საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ სახლთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
სამართალდამცველები ამ ნივთს „სავარაუდოდ“ მიიჩნევენ, ვინაიდან ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღია თუ არა ის, ვინაიდან ნივთი შესაძლოა კუსტარულად იყოს დამზადებული. ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ვარგისია ის გამოყენებისთვის.
ნუცუბიძის მესამე მიკრო რაიონის მეთორმეტე კორპუსში იარაღი პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, პირველ და მეორე სართულებს შორის, დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა. ამის შესახებ მან მაშინვე პოლიციას აცნობა.
სამართალდამცველები თალაკვაძის სახლთან ამ დრომდე არიან მობილიზებულები.
მომხდარზე გამოძიება თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე დაიწყო (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი).
კომენტარები