რომ გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები არ იყვნენ დისკრიმინირებული. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაცია აღმოჩნდა დისკრიმინაციაში.
– რაში გამოიხატა ეს დისკრიმინაცია?
– რაში და, პირდაპირ საარჩევნო კოდექსში იყო გათვალისწინებული კვალიფიციური და არაკვალიფიციური ორგანიზაციები. კვალიფიციურ ორგანიზაციებს უფრო მეტი პრივილეგიები აქვს. არაკვალიფიციურ ორგანიზაციებს, როგორიცაა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველო“, დაფინანსება არ ეძლევა, შესაბამისად, ისმის კითხვა, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობდა არჩევნები? ასეთ პოლიტიკურ გარემოში გვიხდებოდა ბრძოლა არათანაბარ პირობებში. ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ჭეიშვილი ციხეში იყო და მას არ მიეცა საშუალება კანონით მინიჭებული წინასაარჩევნო აგიტაცია და შეხვედრები ეწარმოებინა ამომრჩევლებთან.
– ხელი რამ შეუშალა?
– ხელი შეუშალა ამ კანონმდებლობამ, რომელმაც დატოვა პატიმრობაში და ახალი პოლიტიკური პატიმარი შეემატა ჩვენს ქვეყანას. ახლა რომ ერთ ამბავშია ნიკანორ მელია, მას ხომ შემაკავებელი ღონისძიების სახით ჰქონდა სამაჯური. მას ეკრძალებოდა წინასაარჩევნოდ მიტინგებზე, ხალხმრავალ ადგილებზე და შეკრებებზე ყოფნა, რადგან ჰქონდა სამაჯური, მაგრამ ხელისუფლებამ მის მიმართ არ გაატარა არანაირი სამართლებრივი ღონისძიებები. სასამართლომ მოუხსნა სამაჯური და მხოლოდ თანხა გაუზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არის შერჩევითი სამართალი.
-მაშინ გამოდის, რომ თავად ხელისუფლებას აწყობს, რომ ნიკა მელიამ მიიღოს ამ პროცესებში მონაწილეობა?
– რა თქმა უნდა, დაუსჯელობის სინდრომი, რაც ხდება ოპოზიციური ძალების მიმართ, ეს არის შეთანხმებული მოქმედება. დეპუტატობის კანდიდატ შალვა ჭეიშვილის შემთხვევაში, ის ციხეში ჰყავთ უკანონოდ. ის ცენტრალურმა კომისიამ დაარეგისტრირა. მაშინ რატომ დაარეგისტრირა, თუ მას არ მიეცემოდა საშუალება საარჩევნო აგიტაცია ეწარმოებინა თავის ამომრჩევლებთან? მისი ბრალეულობა არ არის დამტკიცებული, არ არის გასამართლებული, წინასწარ პატიმრობაში ჰყავთ, განაჩენი არ არის გამოტანილი, ხოლო მელია, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებაში იყო ეჭვმიტანილი და პარლამენტში შეჭრა ბრალდებოდა, ახლაც იმავეს აკეთებს, იბრძვის სახელმწიფო გადატრიალებისთვის, მაგრამ მას სათანადოდ არ სჯიან.
– რატომ არ სჯიან?
-რატომ და გარიგებული არიან და ჩვენ სპექტაკლს გვაყურებინებენ, ესენი ერთად დადგმულ სპექტაკლს თამაშობენ.
– რეჟისორი ვინ არის?
– ვინ არის და – ბიძინა ივანიშვილი. ის, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს იქნა შემოღებული – კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიებად დაყოფა, „ოცნების“ ხელისუფლებამ ისევ ძალაში დატოვა. გვეგონა, გააუქმებდა. თუნდაც ვადამდელი არჩევნების ჩატარება არსებული კანონმდებლობით, ისევ იგივე გაყალბების საფუძველი იქნება.
-თუ გაყალბებულია არჩევნები, მაშინ ის პარტიები, რომლებიც ამას ამტკიცებენ, რატომ ითხოვენ დაფინანსებას?
-მათი მოთხოვნები ალოგიკურია. არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით და ახალი კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შემუშავებაში ყველა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
-ეს პარტიები, რომლებიც ახლა ერთად დგანან, ხშირად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. დღეს რომ ერთად დაირაზმნენ, ეს რამ განაპირობა? მხოლოდ არჩევნების გაყალბებამ?
– არა, ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ. ხელისუფლებაში არაერთხელ იყვნენ მოსული და რაც გააკეთეს, იმას იმკის ქართველი ხალხი. დღეს არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ დაუყენებია კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენის საკითხი, გარდა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციისა.
-რატომ?
– რატომ და ყველა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ვინც აპროტესტებს არჩევნებს, აქტიურად მონაწილეობდა ანტიკონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებებში. ბევრი მათგანი ხუნტის გვერდით იდგა. ჯერ პირველი პრეზიდენტი განდევნეს და შემდეგ შევარდნაძის ტირანიის სამსახურში ჩადგნენ, მერე ჯალათი სააკაშვილის სამსახურში იყვნენ, მერე ივანიშვილმა გააგრძელა და ის, რაც დღეს ხდება, ხუნტის გაგრძელებაა. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის გარდა, არცერთი პოლიტიკური პარტია არ იბრძვის ხუნტის გასამართლებისთვის და შესაბამისად, კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენისთვის. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან ეს ბატონები და ქალბატონები. მათ სიებს „ალიას“ ფურცლები არ ეყოფა, რომლებიც ანტიკონსტიტუციური გადატრიალების მოთავენი იყვნენ. დღესაც ესენი დაწანწალებენ ქუჩებში და ისევ კონტრრევოლუციის გზით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. არჩევნები რომ კანონიერად ჩატარებულიყო, ესენი მაინც იმავეს გააკეთებდნენ. თუ სააკაშვილმა 7 ნოემბერს გვირტყა, ის იარაღი ბიძინა ივანიშვილის ნაყიდი იყო. ბურჯანაძე სააკაშვილთან ერთად არ იყო? 26 მაისს ბურჯანაძემ არ მიიყვანა სასაკლაოზე მშვიდობიანი ადამიანები? პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პიონერი ირაკლი ოქრუაშვილი არ არის? ვითომ „აღმაშენებელ“ ვაშაძეს ჩხარტიშვილი არ აფინანსებს? მისი ერთი ბილბორდის ფასი ერთ ვილას იყიდის. ჩემმა პარტიამ პლაკატები ვერ დაბეჭდა, ან ელისაშვილი ვინ დააფინანსა? რატომ ხდება ამ ადამიანების გაპიარება მუდმივად ტელევიზიით? მე მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი და როდესაც ჩამონათვალს აკეთებდნენ ტელევიზიით, საერთოდ არ მახსენეს. არც დებატებში მეძახიან. ამათმა თავიანთი ტელევიზიებით ერთად გააყალბეს ეს არჩევნები. რაც დღეს ხდება, ეს სცენარი არჩევნებამდე იყო დაწერილი. მათ არჩევნებამდე ხელოვნურად შექმნეს 11 პარტია.
– ვინ არიან ესენი? დავაკონკრეტოთ.
-1. „რეფორმერი“, 2. „შეცვალე საქართველო“, 3. „საქართველოს ხალხთა ერთობა გაერთიანებული დემოკრატიული საქართველოსთვის“, 4. „ქართული მარში და ეროვნული მოძრაობა“, 5. „ალეკო ელისაშვილი და მოქალაქე“, 6. „ჩვენ საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, 7. „არჩევანი სამშობლოსთვის“, 8. „ქართული არჩევანი“, 9. „საქართველოს განვითარების პარტია“, 10. „პროგრესი და თავისუფლება“, 11. „საქართველოს ფესვები“. ეს პოლიტიკური ორგანიზაციები რომ დაარეგისტრირა ცესკომ, მაშინ პანდემიის გამო შეზღუდვები იყო ქვეყანაში. დახურულ სივრცეში 10 კაცზე მეტი ვერ შეიკრიბებოდა, ხოლო ღია სივრცეში – 200 კაცზე მეტი. პარტიის რეგისტრაციას სჭირდება სულ მცირე 300 კაციანი კრება და მას ნოტარიუსი ამოწმებს, რაც შესაბამისად, დაუშვებელი იყო, რადგან კანონი კრძალავდა. როდესაც საჯარო რეესტრში შევიდა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები, საჯარო რეესტრი ხომ ვალდებული იყო შესაბამისი უწყებისთვის გაეგზავნა დოკუმენტები, დაეჯარიმებინათ 15 ათასი ლარით იურიდიული პირი, ხოლო ფიზიკური პირები – 2-2 ათასი ლარით. ახლა რომ ახალ რეგულაციებს იღებენ განმეორებით, რატომ მაშინ არ დააჯარიმეს ეს ხალხი? მაგრამ შერჩევითია სამართალი და მაშინ თვითონ ხელისუფლებამ დააფარა ხელი ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მაშინ არა ერთი იურიდიული პირი იქნა დაჯარიმებული. ისინიც კი, რომლებიც ყანაში იყვნენ გასული სამუშაოდ.
-გიორგი, თქვენ რამდენი ხმა მიიღეთ?
– ამ წუთის მონაცემებით 1188 ხმა დაგვიწერეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ ციფრს კიდევ მოაკლონ. როდესაც თავიდან დათვლა დაიწყეს, 1500 ხმა გვქონდა. მას შემდეგ კიდევ უფრო მეტ ბიულეტინებს ითვლიდნენ, იმის მაგივრად, ამ ციფრს კიდევ მომატებოდა, პირიქით, გვაკლდებოდა. ისინი იმ მონაცემებს აქვეყნებდნენ, რაც წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული. 84 ტელევიზია იყო აკრედიტირებული. სულ რამდენიმე ტელევიზიამ გაგვაშუქა. ეს იყო „ჯი ემ ტივი“, „ტვ-12“ და აჭარის ტელევიზია. დანარჩენმა ტელევიზიებმა არც გაგვიკარეს და დაგვყვეს კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიებად. საზოგადოებრივმა არხმა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება, ჩვენი დისკრიმინაცია მოახდინა.
– სამომავლოდ რას აპირებთ?
-ბრძოლას სამართლებრივი გზით. გვყავს თანამოაზრეები და ყველანაირად ვეცდებით, დავამარცხოთ ეს მონსტრები.
– კონკრეტულად, ვის გულისხმობთ, ვინ არიან მონსტრები?
– ვინ და „ნაცები“ და „ქოცები“ და მათთან გაიგივებული პოლიტიკური ორგანიზაციები. ვინმეს არ ეგონოს, რომ ამ პერიოდმა დიდხანს გასტანოს. ეს პოლიტიკური გარემო მალე უნდა შეიცვალოს, თუ არადა, სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ. ჩვენი ქვეყანა დღეს ნეოკოლონიალურ მდგომარეობაშია და ის ქართველ ხალხს არ ეკუთვნის, თავისი ნების გამოხატვის უფლება წართმეული აქვს, რაც ანტიდემოკრატიულმა არჩევნებმა დაადასტურა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თვითგამორკვევისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპით. ადამიანები ნაცების, ქოცების და მათი სატელიტების აქციაზე კი არ უნდა წავიდნენ, არამედ თვითონ უნდა შექმნან მათგან დამოუკიდებელი პლატფორმა. კარგა ხანია, ჩამოყალიბდა საერთო ეროვნული საგაფიცვო კომიტეტი და ადამიანები მერაბ კოსტავას ეზოში იკრიბებიან, მაგრამ ამას არ აშუქებს არცერთი მედიასაშუალება. უნდა მოვითხოვოთ კონსტიტუციური სამართლიანობა, რომელიც პირველ რიგში დააყენებს ანტიოლიგარქიულ, ეკონომიურ და სოციალურ მოთხოვნებს, აქტიურად დაუპირისპირდება ნეოფაშიზმს, რომლებიც რევანშს აპირებენ…
ნანა სულავა, ალია
კომენტარები