C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანები იმ პერიოდში ვადაგასული წამლით არ მკურნალობდნენ, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც აღწერილია, რომ 2018 წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უვარგისი გახდა.
„პირველ რიგში, დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით ? – არა, რადგან განსხვავებით 2015/2016 წლებისგან პაციენტების მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები. 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად მოძიება პაციენტების ამ პროგრამაში ჩასართავად.
მეორე, მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით? – არავითარ შემთხვევაში. ამ პერიოდში ჩვენ უკვე შემოსული გვქონდა ახალი პარტია „ჰარვონის”, რომელიც იყო ახალი, ვადიანი”
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარი მილიარდის ღირებულების წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში” ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.
კომენტარები