ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ოდნავი ცვლილებები შევიდა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და გასცა ლოცვა-კურთხევა, რომ ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც არის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალი, სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალ მონასტერებში წირვა-ლოცვა ღამისთევით ჩატარდება, თუმცა მრევლი ღვთისმსახურებაზე დასწრებას ვერ შეძლებს.
„მეუფე დიმიტრი კი ღვთისმსახურებას ბათუმში სამების დედათა მონასტერში აღასრულებს, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ვინც ვერ შეძლებს ტაძარში მოსვლას, ყველას მიეცემა შესაძლებლობა რომ სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება. ეს ეხება მხოლოდ მონასტრებს“ – განმარტავს იოანე გორელიშვილი.
დეკანოზის ინფორმაციით, დანარჩენ სამრევლო ტაძრებში, წირვა-ლოცვა კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, დილის 7 საათიდან დაიწყება.
„რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალ სამრევლო ტაძრებს, ყველა ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემა კომენდანტის საათთან დაკავშირებით და არ მოხდეს ამ კანონის დარღვევა.დილის 7 საათზე დაიწყება სააღდგომო ღვთისმსახურება და ისინი შეძლებენ დაესწრონ ღვთის მსახურებას რა თქმა უნდა დისტანციის დაცვით და ასევე იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული. რასაც სამღვდელოება და იქ მყოფი სტიქაროსნები გააკონტროლებენ“, – განაცხადა მამა იოანე გორელიშვილმა.
კომენტარები