ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე:
„ზუსტად ორი წლის წინ, 21 მაისს, ამინდი ამღამინდელს ჰგავდა. ელავდა. ელავდა. ოღონდ ქარი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახლაა. გაცილებით. ვიწექი და ვფიქრობდი, რომ გაძლება უკვე შეუძლებელია. დღეები უხარისხო ასლის მანქანაზე გადამრავლებული სურათებივით ჰგავდნენ ერთმანეთს – ოღონდ მსგავსება თანაბარი ვეღარ იყო – უფრო და უფრო ამძიმებდა სულსაც და სხეულსაც. და ვერ ვხვდებოდი, რომ ვდგებოდი და სადღაც მივათრევდი საკუთარ თავს, რატომ მივათრევდი ან ღამით ლოგინში რომ ვწვებოდი, რატომ ვწვებოდი – რაღა საჭირო იყო ადამიანების ეს ყოფითი რუტინული რიტუალი, თუ ფონად საზარელი და მოურჩენელი წამება ახლდა – 57 კილოღა დავრჩი, ორ დღეში ერთხელ თუ მაჭმევდნენ ორიოდ ლუკმას, ფსიქოტროპული გამტკნარწყალდა და ხელოვნურ სიმშვიდესაც აღარ უდრიდა. უდრიდა უარესს – საშინელი შიშების ალყას, ობსესიების მოშვერილ ალესილ ხიშტებს, ათმაგ თვითგვემას.
სამყაროსგან გამოყოფის შეგრძნება, ირგვლივეთის გაბუნდოვანება, სიხარულის გაუქმება, კანკალი, გულისრევა, ჟრუანტელი. და რაღა არ, რაღა არ.
მაგრამ ყველაზე საშინელი და მტანჯველი მაინც აკვიატებული ფიქრებია. შიში და ფიქრები. სადაც უნდა გაიქცე, ყველგან მოგდევენ, გეწევიან, ერთმანეთს ამრავლებენ ასეთი ფიქრები და ერთმანეთზე საზარლები არიან. ჭერზე თვალებმიბჯენილს წამით ჩაგეძინება და გესიზმრება რაღაც ჩვეულებრივი, უაღრესად ჩვეულებრივი ამბავი. უკიდურესად ბანალური. ისეთი, როგორიც ადრე იყო ცხოვრება რომელიმე ჩვეულებრივ დღეს და გინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ეს მონატრებული კადრი. მაგრამ სიზმარი მთავრდება მალე. გულის ხმა გაღვიძებს. გგონია, ჰა და გასკდება. იღებ თავთან გამზადებულ ტრანკვილიზატორს. სვამ. ერთი რას მეყოფა – ეუბნები საკუთარ თავს ხმამაღლა და თითქოს ებოდიშები – ეს ერთიც და მეტი აღარ. მაგრამ მერე მეორე. მესამე. ხან მეოთხეც. მოდის ბურუსი. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ბურუსში განა ფიქრი იბინდება, კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს. კიდევ უფრო ცხადია ყველა სიუჟეტი, აჩემებულ ობსესიებს რომ ახლავს. სვამ მეხუთეს. მეექვსეს. და თენდება. დილები ცალკე ჯოჯოხეთია. თითქოს გულთან რაღაც გაწვება. რაღაც უცნაური და უსახელო. დგები. სამსახურში უნდა წახვიდე. თუ წაგიყვანონ. სამყარო ცალკეა და შენ ცალკე. მაინც დგები და მიდიხარ. ამ შენი ფიქრებით და განგაშით. იცი, რომ შეგხვდებიან ადამიანები და გეტყვიან – ივარჯიშე და გამხიარულდი, რომ დეპრესია და შფოთვები ზარმაცების ფუფუნება და სხვანი. ,,თავი ხელში აიყვანე” გეუბნებიან დაბეჯითებით და ვერ ხვდებიან, რომ ისე მძიმეა შენი თავი ამ დროს, ვერაფრით აწევ, რომც მოინდომო. ასეთი იყო ის დღეები. და ის ღამე, 21 მაისის. და დილაც. რომლის გამეორებაც აღარ მინდოდა.
და ვცადე; ერთი მხრივ სიკვდილი მსურდა ძალიან და მზად ვიყავი, მაგრამ იმავე სიმძაფრით მინდოდა ვინმეს გადავერჩინე. ამიტომაც დავწერე ღიად.
და გავარჩი.
და ახლა აქ ვარ. და ვცდილობ სიცოცხლის აუცილებლობაზე გელაპარაკოთ. ყოველი დღით. საქმით. განცდით. და ამ წამების გამხელითაც, რომლის დაძლევაც თუ ადამიანს შეუძლია და ვნახე, რომ შეუძლია, ესე იგი, ადამიანი ყველაფერს შეძლებს.“
კომენტარები