„ალია“ ესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს, ლევან ფანცულაიას:
-რა განსხვავებაა 5G-სა და 4G-ს შორის და როგორ ინერგება?
-5G არის მეხუთე თაობის ინტერნეტი. რაც ნიშნავს რომ შემდეგი ახალი „აღმოჩენაა“, უფრო დახვეწილი მეთოდი, ახალი სიტყვა ფიზიკაში. 5G არის მეტი სიხშირე. რაც მეტია სიხშირე, მით მძლავრ ინტერნეტს ვიღებთ, მარტივად რომ ვთქვათ, უფრო მეტი ინფორმაცია გადაიცემა. რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ნულების და ერთების ერთობლიობა რომელიც ძალიან სწრაფად გადაიცემა, სინათლის სიჩქარით. პირველი თაობის ინტერნეტს შეეძლო მცირე რაოდენობით ინფორმაციის გადაცემა, მეხუთე თაობის ინტერნეტს შეუძლია ასიათასჯერ მეტი ინფორმაციის გადატანა
-ამბობენ, რომ იგი რაღაცას გამოყოფს, რას გამოყოფს სინამდვილეში?
-ფოტონს, ის რაც სინათლის სხივშია. ამ ფოტონს გამოყოფს 5G-ც
-რითი განსხვავდება ბუნებრივი ფოტონი, ხელოვნური გზით მიღებული ფოტონისგან?
-აგებულებით ერთი და იგივეა. განსხვავება არის სიხშირეები.
-ბევრი დამთხვევაა, პანდემიის დროს დაიწყეს ანტენების დამონტაჟება, გვითხრეს, რომ შესაძლოა ვაქცინა იყოს ჩიპის ფორმის – ამიტომ დაიწყეს ამ შეთქმულების თეორიებზე საუბარი. რამდენად რეალური ვირუსის გავრცელება გამოიწვიოს?
-მეცნიერებაში წარმოუდგენელია, ფოტონმა შეძლოს ვირუსის გადატანა, ან გავრცელება. ამის შანსი არის ნული. ძალიან ცოტა რამეა, რაზეც ასე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შანსი ნულია. აი, აქ ნამდვილად ნულია. იმას რასაც, მიიჩნევა, რომ მასა არ აქვს, არ შეუძლია გადაიტანოს მასიანი ნაწილაკი, იგივე ვირუსი.
-და ვირუსის წარმოქმნა თუ შეუძლია?
-მითუმეტეს წარმოქმნა. შეუძლია მოახდინოს რაღაცაზე გავლენა. ოღონდ არა ვირუსზე. ვირუსს მისი წარმოქმნის შანსი წარმოუდგენელია.
-რაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს – კანზე, ფილტვზე, სისხლზე?
-ზოგადად 5G ხო გამოასხივებს. ის, რაც გამოასხივებს დიდი რაოდენობით – არის მავნე. ელექტრო მაგნიტურ სპექტრში 5G არის მიკროტალღურ სიხშირეზე ნაკლები. თუმცა რადიოტალღურ სიხშირეზე მეტი. მიკრო ტალღურს ვიცით, რომ დიდი რაოდენობით უჯრედისთვის საზიანოა… ყველაზე მარტივი მაგალითი რომ ვთქვათ, მიკროტალღური ღუმელში რამე ცოცხალი რომ ჩავდოთ, ის დაზიანდება.
ზოგადად, ფოტონების დიდ რაოდენობას იყენებენ, რომ ამოაგდონ რაიმე ელემენტი, ანუ აფეთქებას იწვევენ უჯრედის, უჯრედიდან მოლეკულაში ელექტრონის ამოგდებით. ელექტრონის ამოგდება დიდი რაოდენობით ნიშნავს „უჯრედის გადახურებას“, ასე ეძახიან. ამით უჯრედი შეიძლება მოკვდეს… 5G-ზე უშუალოდ ანტენის ქვეშ ყოფნა, ცალსახად საზიანოა. მაგრამ მანძილთან ერთად მცირდება. ანუ დაახლოებით ანტენიდან ათი მეტრის დაშორებით 80-ჯერ მცირდება უკვე. ზუსტად იმის გამო, ფოტონებისა რაოდენობა მანძილთან მიმართებაში მკვეთრად მცირდება, შესაბამისად, მას ანტენაც მეტი სჭირდება, ვიდრე 4 G-ს. ტალღის სიგრძის ამბავია.
-რა მანძილზე უნდა იყო დაშორებული ანტენიდან, რომ უსაფრთხო იყოს?
-ზოგადად 100 მეტრი უსაფრთხოდ მიიჩნევა. მეცნიერება ვერ ამტკიცებს, რომ 5G თავიდან ბოლომდე უსაფრთხოა, ჯერ სულ რაღაც 40 წელია რაც ეს თემა პოპულარულია. ბოლო ორი წელია რაც 5G შეიქმნა, მაგრამ მანამდე ტალღური დაკვირვება მიდიოდა.
თაობა ვერ შეიცვალა, რომ მეცნიერებამ თქვას ზუსტი პასუხი, თუმცა რაც არის 99%-ით, არის ის, რომ იმ სიხშირით რაც მოგვეწოდება, საზიანო არ არის. არაერთი კვლევა იყო ფრინველებზე და თაგვებზე, როგორც წამიკითხავს და ირწმუნებიან, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ 5G მოწყობილობების რაოდენობა. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, 10 ცალ მოწყობილობას ერთ ოთახში რომ აქტიურად ვიყენებდე – არ არის მიზანშეწონილი. არც ისაა რეკომენდირებული, დაძინებისას ჩართულ ტელეფონზე თავი გედოს.
-და ტელეფონზე საუბრისას?
-როცა ტელეფონზე ვსაუბრობთ და 5G-ს აქტიურად ვიყენებთ, იგი უშუალოდ ყურზე მოქმედებს. თუ მაქსიმალურ პოტენციალს გამოიყენებს 5G და ვისაუბრებთ დაახლოებით ორი საათი გადაბმულად, ყურის უჯრედი ხურდება. მეცნიერები ამბობენ, რომ არსებობს 1-2 პროცენტი იმის შანსი, რომ ამან შეიძლება ჩვენი ყურის უჯრედის დაზიანება გამოიწვიოს.
-კიდევ რა შეიძლება დააზიანოს?
-ამბობენ, რომ კიბოს რაოდენობა გაიზარდა, სინამდვილეში, მგონია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა და კიბოთი დაავადებულთა რიცხვიც პირდაპირპროპორციულად. ის, რაც კორონავირუსმა გვანახა იტალიის შემთხვევაში: ისინი ცხოვრობენ დიდხანს და შესაბამისად იტალიაში დიდი რაოდენობით არის დაღუპული კორონავირუსით, ამიტომ არის, რომ ჩვენ უკეთესი შედეგი დავდეთ, ვიდრე განვითარებულმა ევროპამ.
-ილონ მასკის თანამგზავრებზეც მინდა გკითხო.
-სხვათაშორის, ის რაც ილონ მასკმა გაუშვა, 5G ვერ იქნება იმიტომ, რომ ტექნოლოგია ჯერ იმ დონემდე არ არის განვითარებული. თუმცა ტექნოლოგია რომ განვითარდება, უკვე გაშვებულ სატელიტებზე 5G საც დაამატებენ. ამ ეტაპზე ეს არის რადიო სიხშირე და ძირითადად უფრო გამოვიყენებთ მუდმივი კავშირის დასამყარებლად. არ იქნება 5G, იქნება რაღაც სხვა
ილონ მასკმა გაუშვა სატელიტები, ძალიან დიდი რაოდენობით. ჩვენ რომ ახლა ტელევიზორში ვუყურებთ პირდაპირ ტრანსლაციას – ერთი მაუწყებლობიდან არის გაშვებული, უკავშირდება თანამგზავრს, ის თანამგზავრი მეორე თანამგზავრს, და მოდის ჩვენამდე. დედამიწის ორბიტის დაბალ ფენაში გაუშვა ილონ მასკმა ეს სატელიტები. კიდევ ბევრ რამეში შეიძლება ამის გამოყენება. სამი ლოკაციის დამდგენია, ერთი დროის სიზუსტის. ამიტომ ილონმა ბიზნესის კუთხით მიიჩნია სწორად, რომ ეს გაეშვა. მის რადიაციაზე საუბარი არც ღირს.
-მცხუნვარე მზისა და 5G-ს კანზე მოქმედება რომ შევადაროთ ერთმანეთს
-როდესაც ატომში ელექტრონი იცვლება, ამ პროცესს ქვია იონიზირება. მიიჩნევა, რომ 30 გეგაჰერცია ის, რაც 5G-ს აქვს და არის არაიონიზირებადი. არაიონიზირებადის დიაპაზონი არის დაახლოებით 1000 ტერაჰერცამდე და 5G-ს მხოლოდ 30 გეგაჰერცს იყენებს. 400-დან 700-მდეა დაახლოებით მზის სხივი. ისიც კი არამაიონიზირებელია, მაგრამ როდესაც დიდი რაოდენობით იღებ, ხურდები ფიზიკურად, შეიძლება ამან ორგანიზმის გადახურება გამოიწვიოს.
-შეიძლება ფოტონებმა ფილტვი დააზიანოს?
-ყველა უჯრედი ერთი და იგივე ტიპის აგებულებისა. რამდენადაც დააზიანებს ფილტვს იმდენად დააზიანებს ყურსაც. „შეთქმულების“ თეორიები წავიკითხე ამაზეც და საფუძველი ნაკლები აქვს ფიზიკასთან და ბიოლოგიასთან. ზუსტად არ ვიცი, რას ეძახიან ექიმები, მაგრამ სისხლის უჯრედებში იწვევს ჟანგბადის მოლეკულის ამოგდებას. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ფილტვს აზიანებს. თუმცა, ნაკლებ სარწმუნოა.
-მტკიცედ ხარ დარწმუნებული რომ ვირუსთან კავშირი ვერ ექნება?
-კი. 5G-ს მე პირადად ვენდობი და მეცნიერთა ნაწილიც 100%ით ენდობა. მაგრამ გამოსაკვლევი ჯერ კიდევ რჩება. ამოუწურავი თემაა.
-როგორ მივხვდეთ, რისგან არის გარდაცვლილი ფრინველი და არის თუ არა გარდაცვლილი ანტენებისგან? ბევრი ფოტო ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში.
-ის, რაც სისხლში ქმნის პრობლემას, არის ჟანგბადის რაოდენობა. თუ ჩიტი მოკვდა ჟანგბადის უკმარისობთ, პი-ემ 2 და პი-ემ 10, მტვერის მოლეკულები უნდა ვეძებოთ პირველ რიგში. რაც ძალიან დიდი რაოდენობითაა იმ ადგილებში სადაც ბევრი ავტოტრანსპორტი და შენობებია. შესაბამისად ჩიტების სიკვდილი შეიძლება ამანაც გამოიწვიოს. სიკვდილი შეიძლება რადიაციამაც გამოიწვიოს და ეს მოხდა ჩერნობილში. დანარჩენი, რა კვლევებიც წამიკითხავს, არცერთ შემთხვევაში ეს არ მომხდარა.
-როგორ ფიქრობ, მოსახლეობას არ უნდა ქონდეს უფლება თავად აირჩიოს უნდა თუ არა 5G?
-რადგან დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ, კი, მათ შეიძლება აირჩიონ უნდათ თუ არა ეს. პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობა შეიძლება მოექცეს ინფორმაციის ვაკუუმში. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რაშია საჭირო 5G. ბევრი ვერ ხვდება, რომ თუ ჩვენ დროულად არ შემოვუშვებთ – ძალიან ჩამოვრჩეთ.
-რას?
-განვითარებას. ერთგვარი დაზღვევაცაა, ფეისბუქზე ჰაკერული თავდასხმისას რა ხდება? ზოგადად იმდენად დაცულია ფეისბუქი, გუგლი და ა.შ, ჰაკერებმა, ძირითადად რუსეთიდან, მიმართეს ასეთ ხერხს, – გადატვირთონ სერვერი. ტრაფიკი გაზარდონ. ტრაფიკის გაზრდა ხდება ასე: მძლავრი კომპიუტერიდან ინტერნეტს მძლავრად იყენებ. შესაბამისად სერვერები ეცემა და ინტერნეტი ნაკლებად მოგვეწოდება ან ხდება სერვერის „დაცემა“ – რისი გაკეთებაც ჰაკერებს 5G-ს პირობებში ძალიან გაუჭირდებათ.
-ჩამორჩენა კიდევ რაში გამოიხატება. თუ ინფორმაციას მივიღებ ორი წუთით გვიან, ჩამოვრჩები? მესმის, რომ უშიშროება შეიძლება იყენებდეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩვენთვის?
-რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს ინტერნეტს მით უფრო დაგვჭირდება 5G და მეორე – დიდი ხანია უკვე ყველას შეუძლია ატვირთოს ფაილები, მიიღოს მონაწილეობა კვლევაში და სამეცნიერო საქმეებში. მაგალითად ე.წ სუპერ კომპიუტერს თუნდაც კორონავირუსის ვაქცინის ამოსახსნელად იყენებენ. პროტეინის დაშლის ფორმულირებაზე მუშაობს ახლა. სწორად რომ გითხრათ, რამდენიმე მილიონი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს პროტეინის დაშლისთვის, ამას სჭირდება სუპერ კომპიუტერი, რომელიც ნიშნავს მძლავრ კომპიუტერს. მე პირადადაც მქონდა გადმოწერილი სისტემა, რომელიც სუპერ კომპიუტერის ნაწილად გამიხდიდა ჩემს კომპიუტერს. რაც უფრო მეტად იმატებს კომპიუტერის რაოდენობა, მით ნაკლებია ამოცანის ამოხსნის დრო.
-ანუ რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება მით მარტივია ამოხსნას დავალება?!
-კი.
-ეს უკვე მოქმედებს?
-დიახ, დიდი ხანია. ახლა როცა კორონავირუსი გამოჩნდა ერთერთმა ამერიკულმა კომპანიამ კორონავირუსზე ჩაუშვა სწორედ ეს პროტეინის დაშლის მექანიზმი. ასევე მოქმედებებს ასტროლოგიურ გამოთვლებზეც.
-პრინციპი რა არის მუშაობის?
-ჩვენ შეგვიძლია მისი გამოყენების სიმძლავრე ვაკონტროლოთ. მე პირადად 100%-იანი სიმძლავრე მივეცი. ჩემი კომპიუტერის ბაზაში მოაქვს რაღაც ინფორმაცია, ასევე გადააქვს და ამას აკეთებს ერთდროულად მრავალი კომპიუტერი. იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს, ამისთვის 5G გვეხმარება
-რამდენი ხანია რაც მუშაობს?
-რამდენიმე ათეული წელია
-მაშინ უნდა დამისახელო წარმატებული შედეგი რომელი ჰქონდათ?
-ამინდის წინასწარი პროგნოზირება და შავი ხვრელი. შავ ხვრელს ბოლომდე სუპერკომპიუტერს ვერ მივაწერთ, მაგრამ ეს იყო რამდენიმე ადამიანის მძლავრი კომპიუტერის ნაერთი.
-ინტერნეტზე დამოკიდებულება არ გაშინებს?
-თავისთავად ცუდია დღე და ღამე კომპიუტერულ თამაშებზე თუ ხარ მიჯაჭვული. ამავე დროს იგივე თამაშები არის განტვირთვის საშუალება. თუ სწორად იყენებ, მაშინ განვითარებაში ხელს გიწყობს, პირიქით. ქუჩაში დგომა უფრო მეტად საზიანოა ალბათ, და ფეხბურთის დღე და ღამე თამაშიც საზიანოა, მიუხედავად იმისა, რომ სპორტი აუცილებელია.
-ნერვულ სისტემაზე თუ მოქმედებს ეს 5G?
-არა, ჯერჯერობით ეს ყველაფერი მეცნიერთათვის დამტკიცებული არ არის. ზოგადად ნერვულ სისტემაზე მოქმედებს კომპიუტერთან ჯდომა და დაძაბულად თამაში.
-რომელიმე ქვეყანამ თუ ჰკითხა თავის მოსახლეობას, უნდოდათ თუ არა 5G ?
-სლოვენიამ თქვა, რომ სანამ ბოლომდე არ იქნება გამოკვლეული და მსოფლიო არ დარწმუნდება მის უსაფრთხოებაში მანამდე არ დავაყენებთო. ეს უფრო ფრთხილზე მეტად, შეშინებული ნაბიჯი მგონია. პოლიტიკოსების მიღებული გადაწყვეტილება და არა მეცნიერების მიერ გაცემული რჩევა. სხვაგან ის ვიცი, რომ ვანდალურ ფაქტებს ჩადიან, მაგალითად ბრიტანეთში დაწვეს ანძა, და არამხოლოდ ბრიტანეთში.
-იმიტომ რომ ბრიტანეთში ვირუსის გავრცელებას დაემთხვა ანტენების დაყენება, ასევე იტალია, გერმანია, არა?
-კი, პერიოდულად იდგმება. იტალია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაანონსა რომ ამ ანტენეს დადგამდა. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. ლოგიკურია. ის ქვეყნები დაზიანდნენ ყველაზე მეტად, რომლებიც განვითარებულია და აქვს მაღალი ვაჭრობა, მათ შორის, ჩინეთთან.
-ანუ ლოგიკური ახსნა ჩინეთთან ურთიერთობაა და არა ანტენები?
-კი, ეს ქვეყნები არიან აქტიურად მიმოსვლითი ქვეყნები და ლოგიკური ახსნაც ეს არის
-ირანიც?
-ირანში უბრალოდ მედიცინა არ არის განვითარებული, და ალბათ, ეს ვირუსი გაექცათ, სანამ გაიგეს. ისეთი ქვეყნებშიც ხომ არის სადაც ეს 5G ჯერ არც გაუგიათ.
-ვიცი, რომ თან სწავლობ და თან მერიაში მუშაობ ინჟინრად – რა არის შენი საოცნებო სამსახური?
-კვარკების აღმოჩება და თეორიის დამტკიცება მინდა.
-ბოდიში, ეგ რა არის?
-მიჩნეულია, რომ 48 ელემენტარული ნაწილაკი არსებობს, რომელთაგან გლუონებს შესაძლებელი ჰქონდეთ სამი კვარკი. მაგალითად, პროტონს, სამი რაღაც პატარა შიგნით… ეს არის არსებული თეორია, მე კი მგონია, რომ ეგ სამი რაღაც ერთი და იგივეა და 48-ვე მატერია ერთი კვარკის კონცენტრაციითაა აგებულია.
-ამაზე მუშაობა საქართველოშიც შეგიძლია?
-საქართველოში თითქმის არ არის საშუალება პრაქტიკული სამუშაოების, მითუმეტეს მიკრო მატერიებზე. შესაბამისად, ჩემი სურვილია წავიდე ცერნში და მივიღო ცდებში მონაწილეობა.
-წარმატებები.
თამო კეშელავა
ალია №17
კომენტარები