ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა:
„გუშინდელ რეგისტრაციას ჩვენ ვუყურებდით და „ასტრაზენეკას“ მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა. მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იმუნიტეტის გამოწვევის უნარითა და რეაქტიულობით, ანუ ორი-სამი დღე ახასიათებს ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, რაც 55 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ახასიათებთ. ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ „ასტრაზენეკას“, ვიდრე „ფაიზერს“. არ შეეშინდეთ. მე მოსახლეობას ვაწვდი სწორ ინფორმაციას. ჩვენ ახლა პრიორიტეტიზაცია გვაქვს, გახსნილია ჯგუფები 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის, ამიტომ მთავარი აქცენტი მათ უნდა გააკეთონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე.
მესამე ტალღის არიდების გზები არის პირბადე და წარმატებული ვაქცინაცია. თუ ჩვენ გვეყოლება ვაქცინირებული რისკჯგუფები და ამის შანსი არსებობს, რადგან ვაქცინის დოზები ქვეყანაში არის, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ქვეყანაში იყოს მოცირკულირე ინფექცია, მაგრამ რისკჯგუფებს თუ არ დაემართება, ამას არ მოჰყვება კლინიკური სექტორის გადატვირთვა. თუ სახლში გამოჯანმრთელდებიან, მაშინ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ლოკდაუნი რა დროს გვჭირდება, როდესაც საავადმყოფოები იტვირთება. რეალურად, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნიდან ექვს-რვა კვირაში არის კორონავირუსის შემთხვევათა გაზრდის მოლოდინი, ეს არის აპრილის მეორე ნახევრიდან მაისის დასაწყისში. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები აცრილი იყვნენ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 89 ათასი დოზა აპრილის ბოლოსკენ კიდევ შემოვა.
ვაქცინაცია და პირბადე დარჩა ის, რაც თავიდან აგვაცილებს ლოკდაუნს. რატომღაც, როცა მცირდება შემთხვევები, ყველას ჰგონია, ეს ასე გაგრძელდება. პირბადის ტარების 42 პროცენტიანი ნიშნული ზუსტად არის აგვისტოს მაჩვენებლის ანალოგი. ჩემთვის პირადად ვაქცინაციის საკითხი არის სრულიად ზესახელმწიფოებრივი, ჩემთვის მთავარია მიზნის მიღწევა. ნებისმიერი გზა, რომ ადამიანებს მეტი ინფორმაცია მივაწოდო ვაქცინების თაობაზე, მათთან ასოცირებულ თუნდაც გვერდით მოვლენებზე, სიკეთეზე, რაც მასთან არის დაკავშირებული, არ დამეზარება და წავალ ყველა რაიონსა და სოფელში“
კომენტარები