პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი გააკრიტიკა და “შეურაცხმყოფელი” პიროვნება უწოდა.
ღარიბაშვილმა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც არესტოვიჩმა თქვა, რომ “საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველები არჩევნებზე შეაფასებენ”.
“თქვენ მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხმყოფელი, არ მინდა, ვილაპარაკო ბევრი, არც მინდა, გავაკეთო კომენტარები. სამწუხარო არის ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და აბსურდული რაღაც შეურაცხყოფებით, ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან. თუმცა, მე ვარწმუნებ ყველას, რომ ვერცერთი ვერ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ უკრაინელების დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველო არის N1 190 ქვეყანას შორის, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში, ყველაზე მეტი მთელ მსოფლიოში ვიძახი – 500 ტონაზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი მთელი ხალხი არის ჩართული ამ პროცესში. აქ ადგილობრივად ვინც ჩამოვიდნენ უკრაინელები ვეხმარებით მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვუკეთებთ. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები, ხალხი და საზოგადოება რჩება ადგილზე”, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება არამეგობრულია. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველო მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას მიიღებდა და ეს ქვეყნისთვის ისტორიული შესაძლებლობაა.
კომენტარები