რას უყვება „ალიას“ ქართველი ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე აშშ-დან
„ალიას“ ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე ესაუბრება.
– ხათუნა, ამერიკაში, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებთან შედარებით, ამერიკაშიც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. პარალელურად ვრცელდება მოქალაქეთა მიერ გადაღებული ვიდეოები. ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ბრუკლინში, ვირუსით გარდაცვლილები სატვირთო ავტომობილით გადაჰყავთ პროზექტურებში. ამასთან, ამბობენ, რომ ნიუ–იორკის საავადმყოფოებში ადგილები არ არის და ავადმყოფები დერეფნებში წვანან. სხვა ვიდეოში კი, იმავე ბრუკლინის ერთ–ერთ საავადმყოფოში ჩვეული სიმშვიდეა, არც ერთ სართულზე, არც ერთ დერეფანში არც ერთი ავადმყოფი არ წევს. რეალურად რა ხდება?
– ნიუ–იორკში მართლაც რთული მდგომარეობაა, ვირუსი მასობრივადაა მოდებული ქალაქს. არსებობს დაავადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა და სამწუხაროდ, ეს რეალური სტატისტიკაა.სოციალურ ქსელებში ინფორმაცია ქაოტურად ვრცელდება და იმის გარჩევა, რომელია სიმართლე და რომელი ტყუილი საკმაოდ რთულია. არამგონია, სადმე ისე ცარიელი იყოს საავადმყოფო, როგორც იმ ვიდეოშია აღბეჭდილი. თუმცა პატარა საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. მდგომარეობა ინფექციის გავრცელების მხრივ, მართლაც მძიმეა ნიუ-იორკში… ნიუ–იორკი მსოფლიოს ჭიპია და უამრავი ტურისტი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ჩამოდიოდა… აქ, დღეში მილიონობით ადამიანი მოძრაობს და ბუნებრივია, ვირუსი გავრცელდებოდა. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ დახმარება სთხოვა პრეზიდენტ ტრამპს, რადგან სასუნთქი აპარატების და სხვა სამედიცინო რესურსის ნაკლებობა იყო. მკაცრი განცხადებები გააკეთა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ და მანაც დახმარება სთხოვა ფედერალურ მთავრობას. თუმცა, ახლა მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. დაამატეს სასუნთქი აპარატები სასწრაფო დახმარების 200 მანქანა, სხვა სამედიცინო საშუალებები და დეფიციტი, მეტ–ნაკლებდ, შეივსო. პირველმა შოკმა გადაიარა და ადამიანი, ხომ იცით, გამოსავალს ყოველთვის პოულობს და ეგუება. გაიხსნა საველე ჰოსპიტალი „ცენტრალ პარკში“, ნიუ-იორკში შემოვიდა, ე.წ. „მცურავი ჰოსპიტალი“, სადაც გადაუდებელ (ოპერაციების ჩათვლით) დახმარებას გაუწევენ სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს. „მცურავი ჰოსპოტალი“ კარგი გამოსავალი იყო ამ სიტუაციაში, რადგან მთელი ნიუ–იორკის სამედიცინო რესურსი გადაერთო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა შტატის გუბერნატორი და მერიც ყოველდღე იხვეწებიან – დარჩით სახლში! ნიუ-ორკს მართლაც მძიმე დღეები უდგას. დაავადდა გუბერნატორ კუომოს ძმაც… კუომომ განაცხადა, რომ მისი ძმა გონიერი ადამიანია, იცავდა სოციალურ დისტანციას მაგრამ რადაგან ხშირად უწევდა გარეთ ყოფნა (ის სიენენის კორესპონდენტია) მაინც დაავადდა, ამიტომ მთავარი გზავნილი ნიუიორკელებისთვის არის – დარჩით სახლში!!! ამჯერად ნიუ–ჯერსიში ვიმყოფები, რომელიც ნიუ–იორკთან არის მიბმული. თვითიზოლაციაშია ხალხი, მაგრამ რომ გითხრა, ადამიანები ისე არიან დაზაფრულები, რომ არ მოძრაობენ-მეთქი არ იქნება სიმართლე.. ნიუ-იორკში პირბადეებით და ხელთათმანებით აღჭურვილი დადის უმეტესობა, მე სადაც ვცხოვრობ, ჩემი სახლი წინ ტბაა და ამ წუთას რვა ადამიანი თევზაობს. სავალდებულოა 1.5–2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, და ამას წყალშიც იცავენ!. . მთლად ჩვეულებრივად არა, მაგრამ ბევრი აგრძელებს ცხოვრებას. დადის ხალხი ქუჩებში, ბავშვები გაჰყავთ სასეირნოდ, დარბიან, ვარჯიშობენ, ძალიან ბევრი პირბადისა და ერთჯერადი რეზინის ხელთათმანების გარეშეა. ერთადერთი, რაც თვალში მომხვდა, ასაკოვანი ხალხის ნაკლებობაა. ჩანს, ყველაზე მეტად ერიდებიან გარეთ გასვლას, რადგან რისკ–ჯგუფში შედიან.
– ფასები თუ გაიზარდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე?
– პირიქით, პირველადი მოთხოვნილების საკვებ პროდუქტებზე, ფასებმა პირველივე დღეებში დაიწია. ამერიკაში ბიზნესი ვერც გაბედავდა ხელოვნურად ფასების გაზრდას. ამერიკის ხელისუფლებას ამაზე აუცილებლად ადექვატური რეაქცია ექნებოდა. აქ ფორს–მაჟორის დროს მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ხელოვნურად ფასების გაზრდა საბოტაჟია სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფოს აქვს უფლება, საერთოდ ლიცენზია ჩამოართვას ასეთ ბიზნესს. რაც შეეხება გაიაფებას, ცხადია, ეს უკვე ბიზნესმა თავისით გააკეთა, ყოველგვარი მითითების და ზეწოლის გარეშე, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი დონის გამო. მწვავე დეფიციტი პროდუქტებზე არ იგრძნობა, მაგრამ დეფიციტურია პირბადეები, სანიტარული საშუალებები, ტუალეტის ქაღალდი და ეგრეთწოდებული ქაღალდის პირსახოცები, სასმელ წყალს ზოგიერთ მაღაზიაში 2 ბოთლზე მეტს ვერ იყიდით ასევეა რძეც და ქათმის ხორცი. 2 ქათამზე მეტს ერთდროულად ვერ შეიძენთ…. ხელისუფლებამ გამოყო სოლიდური თანხა ბიზნესისა და მოსახლეობის დასახმარებლად. 1200$ ერთჯერადი დახმარების სახით, დახმარებას მიიღებენ არა მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები, არამედ დახმარებას მიიღებს ყველა გადასახადის გადამხდელი. იგულისხმებიან ის ემიგრანტებიც, რომელთაც მუშაობის უფლება აქვთ.. მე ამ კატეგორიაში არ ვარ, ერთი თვის წინ მივიღე მუშაობის უფლება და მომავალ წელს მიწევს გადასახადების გადახდა. ხალხს გადაუვადეს კომუნალური გადასახადები. ვისაც ბინის ქირა აქვს გადასახდელი, იმათ სახლიდან ვერ გამოაგდებენ. გადავადდა სახელმწიფოსთვის გადასახადებს გადახდის ვადაც… მათთვის ვისაც ეს სჭირდება ბანკებმა გაუჩერეს კრედიტების პროცენტები.
– შენ სად მუშაობ?
– ვმუშაობ რადიო „საუნჯეში“, ემიგრანტებისთვის კვირაში ერთხელ მიმყავს გადაცემა, და პარალელურად, მოხუცებს ვუვლი. მაგრამ ახლა რადიო დაიხურა დროებით და მე და ჩემი 95 წლის ძალიან საყვარელი მოხუცი ბებო გამოკეტილები ვართ სახლში… შვილები მოდიან, საკვებს კართან გვიტოვებენ …სახლში არც მათ ვუშვებ… გავაუქმე მღვდლის, სანიტარის და მუსიკალური თერაპევტის ვიზიტები… მოკლედ, ნებაყოფლობით იზოლაციაში ვართ.. თუმცა არ ვიწყენ, ვწერ, ვხატავ, ვმეცადინეობ ინგლისურში .. ხან სამკაულების კეთებით ვერთობი და ხან მებაღეობით.. ამაზონიდან ყვავილების თესლები გამოვიწერე და დიდი ინტერესით ველოდები, როდის აყვავდებიან…. ქართული კულტურის ცენტრი „საუნჯე“ ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, ნიკო ნადირაშვილმა დიდი წვალებით ჩამოაყალიბა, ქართველ ემიგრანტებს და მათ შვილებს ემსახურება. მუსიკის, ხატვის ჯგუფებია. ცნობილი ქართველი პიანისტს ლევან შენგელიას „საუნჯეში“ მუსიკის კლასი აქვს . ახლა ვაპირებდით ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნასაც, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „საუნჯე“ აქ ყველა ემიგრანტმა იცის… ნიკომ ჩამოაყალიბა ბავშვთა ხალხური სიმღერის ანსამბლიც.. ზოგიერთმა ბავშვმა ქართული არ იცის მაგრამ ჩონგურს, ფანდურს და სალამურს, უნდა ნახოთ, როგორ უკრავენ! ქართული კულტურის ცენტრის ოფისი ოუშენ ავენიუზეა და ცხადია, კულტურის ცენტრი 2 მეტრიანი სოციალური დისტანცირების პირობებში, ვერ იფუნქციონირებდა და დროებით გავჩერდით.
– არც ადგილზე მიტანის, მიწოდების სერვისებს გაუზრდიათ ფასები?
– არა, ფასები არ გაუზრდიათ, მაგრამ რადგან ხალხი დაჯდა სახლში, ამ სერვისზე გაიზარდა მოთხოვნა. შესაბამისად, მიწოდებაში შეფერხებებია და შეიძლება, რაღაც შეუკვეთო და მოტანას ერთი-ორი კვირაც კი დააგვიანდეს.
– ქართველი ემიგრანტების ნაწილი, ევროპის სხვა და სხვა ქვეყნებიდან, საქართველოში დაბრუნებას ეშურებიან. ამერიკაში რა განწყობაა? ბევრს უნდა საქართველოში დაბრუნება?
– მე ძალიან ცოტას ვიცნობ ქართველ ემიგრანტს, ვისაც ახლა, ამ ვითარებაში წამოსვლა უნდა, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ასეთებიც არიან. ბევრმა ემიგრანტმა გააცნობიერა, რომ ახლა მათთვის აქ დარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოში დაბრუნება. მეც ასე ვფიქრობ. ახლა რომ საქართველოში დავბრუნდეთ და ქვეყანას ტვირთად დავაწვეთ, არ იქნება სწორი. ქვეყნის უმთავრესი ფინანსური რესურსი ემიგრანტების გზავნილი იყო, ახლა ესეც თუ შეჩერდა და წარმოიდგინე, რა დღეში ჩავარდება ქვეყანა. ქართველი ემიგრაციის უმეტესობა იმას ფიქრობს, რომ რასაც იშოვის საქართველოში დააბანდოს, გახსნას საკუთარი ბიზნესი და ქვეყნის წინსვლას შეუწყოს ხელი.. ამერიკულმა ემიგრაციამ იცის, რომ თუ ვინმე შეძლებს სწრაფად ამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევას, ერთ–ერთი პირველი ამერიკა იქნება და ნელ–ნელა დაუბრუნდებიან ძველებურ ცხოვრებას. ეს ხალხი რომ დაბრუნდეს, სამსახურს ვერ იშოვის. ვერ შექმის დოვლათს და ფინანსურ რესურს.. არ აქვს ჩვენ ეკონომიკურად სუსტ და დაუცველ ქვეყანას ახლა ის რესურსი, რომ უკან დაბრუნებული ემიგრაცია დაასაქმოს ან შეინახოს.. „უცხოობაში რაა სიამე?“ მაგრამ კარგად ვაცნობიერებ, რომ ქვეყანას უჭირს და თუ არა ჩვენ, ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად წელში გამართული ემიგრაცია, სხვა ვინ უნდა შექმნას მომავალი? მერწმუნეთ ჩინოვნიკები რომლებიც იპარავდნენ, იპარავენ და აწიც მოიპარავენ ამაზე არასოდეს იფიქრებენ, ასე რომ, ემიგრაცია მნიშვნელოვანია სეგმენტია და ახლა გამოქცევა ნამდვილად არაა გამოსავალი! აქაური ემიგრანტების უმეტესობას ურჩევნია, 2–3 თვე გაიჭირვონ, სანახევროდ იშიმშილონ და მერე, რაღაც გამოჩნდება. მთავარი ხომ იცით, იმედია და ამ ქვეყნის მთავარი სიძლიერეც ესაა, მომავლის იმედი და სტაბილურობის გარანტია!!! არის ხალხი, ვისაც პანიკური შიში აქვს, უნდა დაბრუნება, ბევრს საკუთარი თავი არ ადარდებს, საქართველოში დარჩენილ შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებზე დარდობენ და უნდათ, ამ გაჭირვების ჟამს, მათ გვერდით იყვნენ. ზოგი ფიქრობს, თუ სიკვდილი მიწერია, ჩემს სამშობლოში, ჩემს ოჯახში მოვკვდე, რაღა ამერიკაშიო. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო გადაურჩება დიდ ეპიდემიას და იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებიან.. ყველას სხავადასხვა მოტივი და ფიქრი აქვს..და სხვადასხვანაირად აღიქვამენ სიტუაციას…
– ქართველი ემიგრანტები თუ ეხმარებიან ერთმანეთს?
– სოციალურ ქსელში ჯგუფებია შექმნილი ნიუ–იორკში და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ერთმანეთს. არამარტო ერთმანეთს – შეკრებილი ვართ ჯგუფებად და ყოველთვიურად ვეხმარებით უპოვარ მოხუცებს და მრავალშვილიან ოჯახებს საქართველოში. ეს კეთილი და კარგი საქმე ჩემმა მეგობარმა მაია ფანცულაიამ ითავა 6 ემიგრანტთან ერთად. ვინც საცხოვრებლის გარეშე დარჩა, იფარავენ ერთმანეთს, ვისაც საჭმელი არ აქვს, აწვდიან. შეძლებისდაგვარად, უგვარებენ ერთმანეთს პრობლემებს.
– ურთიერთგამომრიცხავი სტატისტიკა ქვეყნდებოდა ამერიკაში ინფიცირებულ და გარდაცვლილ ადამიანებზე. ეს არ იწვევს ხალხში პანიკას?
– რასაც ვუყურებ, ვერ ვატყობ, რომ ამერიკაში პანიკაა. შიში აქვთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ერთეულები, შესაძლოა, არიან პანიკაშიც, ეს ურთიერთგამომრიცხავმა სტატისტიკამაც შეიძლება გამოიწვიოს და სხვა ფაქტორებმაც, მაგრამ აქ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების იმედი, ეს იგრძნობა და თუ პანიკა არ არის, ეს უმთავრესად, ამის დამსახურებაა. კი, ხალხი გაძლებაზეა, მაგრამ მზად არიან, უარესს გაუძლონ. ყველამ იცის, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. ამერიკელი და სხვა ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე და ადრე თუ გვიან, ეს ვაქცინა იქნება. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, რომ ხალხმა იცის, რომ სახელმწიფოს აქვს სასურსათო და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საშუალებების მარაგი, ნავთობის, გაზის, პირველადი მოხმარებისა და ა.შ. ეს მარაგები წლების მანძილზე გროვდებოდა, მერე იხარჯებოდა და ისევ ახლდებოდა. როგორც ტრამპმა თქვა, მინიმუმ 2 წელი ამერიკას აქვს რესურსი საკუთარი მოსახლეობა და ქვეყანა შეინახოს.. ქვეყანას აქვს უზარმაზარი სავალუტო რეზერვი. ეს ხალხს აძლევს დამშვიდების საშუალებას. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ბიზნესი გვერდში დაუდგა სახელმწიფოს. ტრამპი შეხვდა ამერიკელ მეწარმეებს და თანადგომა სთხოვა. აქ ჰიგიენური და ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტია. ამ შეხვედრის შემდეგ გაცხადდა, რომ „პროქტორ ენდ გემბელი“ დაიწყებს მათ წარმოებას. კომპანიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ახლა ბიზნესის კეთებისა და მოგებაზე ფიქრის დრო არ არის. იმაზე არც ვფიქრობთ, რამხელა ზარალს ვნახავთ, ახლა მთავარია ამერიკა და ამერიკელი ხალხი, მათი ინტერესები. ამერიკა უპირველეს ყოვლისა!-ასეთია დევიზი! ერთმა ქართველმა ექიმმა მოახერხა, გადამყვანების საშუალებით, რომ ერთ ხელოვნურ სასუნთქ აპარატს ორი ადამიანი მიუერთონ. ეს შეთავაზება სიხარულით განიხილეს და მიიღეს, „ჯენერალ მოტორსმა“ კი დაიწყო ამ ნოვატორული და ასევე, სტანდარტული სასუნთქი აპარატების წარმოება. ისინი ბევრად იაფი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში წარმოებული სასუნთქი აპარატები, რომლებიც დღეს იხმარება ამერიკაში. ასეთი ერთსულოვნება რომ არის, იმ ქვეყანაში ცხოვრება პანდემიის დროსაც არ შეგეშინდება.
– ნიუ–იორკში ეპიდემია რომ გავრცელდა, პირველ დღეებში მთელი ამერიკის მასშტაბით ხალხმა მასობრივად დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, რადგან იფიქრეს, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, უმართავი პროცესები დაწყებულიყო, მოროდიორობისა და სხვა კრიმინალურ შემთხვევებს მოემატა და კრიმინალებისგან თავდასაცავად შეიარაღდნენ. შეინიშნება კრიმინალის მატება?
– დეტალური სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ გაზრდილია მოროდიორობის, კრიმინალის ფაქტები. ნიუ-იორკის პოლიციამ უკვე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ობიექტების მფლობელებს, დაცვის მექანიზმები გააუმჯებესონ. ნიუ–ჯერსიში მოხდა ამგვარი რამ. ჩამოუვლიათ კრიმინალებს, ვითომ ეპიდემიოლოგიური სამსახურებიდან იყვნენ და დეზინფექცია უნდა ჩაეტარებინათ, ასე შეაღწიეს სახლებში და გაძრცვეს და დააყაჩაღეს ხალხი. ამის შემდეგ მოგვიწოდეს, რომ ფრთხილად ვიყოთ.
– ამერიკაში სავალდებულო კარანტინი არ არის?
– არა, კარანტინი სავალდებულო არ არის, ხელისუფლების რეკომენდაციაა, სახლში დარჩენა. რა თქმა უნდა, დახურულია საზოგადოებრივი ობიექტები, რესტორნები, ბარები სკოლები, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები და ისეთი სამსახურები, სადაც გავრცელების საფრთხე ნაკლებია, მუშაობს. მაგალითად ჩემი სარკმლიდან ბევრ რამეზე დაკვირვება შეიძლება. აქ ტბაა, სადაც 4 დღის წინ ავზებით მოიტანეს ცოცხალი კალმახი და მდინარეში გაუშვეს. ეკოლოგიაზე ზრუნვაც არ ავიწყდებათ..რთული სიტუაციაა, მაგრამ ცხოვრება არ გაჩერებულა…. ვისაც შიში აქვს, არის სახლში, ვისაც არა და დადიან ქუჩებში. რეკომენდაცია ნიღბებით სიარულზეც გასცეს, მაგრამ ბევრი დადის უნიღბოდ. მეტიც, ნიუ–ჯერსიში საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე სახლიდან გასვლა არაა რეკომენდირებული, ე.წ. ჩვენებურად რომ ვთქვათ, ნებაყოფლობითი კომენდანტის საათია გამოცხადებული, მაგრამ სახლიდან გამოსვლა აკრძალულ საათებშიც შეიძლება. ოღონდ, პარკში სასეირნოდ არ გაგიშვებენ, ცხადია. თუ გადაუდებელი აუცილებლობაა, კი ბატონო მიბრძანდი…
– რა შემთხვევაში მკურნალობენ მანდ კორონავირუსზე? რა სიმპტომები უნდა გქონდეს, რომ კლინიკაში დაგაწვინონ?
– სუნთქვის გაძნელება თუ არ გაქვს, საავადმყოფოში არავინ დაგაწვენს, უნდა იმკურნალო სახლში!!! ვირუსის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს და რეკომენდებული მხოლოდ სიცხის დამწევი და სითხეებია, თუ ფილტვების ანთებით არ მოხდება გართულება, რა თქმა უნდა… მიჩნეულია, რომ ადამიანების 80 პროცენტზე მეტს ეს დაავადება უპრობლემოდ გადააქვს.. საავადმყოფოში უკვე მძიმე პაციენტები ხვდებიან.
– სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ?
– რომელთა გადაყვანაც ონლაინ–რეჟიმზე იყო შესაძლებელი, გადაიყვანეს და ასე მუშაობენ.. სწავლა შეწყდა.. ცხადია, მთელი სამედიცინო სფერო მუშაობს, პოლიცია, სამაშველო სამსახურები, სახანძრო, ფოსტა, მუშაობენ ბანკებიც…
– ხათუნა, შენ საქართველოში საკმაოდ მაღალი პოსტები გეკავა. მთავარი პროკურატურის, მოგვიანებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყავი, შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველი და იგივე ფუნქცია გქონდა აუდიტის სამსახურში. იყავი საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტი. რატომ წახვედი ემიგრაციაში? რატომ გახდი იძულებული, ეს ნაბიჯი გადაგედგა?
– ჩავთვალე, რომ ჩემი შესაძლებლობები ამ ეტაპზე ამწურული იყო. მაქვს კონკრეტული მიზნები და ჩანაფიქრი, რომელიც ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, მათ შორის ჟურნალისტიკაშიც… მთავარი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ისაა, რომ ჩემი “თავისუფლების კუნძულის“ შექმნა მინდა, რაც ფინანსური რესურსის გარეშე გამორიცხულია! თავისუფლება აღმოჩნდა ჩემთვის უპირველესი ღირებულება! არანაირი სურვილი არ მაქვს, როგორც ჟურნალისტი, დამოკიდებული ვიყო რომელიმე პოლიტიკოსის, პოლიტიკური ჯგუფის ან ბიზნესმენის მიზნებსა და ინტერესებზე! მინდა ვაკეთო ის, რაც მე მიმაჩნია სწორად და სამართლიანად, და არა ის, რაც ჩემს დამქირავებელს აწყობს! ასევე არ მაქვს სურვილი, როგორც ჩინოვნიკი, დამოკიდებული ვყოფილიყავი, არა კანონზე და სამართლიანობაზე, არამედ კონკრეტული მინისტრების კეთილგანწყობაზე! ამერიკა არის ერთერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება იქნება.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
კომენტარები