სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 561 633 739 ლარი შეადგინა. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში კი მითითებულია, რომ იგივე 2019 წელს, შსს-ში შრომის ანაზღაურებისთვის 90 მილიონი ლარით ნაკლები, 471 502 200 ლარია გახარჯული.
აუდიტის მიხედვით, 2019 წელს შსს-მ 561,6 მილიონი ლარი „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გასცა როგორც:
- თანამდებობრივი სარგო – 437 241 607 ლარი
- წოდებრივი სარგო – 9 801 526 ლარი
- პრემია – 10 418 071 ლარი
- დანამატი – 104 172 535 ლარი
ამასთან, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს, ხოლო სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს,“ – აცხადებს აუდიტი.
თუმცა, აუდიტის დასკვნით, 2019 წელს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, რამდენიმე შემთხვევაში ზემოაღნიშნული ზღვრები დაცული არ იყო.
აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ კანონის მიხედვით სახელფასო დანამატი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრულ თანხას.
თუმცა, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ ზოგიერთ თანამშრომელს, 2019 წლის პირველი იანვრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში, დაენიშნათ ყოველთვიური დანამატი [ამ თანხამ კი 2019 წლის მანძილზე 7 346 754 ლარი შეადგინა, რომელიც 2 686 თანამშრომელზე ნაწილდება].
„ზეგანაკვეთური სამუშაო რეჟიმი დამახასიათებელია სამინისტროს სისტემისთვის, თუმცა მინისტრის ბრძანებით არ იყო დაკონკრეტებული, თუ რა სამუშაო ან დამატებითი ფუნქცია უნდა შეესრულებინა კონკრეტულ პირს,“ – აცხადებს აუდიტი.
„გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გაიცა უარყოფითი დასკვნა…“ – აღნიშნულია გენერალური აუდიტორის მიერ შს მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის 2020 წლის 29 დეკემბერს მიწერილ წერილში.
თუმცა, “ალია” აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ აუდიტის დასკვნა 2019 წელს ეხება და 2019 წლის 8 სექტემბრამდე შს მინისტრი გახარია გახლდათ, შესაბამისად, თითქმის მთელ 2019 წელზე ის არის პასუხისმგებელი, აი, 2020 წლის აუდიტის დასკვნა კი, მთლიანად გომელაურის თავსატეხი იქნება.
აუდიტმა მინისტრს რეკომენდაციებიც გაუგზავნა.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლში 2020 წელს 498 მილიონი ლარი იყო გაწერილი; 2021 წლისთვის კი, სამინისტროსა და მის სტრუქტურებში დასაქმებული 30 500 თანამშრომლისთვის ჯამში 525 მილიონ 200 ათასი ლარია გაწერილი.
კომენტარები