მომღერალი გიორგი ძოწენიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ „ავერსის“ პრიზი, რომელიც კომპანიამ „მხოლოდ ქართულის“ ფინალში გადასცა, არ არსებობდა, მათ ახალ წინადადებას სთავაზობს:
“მწერენ და მირეკავენ ჩემი მეგობრები, გულშემატკივრები და მეუბნებიან, რომ არ ვინერვიულო ნეგატიურ კომენტარებზე… პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. ზუსტად ეს არის შეუფასებელი და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამისთვის.
ამიტომ მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ: ამ პროექტთან დაკავშირებული და ზოგადად ყველა ჩემი (როგორც მომღერალი გიორგი ძოწენიძე) გადაწყვეტილება, ვცდილობ ატარებდეს ჩემი გულშემატკივრების ინტერესებს, რადგან თქვენ მიმიყვანეთ იქამდე: სადაც ვარ და რაც მივიღე, ყველაფერი თქვენი დამსახურებაა.
ყველამ ვიცით ჩემი სტივი ვანდერის საჩუქრის შესახებ უკვე. მოხდა შეცდომა და ამ შეცდომამ გამოიწვია ჩემი და ჩემი გულშემატკივრების დიდი ემოცია, რასაც შესაბამისად ასეთივე დიდი იმედგაცრუება მოჰყვა. არ ვითხოვ და მით უმეტეს არ მოვითხოვ არაფერს.
შეცდომის გამოსასწორებლად “ავერსს” ვთავაზობ, რომ გააკეთოს ქველმოქმედება (ოპერაცია გაუკეთდეს უფასოდ ადამიანს, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, ან გადაურიცხონ თანხა ვისაც ამ მომენტში იმაზე მეტად სჭირდება დახმარება, ვიდრე მე ან სტივის კონცერტი, ან სტინგის, ან მადონასი.)
ეს იქნება, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.
ეს ყველას გაუხარდება იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი სტივის კონცერტზე წასვლა და დასრულდება ეს ამბავი სიყვარულით, თანადგომით და პატივისცემით.
ამ იდეას ორი დღეა მათთანაც ვაჟღერებ და რადგან ამ ყველაფერმა საჯარო სახე მიიღო, ვფიქრობ, ჩემი ზოგადი დამოკიდებულება უნდა იცოდეთ ყველამ.
“ავერსი” ახლა ჯერი თქვენზეა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც შეგვეფერება. რა თქმა უნდა, თქვენი ნებაა რას იზამთ.
სიყვარულით თქვენი ძოწე.”
კომენტარები