იურისტი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
„დაღუპული, დასახიჩრებული ადამიანების სიცოცხლისა და სისხლის წილ მაინც ბედნიერები, მაინც თავისუფლები ისევ თანამდებობების მოლოდინით პოლიტიკურ ექსტაზში არიან!
სახალხო კრების ლიდერმა, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ქალმა ნინო ბურჯანაძემ, ვფიქრობ, იცოდა და უშვებდა ფაქტს, რომ 2011 წლის 26 მაისს, აქციის მიზნის მიუხედავად, დასრულებულიყო სააკაშვილის რეჟიმი, მიხეილ სააკაშვილი, მისი ფსიქოტიპის გათვალისწინებით, აღლუმს ყველაფრის ფასად ჩაიბარებდა.
გარდაუვალი ბრძოლა ერთი და იმავე პოლიტიკური წიაღის შვილებს შორის
სააკაშვილი – “სპეცნაზით”, ბურჯანაძე – ხალხით, და ალბათ, უფრო მეტი ადამიანის გამოსვლის იმედით დაიწყო და ქვეყნის ისტორიაშიც სისხლიანი ფურცლის სახით რჩება!
და მაინც გავიხსენოთ …
მას შემდეგ, რაც სიტუაცია უმართავი გახდა, სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თავის თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილების საშუალებით, რუსთაველის გამზირი დატოვა.
“მისი ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა… შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე. პირველადი დათვალიერებით, ორივე მათგანს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, რაც დამახასიათებელია ავტოსაგზაო შემთხვევებისას.” (წყარო – რადიო თავისუფლება, სტატია სათაურით – “მსხვერპლით დასრულებული აქციის ქრონიკა”)
მახსოვს სიტყვები: „– დახოცეთ ყველა, არავინ დაინდოთ!“ – ერთ-ერთ სტატიაში საუბრობს აქციის შედეგად დაზარალებული ვახტანგ ფირალიშვილი.
“ერთად ვიდექით ფურცელაძის ქუჩის კუთხესთან, როცა შემოტევა დაიწყეს. ნელ-ნელა წამოვედით, კიბეებზე გვინდოდა ასვლა, მაგრამ სპეცრაზმი დაგვხვდა და ტყვიები დაგვიშინეს. გაზის გამო იქ მხედველობა ნულის ტოლი იყო. ერთი ის მახსოვს, რომ ნიკას დავუყვირე: „- სად ხარ-მეთქი?!” დამიძახა: „- აუ, ბიჭო, ვეღარ ვსუნთქავო.“ „იქიდან გაქცევის შანსი არ არსებობდა. მერე აღარაფერი მახსოვს!“ – იხსენებს დაზარალებული რეზო რეხვიაშვილი, რომელმაც ფოტომასალაზე ამოიცნო ასფალტზე ხელებშეკრული ჯერ კიდევ ცოცხალი მისი მეგობარი ნიკა, რომლის გვამიც მოგვიანებით თავისუფლების მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს, გარდაცვალების მიზეზად კი ელექტროსადენებთან მისი შეხება დაასახელეს.
ფაქტია რომ, ოთხმეტრიან ღობეზე ის ხელებშეკრული ვერ ავიდოდა…
როგორ მოხვდა სპეცრაზმელების მიერ დაკავებული და ბორკილებდადებული კვინტრაძე მაღაზიის თავზე?!
„იყო კვამლი, ისროდნენ რეზინის ტყვიებს. დავიწყე ყვირილი: – ჟურნალისტი ვარ და გამიშვით-მეთქი, მაგრამ ჩემმა ყვირილმა არ გაჭრა. ალყა შემომარტყა ათამდე სპეცრაზმელმა და დამიწყეს ცემა.”- თაზო კუპრეიშვილი, ”ნეტგაზეთის”ჟურნალისტი.
საუბედუროდ ეს ხელისუფლების მიერ ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიება იყო, სადაც მომიტინგეებს, რომლებიც ლეტალურ იარაღს, წყლის ჭავლს, ხელკეტებსა და ცრემლსადენ გაზს გაექცნენ, რუსთაველის ქუჩიდან ყველა გასასვლელი ჩაუკეტეს და მიზანმიმართულად ესროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არანაირ წინააღმდეგობას არ წევდნენ.
„ჩვენ საქმეში გვაქვს არაერთი მოწმის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ სამართლდამცავებს კორიდორები ჰქონდათ მოწყობილი და იქ გაატარეს დაკავებულები, სადაც სცემდნენ ხელკეტებით”, – პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.
მერაბიშვილის აღიარება:
“ვერ შევძელი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოგვემზადებინა ისე, რომ კრიზისულ სიტუაციებში მათ შეძლებოდათ საკუთარი თავის გაკონტროლება. ეს მათი ბრალი არ არის, ჩემი ბრალია!” (წყარო – „ალია“, 27.04.2020)
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს 26 მაისის ღამის კოშმარი მსხვერპლითა და სისხლის გუბეებით!
წლები ვერ კურნავს გარდაცვლილი თუ ფიზიკურად დასახიჩრებული, მორალურად განადგურებული ადამიანებისა და მათი ოჯახების ტკივილს…
დრო გადის! დღეს დამრიგებლური ტონით დასავლური ფასეულობებისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მებრძოლებად გაერთიანებულ ოპოზიციაში, ერთმანეთის გვერდით მშვიდად, აუღელვებლად მომუსაიფე სახეები მოგვიწოდებენ.
და მხოლოდ სახეები კი არა, ზუსტად ამ დღის სისხლიან ისტორიაში ხელებგასვრილი უშუალო მონაწილენი!!!
მოკლე პოლიტიკური მეხსიერება ჰქონიათ…
და ადამიანობა?!
დაღუპული, დამარცხებული, დამტვრეული, ადამიანების წილ თავად გადარჩენილები, მაინც თავისუფლები, მაინც ბედნიერები, ისევ თანამდებობების მოლოდინით…
პოლიტიკურ ექსტაზში არიან…“
კომენტარები