ნანა სულავა, ალია
აფხაზეთის მთავრობაში ახლა რაც ხდება, ამ მოსალოდნელ ლოგიკურ შედეგზე კარგა ხნით ადრე „ალიას“ ფურცლებზე ჩემს სტატიებს მკითხველი ადვილად გაიხსენებს, მაგრამ თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დევნილებისთვის გამოყოფილ ფულს აფხაზეთის მთავრობა, ერთ-ერთ ონლან-კაზინოში რიცხავდა, ეს ნამდვილად ჩემთვისაც კი შოკი იყო.
რასაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აკეთებდა თავის მაფიასთან ერთად, ამის შესახებ სისტემატიურად იბეჭდებოდა მამხილებელი კრიტიკული წერილები, მაგრამ სანამ მაფიიის მიერ შექმნილი შავბნელი რეზერვუარი პირამდე არ აივსო სხვადახვა სახის ბოროტმოქმედებებით, მანამ გენერალურმა პროკურატურამ არ შეიპატიჟა აფახაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, თუმცა კოჰაბიტანტური ილეთების შესაბამისად, შეთავაზებები გაუკეთეს და გამოუშვეს. გამოშვებულებმა სიხარულით მიიღეს შეთავაზებები და გადადგნენ თანამდებობებიდან, ახლა კაბინეტებიდან სახლებში გრილდებიან, ასე რომ, ვაჭრობის პირველი ტური უკვე გაიმართა, ხოდა ახლა ვისაც უნდა იმას მიაბრძანებს „ოცნება“ ვირის აბანოში, ეს ხომ რეჟიმის შესანარჩუნებლად არის საჭირო. ეს ბატონებო, ამ რეჟიმების „მამის“ შევარდნაძის შემუშავებული ილეთებია და ამ მეთოდის მიხედვით ახლა ზის ციხეში, ერთ-ერთი მეისრე, ეს აფხაზეთის მთავრობის სიპის უფროსი ირაკლი დარცმელიაა, რომელის დანაშაულიც ცხრა წლიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხედავთ როგორ აბრიყვებენ ხალხს?! დარცმელია მარტო თავის სურვილით ჩადიოდა ამ დანაშაულს?! მას ზემოდან არ ავალებდნენ? მაგრამ ჯერ წვრილფეხობას მიადგნენ, ღლავები გარეთ არიან და მაფიის „ბოსი“ კი თავის კაბინეტიდან არ გამოდის, ვაჭრობა მიდის ჯერ ციხეში ჩასასმელად, მერე გამოსაშვებად, სწორედ ისეთი სიტუაციაა, რომ აუცილებლად დუმბაძის გმირი მოშიაშვილი გაგახსენდება, ციხიდან მას იმიტომ უშვებენ შეიკრიბებიან მისი თანამოძმენი და მის წონა ფულს დადებენ, რომ პირი არ მოაღოს, თორემ დიდი ღლავები მის გვერდით აღმოჩნდებიან, ზოგიერთი მინისტრიც ამიტომ გამოუშვეს პროკურატურიდან… მაგრამ სიპის უფროსს კი უთვლიან თურმე „თუ, ძმა ხარ, პირი არ მოაღო, ციხიდან გამოგიყვანთ, ჩვენ შენი იმედი გვაქვს, შენ კი ჩვენი, ღმერთმა ნუ მოგიშალოსო“…
მაგრამ ახლა გონიერი მკითხველიც იკითხავა, ნეტა, რა მოხდა? „ოცნება“ აფხაზეთის მთავრობას რაღა ახლა მიადგა? მანამდე არ იცოდა რა ხდებოდა? საინტერესოა, რას ფიქრობს თავად აფხაზეთის ქართული დიასპორა, თორემ მე კი ვიცი რატომაც მიადგა.
ამ თემაზე „ალიას“ ესაუბრება „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ ერთერთი ლიდერი კობა ჭითანავა:
-თქვენ, ბატონო კობა, როგორ ფიქრობთ მაინცდამაინც ამ არჩევნების წინ რატომ შეარჩია „ოცნებამ“ დრო, აფხაზეთის მთავრობის პირველი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე ასე ხმაურით დაწყებულიყო გამოძიება?
-სხვათაშორის აუდიტი „ალიაში“ გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ შევიდა აფხაზეთის მთავრობაში და დაიდო დასკვნა, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, ამაზე მეტი სიმძიმის დანაშაულებებიც ხდებოდა.
-დევნილთა კუთვნილი თანხები კაზინოში ირიცხებოდა და ამაზე მეტი რაღა უნდა ჩაედინათ?
-გეთანხმებით, მაგრამ როცა ქვეყანაში შიმშილია და პანდემია მძვინვარებს, ერთი მილიონი გადაირიცხა ბიუჯეტიდან აფხაზეთის მთავრობაში, რომ პანდემიის პერიოდში დევნილ მოსახლეობას მოხმარებოდა ეს თანხა, მაგრამ ყველა ეს თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა, ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რაც ხდებოდა აფხაზეთის მთავრობაში, მაგრამ არ რეაგირებდნენ. ახლა კი თუ რატომ შეარჩია ეს დრო, მე ჩემს ვერსიაზე მოგახსენებთ:ის რომ რუსლან აბაშიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პროტეჟეა ყველამ იცის, ამასწინათ პრეზიდენტმა ნისკარტი ჩასცხო „ოცნებას“: რა არის ამ ქვეყანაში ერთპარტიული მთავრობა უნდა იყოსო? ცვლილებებია საჭირო მრავალპარტიულობისკენო, ესეც პრეზიდენტის პოლიტიკური ერთგვარი ილეთია, ის არ გულისხმობს განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიების კოალიციურ მთავრობის ფორმირებას, მაგალითად ისეთს როგორიც გენერალ დე გოლოს მთავრობა იყო, 1944-1946 წელს, სადაც იყვნენ ბურჟუაზიულ დემოკრატები, კათოლიკე პოლიტიკური პარტიები, იყვნენ სოციალისტები და კომუნისტებიც. საქართველოს პრეზიდენტი კი გულისხმობს ერთიდაიგივე იდეოლოგიის და მორალის მქონე პარტიებს, ამ მხოლოდ ილუზიის შექმნა უნდა მრავალპარტიულობის სახელით.“ოცნებამ“ თავისი საპასუხო ვექტორი პრეზიდენტის პროტეჟესკენ მიაბრუნა და ამიტომაც მიაკითხა სწორედ ახლა პრეზიდენტის პროტეჟეს. მანამდე კი იყო გასუსული. თავის დროზე ყველას უკვირდა, რატომ დაინიშნა, პირწავარდნილი ნაციონალი რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, ისიც ხომ იცოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს, როცა ესტონეთში იყო საქართვლოს ელჩი, ესტონეთის მთავრობამ მალევე გამოუშვა, ან ის არ იცოდნენ, რომ ტერმინი „ზემო აფხაზეთი“ რუსლან აბაშიძის ექსკლუზივია, მისი მონათლულია კოდორის ხეობა, ან ის არ იცოდნენ, ცხინვალთან დაკავშირებით რუსლან აბაშიძემ დავით იაკობაშვილთან ერთად მორიგი დანაშაული ჩაიდინა – 1990 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან გამოყოფილი ახალგორის რაიონი 2006 წელს, უკან მიუერთა სამხრეთ ოსეთს იაკობაშვილმა და აბაშიძემ. და ასეთი კაცი რატომ დანიშნეს ასეთ თანამდებობაზე?! და ისიც გავიხსენოთ, ყოფილმა პრემიერ მინსტრმა გიორგი გახარიამ რუსლან აბაშიძე დაიბარა და გააფრთხილა, განცხადება დაეწერა და გადამდგარიყო. თუმცა სანამ აბაშიძე გადადგებოდა, მანამდე თვითონ დატოვა პოსტი.
-თქვენ ფიქრობთ, გახარია შეძლებდა აბაშიძის განთავისუფლებას?
-ესეც საფიქრალია, რადგან აბაშიძეს პატრონობს ორი ქალბატონი, ერთი საქართვლოს პრეზიდენტი, მეორე მისი მოდელი მეუღლე. ახლა ამ დაჭერებით აგორებული სკანდალით საქართველოს პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა,რუსლან აბაშიძე რომ კორუფციით იყო დაკავებული და არა სახელმწიფოსა და დევნილების პრობლემებით, ეს მის პოსტზე დანიშვნისთანავე სულ მალე გამჟღავნდა. მთავრობის თავმჯდომარე, უკანასკნელ იმედსაც უკარგავდა დევნლებს და ღიად აცხადებდა: დაივიწყეთ აფხაზეთიო, მას რა თქმა უნდა ხმაც არ ამოუღია და არცა ანაღვლებდა, რუსეთის ფედერაციასა და დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ დადებულ ხელშეკრულებაზე, ხმა რა ამოუღია სოხუმის იზოლატორში გამომწყვდეულ, ნაწამებ ირაკლი ბებუას შესახებ, რომელმაც ორი ერის შერიგებისათვის, გაერთიანებისათვის სეპარატისტების დროშა დაწვა, მარტო „ალია“ წერდა ამ ფაქტის შესახებ, ამ სტატიების შემდეგ ახსენა მისი სახელი მმართველმა პარტიამ.
– როგორ ფიქრობთ, თუ რუსლან აბაშიძეს გახარია სამსახურიდან უშვებდა, „ოცნებამ“ რატომ დაიტოვა?
-იმიტომ რომ პრეზიდენტის ფაქტორმა თავის როლი შეასრულა, მაგრამ როგორც კი გაანაწყენა პრეზიდენტმა „ოცნება“, დაჭერებიც დაიწყო. ვერ გეტყვით აწი შეძლებენ თუ არა ქალბატონები დაიხსნან აბაშიძე.
– თქვენ როგორ ხსნით რაღა დარცმელია დაიჭირეს?
-სწორედ ეს არის საკვირველი, ეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტი ჯგუფურად შექმნეს, რათა სიპის კუთვნილ თანხებს დაუფლებოდნენ, დარცმელია, უეჭველია, რომ მარტო არ არის ამ საქმეში, ამიტომ აფხაზეთის მთავრობის პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ამ თემის სიმძიმიდან გამომდინარე, გადადგა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, უნდა დადგეს თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის პასუხიმგებლობის საკითხი, თუ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მან პასუხი უნდა აგოს, მითვისებული მილიონები უნდა დააბრუნონ და მოხმარდეს დევნილ მოსახლეობას, ბევრი მათგანი დღემდე უკიდურეს პირობებში ცხოვრობს. გამოძიება გრძელდება, იმედი მაქვს თავის სამართლიან სიტყვას იტყვის პროკურატურა ამჯერად მაინც.
-თქვენმა ორგანიზაციამ „მოძრაობა საქართვლოსთვის“ რა რეაგირება მოახდინა შექმნილ მდგომარეობაზე?
– ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესებში, რასაც ადრე ვითხოვდით დღესაც ამას ვითხოვთ: სასწრაფოდ ჩატარდეს ინსტიტუციონალური რეფორმა, რათა ეს ორი დესტრუქციული უწყება აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მთავრობა ამის შემდეგ მაინც, დევნილთა პრობლემებით დაკავდეს, აწი მაინც მიზნად დაისახოს აფხაზეთის დაბრუნება და ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ მხრივ და არა ეს სამინისტრო, არ იყოს ფულის საკეთებელი უწყება.
კომენტარები