თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, სწორედ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გამოჟონა ვირუსმა, ამერიკაც მკაცრი ტონით ითხოვს გამოძიებას. რა არგუმენტები აქვთ? რამე ახალი ვერსია გაჩნდა?
– ამერიკა დიდი შვიდეულის შეხვედრის დროს, როგორც ევროპაში ჩამოსულმა ბაიდენმა თქვა, დააყენებს საკითხს, ბოლომდე იქნას მიყვანილი გამოძიება, საიდან და როგორ დაიწყო პანდემია. ვირუსის გავრცელების გამომწვევ მიზეზს დიდი მნიშვნელობა აქვს, საჭიროა იმის ცოდნა, საიდან და როგორ დაიწყო ეს პანდემია, რათა წარმატებით მოხდეს მის წინააღმდეგ ბრძოლა. დიდი შვიდეული, სავარაუდოდ, მიიღებს გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ჯანმოს, რომ კიდევ ერთი ექსპედიცია გაუშვას ჩინეთში და კიდევ ერთხელ ეცადონ დაადგინონ, ვირუსი ლაბორატორიიდან გაიპარა, თუ მართლაც ღამურიდან გავრცელდა ადამიანზე. მოგეხსენებათ, ჯანმოს შეშვება დააგვიანა ჩინეთმა თავის ტერიტორიაზე, ვირუსის გავრცელებიდან ერთი წლის მერე შეუშვა და ისიც, როცა ჯანმოს წარმომადგნლები უნდა შესულიყვნენ უკვე ქვეყანაში, კიდევ დააყოვნა 1 კვირა. ისედაც დაგვიანებულია 1 წლის მერე გარკვევა, რა მოხდა, ძალიან ადვილია 1 წელიწადში დამალო, რისი დამალვაც გინდა და ამის მიუხედავად, 1 წლის მერეც კი, ყველა ადგილის ნახვის უფლება არ მისცა ჩინეთმა ჯანმოს წარმომადგენლებს. ახლა უკვე აშშ ითხოვს, რომ მიეცეთ საშუალება, რომ ნახონ კონკრეტულად იმ (ვუხანის) ლაბორატორიაში მომუშავე პირთა ავადმყოფობის ისტორიები, არსებობს ვერსია, რომ ისინი ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის ნოემბერში გახდნენ ავად და სწორედ ამიტომ სურდათ მათი ავადმყოფობის ისტორიების ნახვა, თუმცა, უარი მიიღო ჯანმომ ამაზე, რაც კიდევ მეტ კითხვას ბადებს. კითხვის ნიშანს აჩენს ისიც, რომ წელიწადნახევრის შემდეგაც კი, არ არის ბოლომდე დადგენილი ვირუსის გავრცელების პირველწყარო და გეტყვით იმასაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის დადგენა შემდგომი კვლევებისთვის. მაგალითად, გავიხსენებ, მერსს და სარსს, სარს1ის შემთხვევაში, 4-5 თვეში დადგინდა პირველწყარო, მერს-ის შემთხვევაში კი, 9 თვეში და ამ შემთხვევაში, წელიწადნახევრის შემდეგაც არ არის ნანახი არც ის ღამურების ჯგუფი ან ის შუალედური ცხოველი, საიდანაც ვირუსი გადაედო ადამიანს. ჩინეთის ლაბორატორია რომ მართლაც მუშაობდა კორონავირუსებზე, ეს ცნობილია და რა თქმა უნდა, ესეც კიდევ ერთი ეჭვის საფუძველია, ისევე, როგორც არ უნდა დაგვავიწყდეს, ბევრი ქვეყნის საერთო უნდობლობა ჩინეთის მიმართ. მეორე მომენტია – თუ დადგინდა, რომ ლაბორატორიიდან გაეპარათ ვირუსი, ეს დიდ პოლიტიკურ რყევებს გამოიწვევს, არ არის მარტივი, ასეთ დიდ და ძლიერ ქვეყანას დააბრალო პირველადი მონაცემის დამალვა. მართალია, ვირუსის სპეციალურად გავრცელებას ვერ დააბრალებენ, მაგრამ, ლაბორატორიიდან ვირუსის შემთხვევითი გავრცელებაც დიდ ხმაურს გამოიწვევს. აშშ და გაერთიანებული სამეფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ ჯანმო-ს მიეცეს უფლება შექმნას ჯგუფი, რომელსაც ექნება ისეთივე უფლებები, მაგალითად, როგორიც აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომელთაც შეუძლიათ ყველა ქვეყანაში გაუფრთხილებლად შევიდნენ და შეამოწმონ ლაბორატორიები. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამბობენ, რომ გვიან გამოცხადდა პანდემია, დროულად რომ ჰქონოდათ მეტი ინფორმაცია, სხვა ნაბიჯებს გადადგამდნენ. საუბრობენ იმაზეც, რომ ასეთი ტიპის შემოწმებები აუცილებელია, დროული და საჭირო ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა მსოფლიო კიდევ არ დადგეს ახალი პანდემიების საშიშროების წინაშე.
– ბევრია ასეთი ლაბორატორია, რომელიც ვირუსებზე მუშაობს? შესაძლოა, საქართველოში მდებარე ლაბორატორიაც მუშაობდეს ვირუსზე?
– არა, არა. ჩვენ არ ვართ ასეთი განვითარების საფეხურზე, არასტაბილურ რეგიონში და არასტაბილურ ქვეყანაში, ლაბორატორიებში ასეთ რამეებზე მუშაობას ვერ გარისკავდნენ, დიდ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული. უმეტესად, ასეთი ლაბორატორიები ექნება დიდ ქვეყნებს, რუსეთს, ჩინეთს, ამერიკას, გაერთიანებულ სამეფოს და ასე შემდეგ.
– ჩინეთმა თავისი ვაქცინა უამრავ ქვეყანას აჩუქა და მიჰყიდა, მაგრამ თავად, სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო აქტიურად მოსახლეობის ვაქცინაცია, მას შემდეგ, რაც უთხრეს, შენ მოსახლოებას თუ არ ცრი, სხვა ქვეყნებს როგორ აძლევ ვაქცინასო. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ახლა საკმაოდ აქტიური ტემპით ცრის მოქალაქეებს და შემოდგომაზე მორჩება, ალბათ, მოსახლეობის ნახევრის და მეტის აცრას, მაგრამ, იმ პერიოდში, როცა მსოფლიოში მეორე და მესამე ტალღები მძვინვარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აცრებს არ ატარებდა, ამ ტალღებს იქ ვერ ვხედავდით – რით აიხსნება ეს?
– მაგ შემთხვევაში 2 საკითხია, პირველი – ჩინეთი ისედაც ჩაკეტილი ქვეყანაა და რთულია იმსჯელო იმ მონაცემით, რომელიც ჩინეთიდან ვრცელდება, 2. ერთპარტიული ქვეყანაა და მძლავრი ხელით იმართება, კანონმორჩილი მოქალაქეები ჰყავთ, შესაბამისად, საჭირო ზომების გატარება და საკარანტინო პირობების შესრულება მათ ბევრად მარტივად მოახერხეს. ცოტა ხნის წინ, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში იპოვნეს დელტა (ინდური) შტამის ერთი შემთხვევა და არათუ ინფიცირებულის კორპუსის მაცხოვრებლებს, მიმდებარე სამი სახლის მაცხოვრებლებს აუკრძალეს გარეთ გამოსვლა 2 კვირის მანძილზე, ასეთი ძლიერი საკარანტინო ზომების გატარება სხვა ქვეყნებში შეუძლებელი იქნებოდა. ბევრ ქვეყანაში დღემდე აპროტესტებენ გადაადგილების უფლების შეზღუდვას, იმართება დემონტრაციებიც კი. ჩინეთში კი, რაც უნდა მკაცრი იყოს ბრძანება, მოსახლეობა ემორჩილება. სხვათა შორის, ალბათ, ვირუსების და ინფექციების ხშირი გავრცელების გამო, აზიის ქვეყნების მოქალაქეები ისედაც შეჩვეულნი იყვნენ პირბადის ხშირად გამოყენებას. ჯერ კიდევ 2015-16-17 წლებში, ევროპის ქალაქებსა და აეროპორტებში ხშირად დაინახავდი აზიელ მოქალაქეს პირბადით, რაც მაშინ, ცოტა არ იყოს, გვიკვირდა. სწორედ ამიტომ, მათ იმდენად არ გაუჭირდათ წესების დაცვა.
– სარსი და მერსიც ხომ კორონავირუსები იყო და მიუხედავად ამისა, მაშინ, მეორე ტალღა ამ ვირუსების იყო სუსტი და მერე საერთოდ გაქრნენ ისე, რომ ვაქცინაცია არც კი დაწყებულა. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ახალი და ახალი ტალღები გრძელდება და ახალი და ახალი შტამი, წინანდელზე სუსტი სულაც არაა, რით აიხსნება ეს?
– ნახეთ, რა იყო განსხვავდება, არსებული პანდემიის დროს, კორონავირუსს აღმოაჩნდა მეტი გადამდებლობა და ნაკლები ლეტალობა, სარსის და მერსის შემთხვევაში, მეტი ლეტალური შემთხვევა იყო. უსიმპტომო პაციენტი სარსის და მერის შემთხვევაში არ არსებობდა, ყველას მკვეთრად ჰქონდა სიმპტომი გამოხატული და ძალიან მაღალი რიცხვი იყო ლეტალობის. ორივე შემთხვევაში იქვე მოხდა ლოკალიზება ვირუსის, გავრცელებაც ვერ მოასწრო, იმდენად მაღალი იყო ლეტალობა. შესაბამისად, ის პანდემიები ამიტომაც დასრულდა სწრაფად. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში კი, ბევრი იყო უსიმპტომო პაციენტი, რამაც გავრცელებას ხელი შეუწყო.
კომენტარები