აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაირაქთარები გამოიყენეს.
აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ 25 მარტს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა და განიხილეს არსებული სიტუაცია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო ძალებია განლაგებული.
აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ 26 მარტის დილით, არალეგალური სომხური შეიარაღებული რაზმების წევრებმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების დივერსია სცადეს. გადაუდებელი ზომების შედეგად სომხური არალეგალური შეიარაღებული რაზმების წევრები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ეწინააღმდეგება ორმხრივი ურთიერთობების არსს და ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 22 თებერვალს ხელმოწერილ დეკლარაციას მოკავშირეთა ურთიერთობის შესახებ.
“აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო სთხოვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სრულად გაიყვანოს სომხური არმიის ნარჩენები და არალეგალური სომხური შეიარაღებული რაზმები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ დებულებების შესაბამისად. გთხოვთ, ერთობლივი განცხადებისას, არ გამოიყენოთ ტერმინი „მთიანი ყარაბაღი“ და სწორად მიუთითოთ აზერბაიჯანის ტერიტორიების სახელები.” – წერია განცხადებაში.
კომენტარები