იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მთავარი პრობლემა კორონავირუსია, ქართული პოლიტიკური სპექტრი მაინც მომავალ არჩევნებზე ფიქრობს. ეს მაშინ, როცა შესაძლოა ამ ვირუსის გამო, არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს. ქვეყანა ძალიან ახლოს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან და თუ ასე მოდება, მოგჭამათ ჭირი წინასაარჩევნო კამპანიამაც და ზოგადად, არჩევნებმაც. ეს რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მხოლოდ თეორია და ვარაუდებია, მაგრამ მეორეს მხრივ, შესაძლოა ხელისუფლებას აწყობდეს კიდეც არჩევნების 2021 წლისთვის გადატანა და თან იმ პირობით, რომ 2021 წელს ერთდროულად ჩატარდეს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ანუ მოქმედ პარლამენტს ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდეს. ამ თემაზე სამთავრობო კულუარებში გაკვრით იყო საუბარი, თუმცა სანამ რეალობის წინაშე არ დადგებიან, მანამდე ხმამაღლა არავინ არაფერს იტყვის. ამიტომ, არსებულ რეალობაზე ვიმსჯელოთ.
ოფიციალურად, ხელისუფლება და ოპოზიცია კი შეთანხმდა, რომ არჩევნები 120/30 და 1%-იანი ბარიერის პრინციპით ჩატარდება, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი მემორანდუმია და არა საკანონმდებლო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. ამ ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება და რამდენად დაუჭერს მხარს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულ კანონს ცალკე უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო უმცირესობა, სხვა საკითხია. არავინ მალავს, რომ უმრავლესობის დეპუტატთა უმრავლესობას კანონი არ მოსწონს, რადგან 73 მანდატი ადვილი გადასანაწილებელი იყო, დეპუტატთა ამბიციებიც მარტივად დაკმაყოფილდებოდა, ახლა კი, ეს ციფრი ორჯერ და უფრო მეტჯერაც არის შემცირებული და ყველა ხვდება, რომ მაჟორიტარობა კი არა, სიაში მოხვედრაა მთავარი, ოღონდ გამსვლელ სიაში, იქ კი ადგილები ძალიან, ძალიან შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, არსებობს მოსაზრება, რომ თუ მოქმედ დეპუტატებს რაიმეს არ დაპირდებიან, ისინი კანონს ჩააგდებენ და ეს იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული შეთანხმების არ მიღების შემთხვევაში, ევროპამ და ამერიკამ „ქართული ოცნების“ წევრები შესაძლოა, არასასურველ სტუმრებად გამოაცხადონ და ისინი არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე არ დაპატიჟონ და უბრალოდ, საკუთარ ქვეყნებში შესვლა აუკრძალონ.
„რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არგუმენტი, რომ კანონის ჩაგდების შემთხვევაში, საპარლამენტო დელეგაცია ევროპასა და ამერიკას ვერ გაეკარება, წონიანი არ არის. დეპუტატებს არ აინტერესებთ მოგზაურობა, მათ აინტერესებთ ადგილებზე საკუთარი ძალაუფლება და ამიტომ, ისინი კატეგორიულად ითხოვენ, რომ მათი ამბიციები დაკმაყოფილდეს. რაც მთავარია, მათ არ სურთ არც მინისტრის მოადგილის პოსტი, არც დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მათ მხოლოდ დეპუტატის მანდატი სურთ და მორჩა“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
გასულ კვირას უმრავლესობის დეპუტატებთან რამდენიმე არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა. დღეის მონაცემებით, ოპოზიციის სრული მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აგროვებს, რადგან დეპუტატებმა გაბედეს და ბიძინა ივანიშვილსაც კი უარი უთხრეს მორჩილებაზე. ისიც სათქმელია, რომ რამდენიმე ურჩ დეპუტატს ივანიშვილმა პირადად დაურეკა და ზუსტად ორწუთიანი საუბრის შემდეგ აზრი შეაცვლევინა, მაგრამ მისმა ზარმა ყველასთან არ გაჭრა.
„დადასტურებულად გეუბნებით, რომ რამდენიმე დეპუტატზე მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს გენერალურ პროკურატურას და ურჩობის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აუცილებლად აღიძვრება. დეპუტატებმა ეს იციან, მაგრამ მაინც არ სჯერათ, რომ ხელისუფლება ამაზე წავა, რადგან ამ პირობებში, ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მაინც ვერ მოაგროვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას დეპუტატების დაჭერის ნაცვლად, მათთან მოლაპარაკება ურჩევნია. ამიტომ, უმრავლესობის ლიდერები ერთგვარ ჩიხში არიან და გამოსავალი შესაძლოა სწორედ კორონავირუსი იყოს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
რა შუაშია კორონავირუსი?! საქმე ისაა, რომ პარლამენტი აქტიურად განიხილავს დისტანციურად მუშაობას და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ხმის მიცემაც დისტანციურად მოდება. პროგრამის შედგენა უკვე დაწყებულია და რაღა თქმა უნდა, მისი მართვის სადავეები სწორედ პარლამენტში იქნება. ჰოდა, ხელის მარტივი მოძრაობითა და ამ პროგრამის მეშვეობით, პარლამენტმა შესაძლოა ისე მიიღოს ახალი კანონი, რომ რეალურად, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. მერე, როცა ეს მოხდება, მმართველი გუნდის წევრები იძულებული გახდებიან თქვან, რომ მათ ხმა არ მიუციათ, რაც უცილობელ სკანდალს გამოიწვევს, ამ სკანდალზე კი ურჩი დეპუტატებიც ვერ წავლენ, რამეთუ მათ უეჭველი ციხე დაემუქრებათ, კანონი კი ხელების გადაგრეხვითა თუ რომელიმე პროგრამისტის ვირტუოზული მოქმედებით, მიღებული იქნება. საკუთარი მოსაზრების გარდა, ურჩ დეპუტატებს ხომ იმის მტკიცებაც მოუწევთ, რომ ხმა ნამდვილად წინააღმდეგ მისცეს და იმავე პროგრამისტს „მარტივად“ შეეძლება იმის დამტკიცება, რომ დეპუტატები „ცრუობენ“ და რეალურად მწვანე ღილაკს დააჭირეს. მოკლედ, უმრავლესობის წევრებს შორის სერიოზული არეულობაა და ასე განსაჯეთ, რამდენიმე მათგანი კობახიძისა და თალაკვაძის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზეც კი არ მივიდა. ისინი კატეგორიულად მოითხოვენ ივანიშვილთან შეხვედრას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი ვირუსის გამო სახლიდან პრაქტიკულად არ გადის და შეხვედრებსაც თავს არიდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამომავლო გარანტიების მიღება დეპუტატების ნაწილს სწორედ ივანიშვილისგან სურს და არა სხვა ლიდრებისგან, რაც ჯერჯერობით შეუძლებელია.
ანი დვალიშვილი
ალია №10
კომენტარები