ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მთავრობას 26 იანვრის საღამოს კიდევ ერთხელ შეხვდნენ, ამბობენ, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს.
“გვეუბნებიან, ჯერჯერობით არაფერი იხსნება, ისევ ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასო. ასე იქნება მომავალი რამდენიმე თვე. უკვე აღარ ვიცი, რა ვუთხრა ჩემს მეგობრებს და თანამშრომლებს”. – ამბობს შალვა ალავერდაშვილი, რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი.
“მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია. მთელ ერი ვართ ე.წ მუშკეტერების მძევლები. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მთლიანად დამოკიდებული ვართ მათ გადაწყვეტილებებზე”. – თქვა შეხვედრის შემდეგ “ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ.
ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობას რამდენჯერმე შეხვდნენ. ისინი რეგულაციების შემსუბუქებას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. თუმცა, უშედეგოდ. როგორც ამბობენ, სამსახურის გარეშე რჩება ასობით ათასი ადამიანი, კომპანიები კოტრდება, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. მათ ხელისუფლებას 6-პუნქტიანი გეგმის სახით გამოსავალიც შესთავაზეს, მაგრამ ხელისუფლება მათ თხოვნებს და მიმართვებს, ამ ეტაპზე, არ ითვალისწინებს.
კომენტარები