ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „სამართლიანობის“ ლიდერი, იურისტი, ეკა ბესელია.
– ქალბატონო ეკა, ვინ არის ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც, როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, მას მიუგზავენს? იცნობთ?
– არა, პირადად არ ვიცნობ.
– რაც სოსო გოგაშვილმა განაცხადა, როგორ შეაფასებთ ამ ამბავს?
– თვითონ ეს ისტორია, თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში ხელისუფლება, რომლის წინააღმდეგაც ეს ბრალდება გაჩნდა, უნდა ცდილობდეს, გამორიცხოს ყოველგვარი ეჭვი და უნდა აჩვენოს ვიდეოჩანაწერები, თუკი არ მომხდარა მსგავსი რამ. როდესაც ეჭვი რჩება, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია კონტრარგუმენტები, ხელისუფლების ისედაც შერყეულ ნდობას უფრო მეტად არყევს. ეს არის ძალიან ცუდი, ამიტომ, ის განცხადება, რომ ვიდეოკამერები არ იყო, დაზიანებული იყო, ძალიან არადამაჯერებლად ისმის და მე პირადად, ძალიან გამიკვირდა, რომ ეს პოზიცია აირჩია ხელისუფლებამ. ახლა რაც შეეხება ამ ფაქტს, რომ ვიღაც ადვოკატი ჩნდება სოსო გოგაშვილის საქმეში, ამან გამახსენა წინა ხელისუფლების დროს, 2009 წლის აგვისტოში, ჩემი არასრულწლოვანი შვილისა და ძმის საქმე, როდესაც ისინი ბათუმში, ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო დაიჭირეს. ვიდრე აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებნენ, პროკურატურის დავალებით, ორივესთან ერთ-ერთი ადვოკატი შეუშვეს ღამე და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროს, რამდენიმე საათის დატოვებული მქონდა წინასწარი დაკავების საკანი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. წარმოიდგინეთ, ერთის დედა ვარ, მეორის და და თავად ადვოკატი ვიყავი მაშინ, მათთან შევდიოდი, როგორც მშობელი, როგორც და და ადვოკატი. მაინც გაბედეს და ღამით სახაზინო ადვოკატი შეიყვანეს ორივეთან. იგივე გააკეთეს „ფოტოგრაფების საქმეში“, როდესაც „ალიას“ ფოტორეპორტიორს, გიორგი აბდალაძეს ვიცავდი. მაშინ პროკურატურა ითხოვდა, საპროცესო შეთანხმებისთვის მომეწერა ხელი, რაზედაც კატეგორულიად უარს ვაცხადებდი. თქვენ კარგად გემახსოვრებათ, სამშობლოს ღალატს ედავებოდნენ აბდალაძეს. მაშინ ჩამომაცილეს საქმეს და შეიყვანეს სახაზინო ადვოკატი, რომელმაც ისე მოაწერინეს საპროცესო გარიგებაზე ხელი, რომ საქმესაც არ გასცნობია. ასეთ მეთოდებს წინა ხელისუფლებაც მიმართავდა და ეს ხელისუფლებაც იმავეს აკეთებს. ადვოკატების რაღაც ნაწილი, წინა ხელისუფლების დროსაც, სამწუხაროდ, ამ როლში იყო და დღესაც არიან ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი ადვოკატები. გული ძალიან მწყდება, რომ ჩემი პროფესია, ადვოკატის პროფესია ძალიან საპატივცემულოა და ზოგიერთები ცუდად და ცუდი საქმისთვის იყენებენ მას. ძალოვან სტრუქტურებთან როდესაც თანამშრომლობ, იმიტომ რომ კეთილდღეობა გქონდეს, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ადვოკატის პროფესიას.
– ახლა როგორ უნდა დაამტკიცოს სოსო გოგაშვილმა, რომ მასთან ვახტანგ გომელაურმა შეიყვანა ადვოკატი მჭედლიშვილი? ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა ამოიღოს მჭედლიშვილის სატელეფონო ზარების ჩანაწერი და არა მგონია, ერთხელ მაინც არ ჰქონდეს დარეკილი გომელაურთან და იმ ხალხთან, ვინც გოგაშვილის მიერ გომელაურის და ზოგადად, ხელისუფლების მიმართ წაყენებული ბრალდებების ჩაფარცხვას ცდილობს.
– სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ერთადერთ დამოუკიდებელ საგამოძიებო სტრუქტურას, უკვე დაწყებული აქვს გამოძიება სოსო გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დაკითხულია რამდენიმე პირი, ამოიღეს ციხის კამერები და ახლა არკვევენ, წაშლილია თუ არა ჩანაწერები და თუ წაშლილია, რა მიზეზით წაიშალა. მოკლედ, სოსო გოგაშვილის საკნიდან გაყვანის საქმეს იძიებს ეს სამსახური და ეს ადვოკატის ეპიზოდიც, ამ სამსახურმა უნდა გამოიძიოს. ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც ხდება ადვოკატი ამ როლში. გგონია, რომ ჯაჭვია, დანაშულებრივი სამკუთხედია. ცხადია, თუ ობიექტური გამოძიების სურვილი იქნება, ყველაფერი ძალიან მარტივად გაირკვევა და დადგინდება. ადვოკატი როდესაც შედის ციხეში პატიმართან, ის ვისი დავალებითაც შედის, ამას თვითონ პატიმრობაში მყოფი პირი ამბობს, ის არ მალავს. როგორ შეიძლება, მისი მოწვეული ადვოკატი იყოს და თქვას, რომ ის მე არ მომიყვანია. სოსო გოგაშვილი ოჯახი როდესაც ამბობს, რომ ადვოკატი გამოუგზავნეს, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სტოვებს. მე მგონი, უნდა იმსჯელონ ამაზე დამოუკიდებელმა საგამოძიებო მექნიზმმაც და ადვოკატთა ეთიკის კომისიამაც.
– არსებობს მექნიზმი, რომ ძალოვან სტრუქტურებთან გარიგებული ადვოკატები ჩამოაცილონ საადვოკატო საქმიანობას?
– კი, კი, არსებობს. ადვოკატთა „ეთიკის კოდექსი“ არსებობს, რომლის ერთ-ერთი ავტორიც გახლავართ, 2006 წელს მივიღეთ. იქ არის ისეთი დებულებები, რომელთაც ადვოკატები უნდა იცავდნენ. ადვოკატი როდესაც მძიმე გადაცდომას სჩადის, ამაზე მსჯელობს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია. კოდექსში, სანქციებში სწერია, რომ ადვოკატს შეიძლება ლიცენზია ჩამორთვან, საქმიანობის უფლება შეუჩერონ. ცხადია, თუ ადვოკატი კლიენტის საზიანოდ პროკურატურასთან ან სხვა ძალოვან უწყებასთან თანამშრომლობს, ის ამ სანქციას ექვემდებარება. თუმცა ამას სჭირდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
კომენტარები