გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია ბოინგმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთან გააფორმა კონტრაქტი ისრაელისთვის 4 ერთეული KC-46-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე.
თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო ძალების ტრანსპორტირებისთვის, ისე მოიერიშე და სხვა ტიპის თვითმფრინავების საწვავის ავზების შესავსებად.
მიიჩნევა, რომ ეს თვითმფრინავი ისრაელის ირანზე შესაძლო თავდასხმისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სამიზნეები 2 000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ისრაელის ავიაგამანადგურებლებს კი ამ მანძილზე ფრენა და უკან დაბრუნება საწვავის შევსების გარეშე არ შეუძლიათ.
ისრაელი აპირებს, რომ KC-46-ებით განაახლოს საწვავის შემვსები თვითმფრინავების ამჟამინდელი ფლოტილია, რომელშიც შედის KC-130 Hercules-ი და მოდიფიცირებული ბოინგ 707.
კონტრაქტის მიხედვით, ისრაელი ახალ თვითმფრინავებს 2025 წლისთვის მიიღებს. ისრაელს გადაცემის ვადის დაჩქარება სურს, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ბოინგისგან თვითმფრინავების მიღების საკუთარი რიგის დათმობა მოუწევს. ისრაელის ამ წინადადებას ვაშინგტონი ჯერჯერობით უარით შეხვდა.
შეთანხმება ისრაელს $927 მილიონი უჯდება. კონტრაქტის მიხედვით, თანხა დაიქვითება $3.8 მილიარდიდან, რომელსაც ისრაელი აშშ-სგან ყოველწლიურად იღებს, ორ ქვეყანას შორის გაგების 10-წლიანი მემორანდუმის ფარგლებში.
შეთანხმების მიხედვით, ისრაელს მომავალში კიდევ 4 KC-46-ის შეძენა შეეძლება.
თვითმფრინავების შეძენა დადებითად შეაფასა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა.
“საწვავის შემვსები თვითმფრინავები, რომელთაც ვყიდულობთ, ახალი F-35-ების ესკადრილიასთან, მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენებთან, წყალქვეშა ნავებთან და თანამედროვე შეიარაღებასთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს მოემსახურება დიდ გამოწვევებში, რომელთა წინაშეც ეს ესაა დავდგებით, ახლოსა და შორს”. – თქვა განცმა.
კომენტარები