არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინამ ადამიანებში თრომბის შემთხვევები გამოიწვია — ამის შესახებ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) დირექტორმა განაცხადა.
EMA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ემერ კუკის განცხადებით, სააგენტო დარწმუნებულია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი გაცილებით აჭარბებს მისი გვერდითი ეფექტების რისკს.
მისივე განცხადებით, თრომბოემბოლიის შემთხვევები არ აღემატება მოსახლეობაში ზოგადად არსებულ შემთხვევებს.
ამ დროისათვის, ევროპის მასშტაბით AstraZeneca-ს ვაქცინით 17 მილიონამდე ადამიანია აცრილი.
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში დროებით მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში დაფიქსირდა თრომბის წარმოქმნა.
მარეგულირებელ ორგანოთა განცხადებით, ეს ქმედება უბრალოდ სიფრთხილისთვის მიღებული ზომაა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ შემთხვევებთან ვაქცინა რაიმე კავშირშია. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, ვაქცინის გამოყენება გრძელდება.
თრომბი ბუნებრივად წარმოიქმნება და სულაც არ არის იშვიათი. 10 მარტის მონაცემებით, ევროპაში ვაქცინირებულ ხუთ მილიონ ადამიანს შორის თრომბი 30 ადამიანში დაფიქსირდა, უფრო ნაკლებში, ვიდრე მოსალოდნელია ბუნებრივად, არავაქცინირებულ ადამიანებში.
ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანო მკაფიოდ მიუთითებენ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.
კომენტარები