თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– ბევრი ექიმი წერს, რომ პირველი და მეორე ტალღის შემდეგ, მძიმე პაციენტთა მართვა უნდა გვესწავლა, თუმცა, როგორც თავადვე ამბობენ, ეს ასე არ მოხდა. ფაქტია, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია. მეორე ტალღის მიწურულს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გარდაცვალების რიცხვი კიდევ მაღალი იქნება ცოტა ხანი, რადგან 400 პაციენტი გვიწევს რეანიმაციაშიო. მესამე ტალღის დროს, რეანიმაციის პაციენტთა რიცხოვნობა არ დაუსახელებია, მაგრამ დანარჩენი იგივე თქვა… საპასუხოდ, თენგიზ ცერცვაძემ გვითხრა, ლეტალობის რიცხვი ახალი შტამის გამოა მაღალი, ამის თქმა უკვე დანამდვილებით შემიძლიაო. თქვენ რას ფიქრობთ?
– დავიწყოთ იქედან, რომ არსებული შტამებიდან, არც ერთზე, არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს, რომ ამ შტამებმა აჩვენა დაავადების მეტად დამძიმება, ან მეტი ლეტალური შედეგი, გავრცელების კუთხით, კი ბატონო, იყო გაზრდილი მონაცემი, უფრო სწრაფად ვრცელდება და შესაბამისად, მეტი ადამიანიც ინფიცირდება, მაგრამ შემთხვევების დამძიმების მხრივ, ეს არ შეინიშნებოდა. მეორე – საქართველოს არ აქვს საშუალება ყველა დადასტურებული შემთხვევის პირობებში გამოიყენოს გენური სეკვენირება და გაარკვიოს, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული – არ გვაქვს ოფიციალური მონაცემი, რომელზე დაყრდობითაც ვიტყვით, რომ ლეტალური შემთხვევების ზრდა, რომელ ახალ შტამთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, საქმე კლინიკურ მართვაში უფრო ჩანს და არა შტამში. ფაქტი ის არის, რომ ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით. ანუ პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება. ეს გასაკვირია იმ ფონზე, რომ გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს.
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, გვენახა კლინიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ (დინამიკა დროში, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში, თანმხლები დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის ვადების მიხედვით და ა.შ.). ამ მომენტისათვის სამწუხაროდ არ არსებობს ასეთი ინფორმაცია და ამ პირობებში, რთულია ისაუბრო იმაზე, რომ რა არის ლეტალობის ზრდის რეალური მიზეზი.
– შესაძლოა, მართლაც იყოს კლინიკურ მართვაში პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, პასუხისმგებელი პირის პოვნა რთულია, თენგიზ ცერცვაძემ ახალი წერილი გაავრცელა ორიოდე დღის წინ, სადაც თქვა, „ჩვენ ტოცილიზუმაბს წარმატებით ვიყენებთ ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის ადრეული პერიოდიდან, თუმცა რიგი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ამ მედიკამენტს ყველა კოვიდკლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითარი გამართლება არა აქვს.“ – არადა, წესით, ყველა კოვიდკლინიკა უნდა მოქმედებდეს იმ პროტოკოლით, რასაც ბატონი თენგიზი შეადგენს და შედგენილი რომ აქვს პროტოკოლი, ეგეც ვიცით – რა ხდება, ვინ უნდა გადაწყვიტოს, მკურნალობის რა მეთოდი იქნეს გამოყენებული?
– სახელმწიფო უნდა წყვეტდეს, რასაკვირველია. ერთი კლინიკური პროტოკოლი უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ, სუსტია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჰოსპიტალური სექტორი უმეტესად კერძოა, და როგორ ჩანს, კლინიკების სხვადასხვა პროტოკოლებს მისდევენ. მეტსაც გეტყვით, ელემენტარულ რამეშიც არ ხდება ერთი პროტოკოლის გამოყენება – არაერთი ჩემი მეგობრის და ახლობლის მონაყოლიდან ვიცი, რომ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში აიცრნენ, ექიმებმა განსხვავებული ინფორმაციები მიაწოდეს მაგალითად, სხვადასხვა დრო, აცრის დოზებს შორის, სხვადასხვა პირობები და ა.შ. არის გარკვეული მოცემულობა, როცა წესი უნდა იყოს ერთი სახელმწიფოს მიერ დაწესებული და ყველამ უნდა იმოქმედოს ამ ერთი წესის მიხედვით. რაზე ვსაუბრობთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, არც ერთ საერთაშორისო გამოცემაში, არც ერთ სამედიცინო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა არც ერთი სამეცნიერო ნაშრომი რომელშიც საქართველოში განხორციელებული მკურნალობის მეთოდოლოგიები თუ სხვადასხვა შემთხვევები იქნებოდა აღწერილი. შესაძლებელი იყო, თუნდაც რამდენიმე პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერილიყო ასეთი სამეცნიერო სტატიები. სამწუხაროდ ესეც არ გაკეთებულა.
კომენტარები