პედაგოგი აჭარიდან, მზია კახაძე, რომელიც თვეების მანძილზე ელოდა გარე გაკვეთილის ჩატარების ნებართვას, ბოლო დღეების მანძილზე კი აანონსებდა, როგორ ემზადებოდა ამ გაკვეთილისთვის, რომელსაც ასევე ონლაინ უნდა დასწრებოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“არ აქვთ ჩემს მოსწავლეებს ინტერნეტი, არც ტექნიკა…
ძველი ბუკები ჩემი ხარჯებით შევუკეთე და მოვიყვანე ეს ბავშვები, სხვადასხვა ოთახში დავსხი…
არ ეყო ჩემი სახლის ინტერნეტი, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური პაკეტი ავიღე ორი თვით…
მობილურებით გავუზიარე, ჯეოსელიც ცუდად მუშაობს აქ და მაინც ვერ შევედით თიმსში, როგორც კი გაიხსნება, ისევ ითიშება და ბოდიშს გვიხდის…
რა გავაკეთო, იქნებ მირჩიოთ რამე?
ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ და აღარც ვაპირებ გარე გაკვეთილზე გასვლას…
თქვენ წარმატებები, ვინც შეძლებთ ნამდვილი გმირები ხართ!P.S.
არაფრის გათვალისწინებას და არანაირ შეღავათს არ ვითხოვ, დაველოდები გამოცდას, ესეც ჩემი ბედი!”
“ალია” ესაუბრა ქალბატონ მზიას, იგი რამდენიმე სკოლაში მუშაობს, ეზოსა და ბოსტანსაც უვლის და ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებს თავად ურიცხავს ინტერნეტის თანხას, რომ გაკვეთილის ჩატარება შესძლოს.
მიუხედავად იმისა, რომ იგი ლამის 6 თვეა ელოდებოდა ამ გარე გაკვეთილს, მან მისი ჩატარება ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შესძლო და მსგავსი პრობლემაა ყველა რაიონში. რაიონებში სადაც სწავლა არ მიდის ონლაინ, წესით, განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მისვლა უნდა იკადროს, ხოლო იმ რაიონებში, სადაც სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სწავლა – ფიქტიურია, სამწუხაროდ, არ გვაქვს ჩვენ ისე მოწყობილი და გამართული სოფლები, რომ დისტანციური სწავლების ორგანიზება შევძლოთ.
მით უფრო, რომ პანდემიის გამო, სკოლის დირექტორთა გამოცდები არ ჩავატარეთ, თუმცა, დირექტორებს უფლებამოსილება მაინც შევუჩერეთ და გავათავისუფლეთ, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა სკოლებში ორგანიზაციული საკითხები!
კომენტარები