კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე:
არჩევნების მითვისების წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა
როგორ მოხდა ისე, რომ ცესკოს შედეგების მიხედვით ქართულმა ოცნებამ 1 119 908 ხმა და შედეგად 89 მანდატი მიიღო? დღეს ეს ცენტრალური კითხვაა, რომელზე პასუხიც ხსნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის საარჩევნო ნაწილის ფუქნციონირების ლოგიკას. გვანახებს, როგორი ჩამპალი და გარყვნილია ის და რომ ასეთი გამარჯვება უზურპაციაა.დღეს კონცენტრაცია კენჭისყრის დღეზეა, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო და არჩევნების ბედი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გადაწყდა. მანიპულაციების ჯაჭვმა კენჭისყრის დღეს რომ გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა, ოცნების ყალბი გამარჯვება გახადა შესაძლებელი.
ამაზე შეიძლება გვითხრან, თუ ყველაფერი არჩევნებამდე იყო გადაწყვეტილი, მაშინ საერთოდ რატომ მიეცით ხმა? ოპოზიციამ რატომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში? თუ მართლა ასე ფიქრობდით აქამდე, გეთქვათ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, ეს არჩევნები წინასწარ მანიპულირებული და სანამ პრობლემები არ გამოსწორდება იქამდე ის ლეგიტიმური არ იქნებაო. ახლა რომ წააგეთ მაგიტომ გინდათ მაგიდის აყირავება – ესაა ოცნების მთავარი არგუმენტი.
ამ არგუმენტს სჭირდება პასუხი და ეს პასუხი ასეთია: არჩევნების დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა დაგვანახა, რომ მანიპულაციის ყველა ის მეთოდი, რომელსაც იყენებდით ეფექტიანი იყო, ხოლო ყველა დაზღვევა, რომელიც ვითომ კანონში ჩაწერეთ, ან ცესკომ შეიმუშავა – ფარსი. ეს არჩევნების დღეს გახდა ცხადი. არჩევნების დღეს გავიგეთ რომ იყენებდით მეთოდს რომელსაც ვერაფრით დავაზღვევდით, რომ ყველა ჩვენი მცდელობა წინნაღვდგომოდით თქვენს მანიპულაციას უსარგებლო იყო. ეს ცხადი გახადა ელექტრონული ხმის მიცემის წესის ფარულობის დარღვევამ და საია ძალიან სწორად იქცევა, როდესაც ყველა იმ უბანს (ხმების 90%) ასაჩივრებს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.
მთელი ეს პერიოდი, ცესკო და ხელისუფლება საჯაროდ გვარწმუნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ჩვენ იგივეს ვაკეთებდით ამომრჩევლებთან შეხვედრისას და ვამტკიდებდით რომ შეუძლებელია ვინმემ გაიგოს მოქალაქის არჩევანი. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია და სურვილის შემთხვევაში ყველა საინტერესო ხმის აღრიცხვა შეიძლება.
ეს, ცხადია, იცოდა ხელისუფლებამ და როცა ადამიანების არჩევანით მანიპულირებდა წინასაარჩევნოდ მოსყიდვით, გადმობირებით თუ დაშინებით სწორედ ფარულობის დარღვევით აშანტაჟებდა მათ. ეუბნებოდა, რომ მისი ხმა ფარული არ არის და თუ გაბედავს და ოპოზიცის მისცემს ხმას ეს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდება. არჩევნების დღეს გავიგეთ, რომ ეს მუქარა რეალური იყო.
სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა საბოლოო წერტილი დაუსვა ამ არჩევნების კანონიერების შესახებ მსჯელობას და ის არალეგიტიმურად აქცია.
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ არჩევნები ფარული არ იყო, ყველა ის მეთოდი, ინსტრუმენტი, გზა თუ საშუალება რომელიც აქამდე მხოლოდ გამკლავებად ან მახევრადეფექტურ მანიპულაციად აღიქმებოდა, რეალურ მუქარად, არჩევნების გაყალბების თვალნათელ მტკიცებულებად იქცა. ფარულობა ზოგადადაც გადამწყვეტი პრინციპია არჩევნების, მაგრამ ჩვენთვის ცნობილ მანიპულაციებთან კორეალციაში, ის ფარდას ხდის არჩევნების გაყალბების ისტორიის მთავარ ღერძს და სრულიად აქრობს ყველა კითხვის ნიშანს.
თუმცა ერთში კი მართალია ქართული ოცნება, როცა კითხულობს ასეთ არჩევნებში რატომ მიიღეთ მონაწილეობაო. ამ ქვეყანაში აღარ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც მანიპულაციის იმ მეთოდებს დასაშვებად მიიჩნევს და ეგუება, რომელსაც ქვემოთ ჩამოვთვლი.
ყველაფერი იწყება მაშინ, როცა არჩევნებში გამარჯვებული პარტია საჯარო სამსახურის საკუთარი მომხრეებით დაკომპლექტებას იწყებს. ამით ბიუროკრატია რომელიც ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს დიდწილად პარტიის მსახური ხდება. და ეს არ არის მხოლოდ არჩევნების დღეს ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემა. ეს მოიცავს სოციალურ მედიაში თუ რეალურ სივრცეში მუდმივ პროსახელისუფლებო პროპაგანდას, რაც მოიცავს ამ ხალხის ოჯახის წევრების იძულებას მხარი დაუჭირონ მმართველ ძალას, პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას და რაც ყველაზე მთავარია მათ მიერ საჯარო სამსახურში ყოფნისას პარტიის სასარგებლოდ მიღებულ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს და ამით მისთვის უპირატესობის მინიჭებას.იმ შემთხვევაში თუ ადამიანი საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მაგრამ ხელისუფლების მხარდამჭერი არაა. ასეთ ხალხს პროფესიონალიზმის გამო ვერ უშვებენ, მაგრამ დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ ყავთ, რომ გააკეთებინონ იგივე რაც პირველ კატეგორიას. რა თქმა უნდა არის ისეთებიც ვისაც ამას ვერ უბედავენ, ისეთებიც ვინც ამას არ ექვემდებარება მაგრამ ეს მცირე ნაწილია.საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი 300 000-ს აღწევს და არ უნდა დაგვავიწყდეს მათ ყავთ ოჯახის წევრებიც.
მეორე მეთოდია სოციალური დახმარების მიმღებ პირთა დაშინება, რომ ამ ბენეფიტის გარეშე დატოვებენ. ან პირიქით იმ ადამიანების ჩასმა პროგრამაში ვისაც აქამდე უარს ეუბნებოდნენ.დღეს დახმარებას 450 000 ადამიანი იღებს.
მესამე მეთოდია კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან ვაჭრობა. ვისაც სისხლის სამართლის საქმე აქვთ იმათი სასჯელების შერბილება, ვისაც ადმინისტრაციული, იმათი სხვადასხვა მეთოდებით გადმობირება, მაგალითად მართვის მოწმობის “შეწყალება”. კრიმინალურ წრეებს კამპანიაშიც რთავენ და ამ კუთხითაც იყენებენ.
მეოთხეა სხვადასხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით მოსყიდვა. ვიღაცას მშენებლობის ნებართვას მისცემენ, ვიღაცას ერთჯერად დახმარებას გამოუყოფენ, ვიღაცას რაღაცას დაუფინანსებენ და სხვა წვრილ-წვრილი მეთოდები.
მეხუთე მეთოდია უშუალოდ თანხის გადაცემა ხმის სანაცვლოდ.
ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი, ამას ემატება საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლოს მიკერძოება, სადაც თუ რამე ხელისუფლებას გაეპარა და გამოიჭირეს, ქოთანს საიდანაც უნდა იქედან მოაბამენ ყურს და საჩივარი უსაფუძვლო აღმოჩნდება, ოცნება კი უმწიკვლო.
საბოლოოდ ამ ყველაფრის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხელისუფლებამ მოახერხა და არჩევნებში “გაიმარჯვა”, მაგრამ ამისთვის დასჭირდა რაღაც ისეთი ნაბიჯის გასადგმა, რასაც აქამდე ვერ ბედავდა. ეს ნაბიჯი ფარულობის დარღვევა იყო და სწორედ ამ ნაბიჯით გადალახა მან ზღვარი მოფარებულ ადგილას ჩატარებული მანიპულაციიდან, რაც ძნელად ამოიცნობა, ღია დარღვევაში, სადაც უკვე ყველაფერი დღესავით ნათელია.ამ პოსტში განზრახ არ ვსაუბრობ პასპორტების და პირადობების პრობლემაზე და სხვა მეთოდებზე. მათი დამტკიცების გარეშეც გასაგებია, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურია.
კომენტარები