მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“ავტობუსში, მაგარ ჭყლეტაში და ოფლში, ახალგაზრდა კაცი ტელეფონით ესაუბრება დედას:
– იცი რა, დე, იმ თურქეთში სირბილს, მაგან რა პირობაც დადო, ის შეასრულოს, ცხვარი აიყვანოს სადაც საჭიროა და იქ დატოვოს. ასეთი დიდი საქმე მოგვარდა, გადარჩა ის კაცი და ამას ცხვრის აყვანა აღარ უნდა?!
ფიქრი დავიწყე, სიღრმეებში წავედი: ცხვარი აიყვანოს. ანუ ცუდად იყო საქმე, ვიღაც შეიძლება კვდებოდა კიდეც და ახლობელმა ცხვარი შეუთქვა. შეიძლება რამე ბიზნესი წამოიწყო და ცხვარს მოგიყვან თუ გამოვიდაო და ახლა უნდა ჩაავლოს მატყლში და აარბენინოს სადღაც იქ.
მაგრამ ვერ მივხვდი, ვის უნდა აუყვანოს ცხვარი? როგორც ჩანს, ვიღაც სერიოზული პიროვნებაა, ვინც ადამიანების ავადმყოფობებს განაგებს, ანუ შეუძლია ხალხს რაღაც შავი ჭირი მიუვლინოს, და შეუძლია, ეგრევე გაანეიტრალოს ნებისმიერი რამ. და აი, აქ ვერ მივხვდი: ცხვარს ითხოვს? ანუ ის ვიღაც ზის და ამათგან ცხვრებს ელის? მიხვდით, რომ ამასაც ძალიან იოლად გამოსდის საქმის გაჩარხვა, ბიზნესი, ჯანმრთელობა, შვილის მოწყობა, ლატარიაში მოგება და ა.შ. ერთი ცხვარი ჯდება, ანუ 200-300 ლარი.
და ის რას უშვრება ამ ცხვრებს? ფარა ჰყავს? მწყემსია? მარტო ცხვრებს აგროვებს თუ ქათმებსაც? მაგალითად, პატარა საქმე იქნებ ერთი წითელი მამალი ჯდება?
ანუ ის პიროვნება ნახევარღმერთია, სასწაულია, ყველას თხოვნა ესმის, – მაგრამ მისი სისუსტე ცხვრებშია. გესმით? თანაც ეს უკეთეს შემთხვევაში. სხვა დროს, ამ ცხვარს იქ ბრიდავენ, მერე ატყავებენ, თვითონ ჭამენ, – ანუ ნახევარღმერთი, მედიცინისა და სხვა სასწაულების ჯადოქარი ოფსაიდში… მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც კმაყოფილია.
10 ათასი ცხვარი მაინც ეყოლება იმას. კიდევ ქათმების ფერმა, ბატკნები, იხვები, – გააჩნია ვინ რას შეუთქვამს. ნორვეგიელები შეიძლება ვეშაპებს უთქვამენ, საქმეებს გააჩნია, თუმცა უფრო საჩალიჩოა… ორი ზვიგენი და ერთი რვაფეხა და ნორვეგიის პარლამენტის წევრი ხარ ხვალიდან. ისე არ ვიცი, ევროპელებიც უთქვამენ რამე ცხოველს?
აწყობილი აქვს ცხოვრება, მოუნდა ცხვარი, – ავად გახდის ვინმეს, ესენი ცხვარს აუყვანენ, ის კმაყოფილია.
დიალოგი დედასთან ასე დამთავრდა:
– კარგი, ეგ მესმის, თუ ერთი არ ჰყოფნის, მაშინ ორი ცხვარი აიყვანოს და დაულაგდება იქ სიტუაცია.”
კომენტარები