ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ასლან აბაშიძეს თენგიზ ასანიძე რომ ჰყავდა გამოკეტილი დილეგში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ალბათ ბევრს გახსოვთ.
ისტორია მეორდება.
უგულავას საქმეზე 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა 9 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება.
9 თვე 24 აპრილს გამდის. ჯერ ეს ვადა არ გასვლიათ და ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ და პროკურატურამ უკვე წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავზე გადაიხევენ კონსტიტუციასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ახალ 9-თვიან ვადასაც დამიმატებენ მეორე საქმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე საქმის 9 თვიანი ვადა რომ გაუვათ აგვისტოში, ახალ ბრალს წამიყენებენ და კიდევ ახალ 9 თვიანს ამითვლიან.
ასე ვიჯდები სანამ ივანიშვილი იქნება.
ლოგიკური კითხვა ვისაც გაგიჩნდათ, „რა იცი, იქნებ მანამდე მოგისაჯონ?“, გეტყვით – გვარამიას, ხაზარაძეს და სხვების საქმეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც კონვეერულად იხილავენ გავრილოვის საქმის ჩემმა მოსამართლემ 29 იანვრის სხდომა ჩაშალა და გამოაცხადა – შვებულებაში გავდივარო. თებერვალში მხოლოდ ერთი პროცესი ჩანიშნა, ისიც იმისთვის, რომ პატიმრობა გამიგრძელოს. ფაქტია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოაქვს, გამამართლებელს ვინ გამოატანინებს და საქმე თაროზე შემოდო ისე, რომ 7 თვე სულ ტყუილად გამომკეტა. რაც შეეხება მეორე საქმეს, 200 მოწმიან საქმეს, აგვისტომდე ჩრდილოეთ კორეაშიც ვერ დაამთავრებენ.
ასე რომ, ველოდები ახალ ბრალს და ახალ 9 თვიანს აგვისტოში. ძველი აღარაფერი დარჩათ და წესით აქ, ციხეში უნდა „მიჩალიჩონ“ რამე ახალი, არჩევნების დღეს გარეთ რომ არ ვიყო.
ისტორია მეორდება. ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე.“
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას პროკურატურა ადანაშაულებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.
კომენტარები