მადონა პირველაშვილმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, კორონავირუსის გადატანის მიუხედავად, ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა – როგორ ჩაიარა ვაქცინაციამ, ამ თემაზე ის “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
მადონა პირველაშვილი:
– მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მარტში გადავიტანე, მაინც გადავწყვიტე, ვაქცინა გამეკეთებინა, გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ერთმა ექიმმა მიპასუხა, ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია ვირუსით ხელახლა დაინფიცირება. შესაძლებლობა გაჩნდა და გადავწყვიტე, აცრა გამეკეთებინა, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი.
პირველი აცრა მალევე ჩავიტარე და, შესაბამისად, ინსტრუქციაც მივიღე, თუ რა ტკივილები შეიძლება მოჰყოლოდა აცრას.
ავიცერი დილით და ნაშუადღევს სახსრების და თავის ძლიერი ტკივილი დამეწყო, ისეთი ძლიერი, რომ ტკივილგამაყუჩებელი დავლიე. ტკივილები, დაახლოებით, დღე-ნახევარი გამიგრძელდა. ჩემ თანამშრომლებს, მაგალითად, ნაწილს – მხოლოდ აცრის ადგილი ასტკივდათ, ნაწილს – მხარი. როგორც ვირუსის მოქმედებაა ინდივიდუალური, ზუსტად ასე, ინდივიდუალურად გამოვლინდა ვაქცინის შემდგომი პერიოდიც.
პირველი აცრიდან 3 კვირის შემდეგ ვაქცინის მეორე დოზაც მივიღე და ისევ დღე-ნახევარი მტკიოდა სახსრები.
ბრუკლინში, სარეაბილიტაციო ცენტრში ვმუშაობ, ჩვენთან “ფაიზერის” ვაქცინა შემოიტანეს. ეს სამედიცინო დაწესებულებაა და სიმართლე გითხრა, რადგან ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითია, მსურველთა რაოდენობა 50/50-ზეა. ვაქცინის გაკეთების შემდეგ ყველას სხვადასხვა ჩივილი ჰქონდა – ზოგს სახსრების ტივილი, თუმცა უფრო ნაკლები ხანგრძლივობის, ვიდრე – მე, ზოგს კი საერთოდ არაფერი უგრძნია.
ვირუსის მხრივ სიტუაცია სტაბილურია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს და ნიღბის გარეშე შესვლა აკრძალულია. მომსახურეობის სფეროში წესები მკაცრია და ყველგან წინასწარ ჩაწერაა საჭირო.
კომენტარები